საზოგადოება
ცხოვრება 90 ლარად – ქურასბედიანების გასაჭირი
FaceBook
ქუთაისში მცხოვრებ, აფხაზეთიდან დევნილ ქურასბედიანების ოჯახს სოციალური შემწეობა გასული წლის აპრილიდან შეუჩერდა. ქურასბედიანები ფულადი დახმარების აღდგენას უკვე თვეებია ითხოვენ.

გულრიფშიდან დევნილი ოჯახი, ქუთაისში, დევნილთა დასახლებაში, ყოფილი საბავშვო ბაღის პირველ სართულზე ცხოვრობს.

ბეტონის იატაკი, მოძველებული ტახტი, ერთი ძველი მაგიდა და ორი სკამი, ტანსაცმლის ჩამოსაკიდის ფუნქციაშეთავსებული წიგნების თარო, კარ-ფანჯრები, რომლებიც ნაპრალების გამო, სიცივეს ვერ იკავებენ და შეშის ღუმელი -  ეს  ქურასბედიანების ოთხსულიანი ოჯახის ერთადერთი საცხოვრებელი სახლია.






ოჯახის დიასახლისის, მანანა გვარამიას თქმით, ოთხსულიან ოჯახში ყველა უმუშევარია. როგორც ის განმარტავს, ფულადი დახმარების  შეწყვეტამდე ოჯახის შემოსავალი 242 ლარს შეადგენდა: 152 ლარი ფულადი შემწეობის, ხოლო 90 ლარი დევნილებისთვის განსაზღვრული.

სოციალურად შეჭირვებული ოჯახი უკვე 11 თვეა 90 ლარით ირჩენს თავს.

ქურასბედიანები განმარტავენ, რომ სოციალური შემწეობიდან ფულადი დახმარების მიმღები 2015 წლის აპრილიდან არიან. მაშინ დევნილ ოჯახს სოციალურმა სააგენტომ 41 000 ქულა მიანიჭა. 

თუმცა, ქურასბედიანებმა, სააგენეტოს მიერ  ოჯახის სოციალური მდგომარეობის  ხელახალი გადამოწმების შედეგად,  68 000 ქულა მიიღეს. რის გამოც, მათ ყოველთვიური ფულადი დახმარების მიღება შეუწყდათ. ისინი ამ დროისთვის სოციალურად დაუცველთა ბაზაშიც კი არ არიან.  

"ეს არის უსამართლობა. ჩემს ოჯახში  არაფერი შეცვლილა უკეთესობისკენ  და რატომ გვაქვს  ამდენი ქულა ვერ ვხდები. ერთადერთი ცვლილება ის არის, რომ ოჯახის მეხუთე წევრი დააკავეს ბოლო ერთი წლის მანძილზე. ასევე, ჩემს მეუღლეს აქვს ჯანმრთელობის პრობლემა და ოპერაცია ესაჭიროება", - ამბობს ოჯახის დიასახლისი, მანანა გვარამია.

ის გვიყვება, რომ ოთხსულიან ოჯახში ჯანმრთელობის პრობლემაც დგას. მანანა გვარამიას თქმით, მას შემდეგ, რაც ისინი ფულადი დახმარების გარეშე დარჩნენ, ავადმყოფებისთვის სასიცოცხლოდ  მნიშვნელოვანი წამლების ყიდვას ვერ ახერხებენ. 

სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრში აცხადებენ, რომ ოჯახისთვის სოციალური შემწეობის გაუქმების საფუძველი დემოგრაფიული ცვლილება გახდა. მათი თქმით, სოციალურად დაუცველების მონაცემთა ერთიან ბაზაში დარეგისტრირებული ვერ იქნება პირი, რომელიც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება.

"გაუქმების მიზეზში წერია, რომ ოჯახმა არ მისცა სააგენტოს უფლებამოსილ პირს დოკუმენტის ან ქონების დათვალიერების უფლება", – ამბობს სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფროსი, ნინო ჭიღლაძე.

თუმცა, აღნიშნავს, რომ ოჯახის  მძიმე სოციალური ფონის და  ქურასბედიანთა ოჯახის წევრების ჯანმრთელობის პრობლემის გამო ოჯახის თავიდან გადამოწმება შესაძლოა დაუშვან.  

"განსაკუთრებული შემთხვევების დროს, ოჯახის სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, ვაყენებთ შუამდგომლობას კომისიის წინაშე. ოღონდ ეს უნდა იყოს ოჯახის მხრიდან დასაბუთებული", – ამბობს ნინო ჭიღლაძე.

მისი თქმით, თუკი ოჯახის რომელიმე წევრს ესაჭიროება ოპერაცია ამის საბუთებიც უნდა წარმოადგინოს და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან შეიძლება მოხდეს მათი დაფინანსება.

იმ შემთხვევაში თუკი ოჯახი  სოციალური მომსახურების სააგენტოში ყველა საჭირო საბუთს წარადგენს, ფულადი დახამარება მათ შესაძლოა ერთ წელიწადში დაენიშნოთ.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის
სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა
სჭირდება.
11:32 / 11.10.2024
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.