საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ნაწილი 2016 წლის 8
ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს.
მიზეზები, რომლებზეც ემიგრანტები "ქუთაისიპოსტთან" საუბარში ყვებიან
სხვადასხვაგვარია.
ქართველ ემიგრანტთა ნაწილი არახელსაყრელ საარჩევნო გარემოპირობებზე და
ხელშემშლელ ფაქტორებზე მიუთითებს, ნაწილი კი აცხადებს, რომ ნდობას არც
ერთ პოლიტიკურ პარტიას და მათ მიერ წარდგენილ კანდიდატს არ
უცხადებენ.
არაოფიციალური მონაცემებით, საქართველოს ფარგლებს გარეთ 2 მილიონი
ქართველი ცხოვრობს.
არასამტავრობო ორგანიზაციის "ქართველი ემირგამნები" ხელმძღვანელი,
ზვიად ყუშიტაშვილის განმარტებით, 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო
არჩევნებში, ქართული დიასპორის მონაწილეობას დიდი მნიშვნელობა
ენიჭება. თუმცა, ემიგრანტები არჩევნებში მონაწილეობაზე უარს
ამბობენ.
"რომელი პოლიტიკური პარტიაც არ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში, ქვეყნისა
და ხალხისთვის უკვე აღარაფერი შეიცვლება! ამიტომ, პირადად მე,
არჩევნებზე პრინციპულად არ წავალ. ჩემს ირგვლივ მყოფი უამრავი
ემიგრანტისგანაც იგივე მესმის. მათში დაბალია მოტივაცია, რომ
არჩევნებზე წავიდეს, ადვილად აღარ ვტყუვდებით," - ამბობს იტალიაში,
ქალაქ ბარში მცხოვრები ემიგრანტი ლალი კიკვაძე.
ემიგრანტთა ნაწილი, ვინც არჩევნებში მონაწილეობის სურვილს
გამოთქვამენ, არახელსაყრელ საარჩევნო გარემოპირებებზე მიუთითებენ.
"იტალიაში, წინა არჩევნებზე, ბევრს უნდოდა მონაწილეობის მიღება,
მაგრამ საკონსულო არის რომში. ეს არის იტალიის ცენტრი. სამხრეთ და
ჩრდილოეთ იტალიაში დასაქმებულებს ათას კილომეტრზე მეტი აქვთ
გასავლელი, ვიდრე რომში ჩავლენ. ჩვენ აქ ვინ გვაძლევს უფლებას და ვინ
გვიშვებს ასე მთელი დღით. არც ტრანსპორტია ისე, როგორც საჭიროა. ამის
გამო, ბევრი ხმა დაიკარგა და ახლაც დაიკარგება, მიუხედავად დიდი
სურვილისა. რამოდენიმე ათეულობით მილიონიან იტალიაში, რა არის ერთი
საარჩევნო პუნქტი, არაფერი," - ამბობს იტალიაში მცხოვრები, ნინა
ფუტკარაძე.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, მიმდინარე
წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, იტალიაში ამჯერადაც მხოლოდ ერთი
საარჩევნო უბანი რომში გაიხსნება.
არასაკმარისი რაოდენობის საარჩევნო უბნების გარდა, ქართველ
ემიგრანტებს პრობლემად არჩევნების დღეც მიაჩნიათ.
"არჩევნების დღე, 8 ოქტომბერი შაბათია, რაც ნამდვილად პრობლემაა,
რადგან კვირას ემიგრანტებიდან გაცილებით მეტი ადამიანი მივიდოდა
არჩევნებზე, ვიდრე შაბათს. ჩვენი დასვენების დღე მხოლოდ კვირაა," -
ამბობს საბერძნეთში დასაქმებული ერთ-ერთი ქართველი.
ემიგრანტები ყურადღებას იმაზეც ამახვილებენ, რომ საქართველოს
საელჩოებსა და საკონსულოებში გარკვეულ პრობლემებს აწყდებიან.
"წინა არჩევნებზე ყველაფერი გააკეთეს, რომ მონაწილეობა არ მიმეღო. ჯერ
პასპორტის აღდგენა გახადეს პრობლემა, შემდეგ ყოველ დარეკვაზე
სხვადასხვა მიზეზს მეუბნებოდნენ," - აცხადებს იტალიაში, ქალაქ
რეჯო-ემილიაში მცხოვრები ემიგრანტი.
ცესკოს ინფორმაციით, იმისთვის, რომ საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს
მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობის მიღება გაადვილებოდათ, საგარეო
საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტმა მათთვის საარჩევნო
უბნების ელექტრონული რეესტრი შექმნა, სადაც პირადი ნომრის, დაბადების
თარიღისა და სახელის მითითების შემდეგ, საკონსულო აღრიცხვაზე მყოფმა
ემიგრანტებმა ავტომატურ რეჟიმში მიიღეს ინფორმაცია, თუ რომელ
საარჩევნო უბანზე შეუძლიათ კენჭისყრაში მონაწილეობის მიღება.
არასამთავრობო ორგანიზაცია "ქართველი ემიგრანტების" წარმომადგენლობა
მიმდინარე წლის საპარლამენტო არჩევნებზე საზღვარგარეთ მცხოვრები
მოქალაქეებისთვის გაუმჯობესებულ სააარჩევნო გარემოზე საუბრობს.
"წელს გაცილებით უკეთესი საარჩევნო გარემოა ემიგრანტებისთვის, ვიდრე
ეს 2012 წლამდე იყო," - ამბობს ორგანიზაციის თავმჯდომარე, ზვიად
ყუშიტაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები