ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმს, შესაძლოა, ორი
დიდი საგამოფენო დარბაზი დაემატოს.
როგორც მუზეუმის ხელმძღვანელობაში ამბობენ, ამის შესახებ დაპირება
ადგილობრივი თვითთმართველობიდან მიიღეს.
"ქუთაისის მერი დაგვპირდა, რომ ჩვენს გვერდით ყოფილი ოლიპიური სკვერის
მხრიდან მოხდება დამატებითი ოთახების ჩაშენება და ჯამში მუზეუმს ოთხი
საგამოფენო სივრცე ექნება, რაც სრულიად საკმარისია ექსპონატების
გამოსაფენად," - ამბობს ქუთაისის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის
ხელმძღვანელი, ომარ ლანჩავა.
ადგილობრივ თვიმმართველობაში აცხადებენ, რომ ეს საკითხი განხილვის
ეტაპზეა.
"გაკეთდება ე.წ. არკა და მეორე სართულზე ოთახების დამატების
პერსპექტივა გაუჩნდება მუზეუმს, თუმცა ეს თემა ჯერჯერობით მსჯელობის
საგანია," - ამბობენ ქუთაისის მერიაში.
მუზეუმში ამჟამად მხოლოდ ორი საგამოფენო დარბაზი ფუნქციონირებს და
ფართის სიმცირის გამო ექსპონატების სრულად გამოფენა ვერ ხერხდება.
ეთნოგრაფიულ მუზეუმში, რომელიც 1922 წელს დაარსდა, 150 000-ზე მეტი
ექსპონატი ინახება.
მასში დაცულია ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური ნიმუშები
ძვ.წ. IX-VII სს.-დან გვიან შუასაუკუნეების ჩათვლით. მათ შორისაა,
დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად
აღმოჩენილი ბრინჯაოს ხანისა და ანტიკური პერიოდის ძეგლები, ქართული,
ბერძნული, რომაული, ბიზანტიური და აღმოსავლეთის ქვეყნების ისტორიის,
ყოფისა და კულტურის ამსახველი იშვიათი ნაკეთობანი, უძველესი
ეპიგრაფიკული ძეგლებისა და უნიკალური ქართული ხელნაწერების კოლექცია,
რარიტეტული სიგელ-გუჯრები, ეთნოგრაფიული მასალები, ოქრომჭედლობის,
ლითონის, კერამიკის, ტყავის, მინის, ქსოვილის, ხის ნაწარმის
ნიმუშები.
მასალის გამოყენების პირობები