ქუთაისში სასაფლაოების დაზიანებისა და გაქურდვის ოთხი ფაქტი
დაფიქსირდა.
სასაფლაოების მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელი შპს "ქართული
ტრადიციები 2011"-ის ინფორმაციით, შემთხვევები ბოლო ორი წლის მანძილზე
მოხდა.
აქედან ერთზე ოფიციალური, ხოლო დანარჩენზე ზეპირი შეტყობინება
შევიდა.
შპს "ქართული ტრადიციები 2011"-ში განმარტავენ, რომ წერილობით შესული
შეტყობინება რეაგირებისთვის შინაგან საქმეთა სამინიტროს
გადაეგზავნა.
შპს "ქართული ტრადიციების" დაქვემდებარებაში 13 საქალაქო
სასაფლაოა. ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ ათი ზედამხედველი
13-ვე სასაფალოს დილის 10:00 საათიდან 18:00 საათამდე საფლავებს
მეთვალყურეობს. ხოლო საფლავების
24 საათიან რეჟიმში დაცვა კანონით მათი კომპეტენცია
არ არის.
შპს "ქართული ტრადიციების" ადმინისტრაციის ცნობით საფლავებზე ძარცვის
ფაქტები პრობლემურია.
"გარდა ამისა, ნებისმიერმა მოქალაქემ უნდა ვიგრძნოთ საკუთარი
პასუხისმგებლობა, რომ წინაპართა საფლავების მიმართ გვქონდეს
პატივისცემა. სამოქალაქო საზოგადოებამ უნდა გააქტიუროს ეს თემა, ხოლო
დაზარალებულმა ჭირისუფალმა არსებული ფაქტის შესახებ აცნობოს შესაბამის
სამსახურებს", - ამბობს "ქართული ტრადიციების" საზოგადოებასთან
ურთიერთობის სპეციალისტი, მაია ყუფარაძე.
მისივე თქმით, სასაფლაოს ქურდობის ფაქტებისგან დასაცავად,
დაწესებულებაში, სხვადასხვა ვერსია განიხილეს. თუმცა არასაკმარისი
ფინანსური და ადამიანური რესურსის გამო, მისი განხორციელება ვერ
ხერხდება.
"ერთ-ერთ საკითხად განხილული იქნა ვიდეოთვალის დამონტაჟება. თუმცა, ეს
არის სერიოზულ თანხებთან დაკავშირებული და დამოკიდებულია ეკონომიკურ
სტაბილურობაზე. ქალაქის ბიუჯეტი დღეისათვის ვერ შეძლებს ამ ტექნიკური
სერვისის განხორციელებას," - განმარტავენ ორგანიზაციაში.
ბოლო ქურდობის ფაქტი ქუთაისში, საფიჩხიის სასაფლაოზე ერთი თვის წინ
დაფიქსირდა, სადაც საკრებულოს დეპუტატის ლაშა გვენეტაძის მამის
საფლავი გაძარცვეს.
სასაფლაოდან მოპარულია ქვაზე მიმაგრებული სპილენძის ბარელიეფი.
აღნიშნული ქურდობის ფაქტზე, ქუთაისიპოსტის ინფორმაციით, საკრებულოს
დეპუტატმა ძმასთან ერთად მძარცველი სცემა, რასაც პროკურატურის მხრიდან
მათი დაკავება მოჰყვა.
მასალის გამოყენების პირობები