ქუთაისში, ყოფილი ტროლეიბუსების #1 ქვესადგურისშენობის
თანამშრომლები ხუთი თვეა ხელფასს ელოდებიან.
მათთვის ფინანსური ანაზღაურება ქუთაისის მერიას საწარმოს
გაყიდვის შემდეგ უნდა გადაეხადა. ყოფილი საწარმოს თანამშრომლების
სახელფასო ანაზღაურება 4 000 ლარს შეადგენს. თვითმმართველობაში
აცხადებენ, რომ მას სასამართლოს გადაწყვეტილების არსებობის
შემთხვევაში გადაიხდიან.
ადგილობვრივმა ხელისუფლებამ, წერეთლის ქუჩა #21ა-ში მდებარე მიწის
ნაკვეთი და საწარმოს შენობა, გასულ წელს აუქციონზე 177 000 ლარად
გაყიდა. მერიას ობიექტის გაყიდვის შესაძლებლობა მას შემდეგ მიეცა, რაც
სააქციო საზოგადოებასა (რომლის საკუთრებას წარმოადგენდა ტროლეიბუსები,
მთავარი სამმართველო, ფარეხი და ხუთი ქვესადგური) და მერიას
შორის 2008 წელს ჩუქების ხელშეკრულება გაფორმდა.
მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულების (2.10.2008#296) თანახმად,
ადგილობრივმა ხელისუფლებამ სააქციო საზოგადოებაში, იმ მომენტისთვის
არსებული საგადასახადო და სახელფასო დავალიანების დაფარვის
ვალდებულება იკისრა. თუმცა, იმპირობით, თუკი ნაჩუქარი ქონება
გაიყიდებოდა.
ინგა ბალანჩივაძე ერთ-ერთია, რომელიც უკვე ხუთი თვეა თანხის მიღებას
ელოდება. მან სააქციო საზოგადოება "ტროლეიბუსების საწარმოში"
ელექტრომექანიკოსად 35 წელი იმუშავა. აქედან, ბოლო 3 წლის
განმავლობაში კი ხელფასი არ მიუღია.
ის გვიყვება, რომ 2008 წელს ქვესადგურმა ფუნქციონირება შეწყვიტა, ხოლო
ერთსართულიანი შენობა-ნაგებობა 2010 წელს განადგურდა.
68 წლის ქალს ნერვული დაავადება აწუხებს. მისი ერთადერთი შემოსავალი
პენსიაა, რომელიც თვიდან თვემდე წამლების შესაძენად არ ჰყოფნის.
უსახსრობის გამო, ის სრულფასოვან გამოკვლევასაც ვერ იტარებს.
ინგა ბალანჩივაძე კურნალობის ჩასატარებლად იმ ფულის მიღებას ელოდება,
რაც ხელფასის სახით ეკუთვნოდა. ეს კი 1000 ლარამდე თანხას
შეადგენს.
ტროლეიბუსების #1 ქვესადგურის ელექტრომექანიკოსმა იცოდა, რომ
ანაზღაურებას მაშინ მიიღებდა, როცა ყოფილი სამსახურის ტერიტორია
გაიყიდებოდა.
"ველოდებოდი მიწა როდის გაიყიდებოდა. გაიყიდა და იქნებ მივიღო ჩემი
კუთვნილი თანხა," - ამბობს ინგა ბალანჩივაძე. მის მსგავსად, სახელფასო
დავალიანების მიღებას ტროლეიბუსების #1 ქვესადგურის ორი თანამშრომელი
ელის.
ქუთაისის მერიის იურიდიულ განყოფილებაში განმარტავენ, რომ
"ტროლეიბუსების საწარმოს" 79 თანამშრომლიდან თანხით მხოლოდ ნაწილი
დააკმაყოფილეს. სამსახურის უფროსის, ირაკლი გიორგაძის ინფორმაციით,
მათი სახელფასო დავალიენებისთვის 50 000 ლარამდე თანხა ეტაპობრივად
გაიცა.
იურისტის განმარტებით, ის მხოლოდ იმ თანამშრომლებმა მიიღეს, ვინც
სასამართლოს განჩინებაში იყო მოხსენიებული.
"თუკი აღნიშნული პირები სასამართლოს გადაწყვეტილებას წარმოადგენენ,
აუცილებლად მოხდება მათი დაკმაყოფილებაც," - ამბობს ირაკლი გიორგაძე
#1 ქვესადგურის სამი თანამშრომლის შესახებ.
ისინი კი ჩვენთან საუბარში აცხადებენ, რომ სასამართლოსთვის
ინდივიდუალურად არ მიუმართავთ, რადგან #1 ქვესადგურის დირექტორმა
უწყებაში საერთო განცხადება წარადგინა.
"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ქუთაისის ფილიალში განმარტავენ, რომ
ამ ტიპის საქმეებზე ხანდაზმულობა არ ვრცელდება.
"თუ პირი წარადგენს შესაბამის მტკიცებულებას, რომ მას ეს ხელფასი არ
მიუღია, სასამართლო მას დააკმაყოფილებს," - ამბობს საია-ს იურისტი,
თამარ ფაჩულია.
ინგა ბალანჩივაძე ამბობს, რომ რთული ჯანმრთელობის მდგომარეობის
მიუხედავად, თანხის მისაღებად იბრძოლებს.
"ჩემი შვილი დამეხმარება. ის წავა სასამართლოში ჩემს ნაცვლად, სამი
წლის ნამუშევარს არ დავკარგავ," - განგვიმარტა ქვესადგურის ყოფილმა
ელექტრომექანიკოსმა.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქუთაისში წერეთლის
ქუჩა #21ა-ში მდებარე 921 კვ.მ მიწის ფართობი და 288,36კვ.მ
შენობა-ნაგებობა მერიამ გასული წლის სექტემბერში აუქციონზე გაიტანა.
ის შპს "ეიდიეს ინტერნეიშენელმა" შეიძინა.
სააგენტოს მონაცემებითვე ირკვევა, რომ კომპანიის მესაკუთრე და
100%-იანი წილის მფლობელი ინდოეთის მოქალაქე ლაჯპატ რაი პაჰუჯაა.
შეძენიდან რამდენიმე თვეში, შპს "ეიდიეს ინტერნეიშენელის" საკუთრება
"სითი ქონსთრაქშენმა" იყიდა. ამ უკანასკნელის მესაკუთრეც, ასევე
ინდოეთის მოქალაქეა.
"სითი ქონსთრაქშენის" ქართველი წარმომადგენლის, ლაშა გოგოლაშვილის
ინფორმაციით, ყოფილი ქვესადგურის ტერიტორიაზე საცხოვრებელი კორპუსი
აშენდება. სამუშაოები კი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს
მხირდან ნებართვის გაცემის შემდეგ დაიწყება.
ლაშა გოგოლაშვილის ინფორმაციით, ინდოელი ინვესტორი ქვესადაგურის
თანამშრომელთა სახელფასო დავალიანების შესახებ ინფორმაციას არ
ფლობს.
ქუთაისში პირველი ტროლეიბუსი 1949 წელს გამოჩნდა. ის საბჭოთა პერიოდში
და დამოუკიდებლობის წლებშიც, ქუთაისში ყველაზე იაფი ტრანსპორტი იყო.
ტროლეიბუსით მგზავრობა 20 თეთრი ღირდა.
მასალის გამოყენების პირობები