2016 წლის მოწვევის პარლამენტში ქალების რაოდენობის ზრდა ნაკლებადაა
მოსალოდნელი. ამაზე მიუთითებენ ქალთა უფლებებზე მომუშავე
ორგანიზაციები.
ხსენებული დასკვნის გაკეთების უფლებას საარჩევნო სუბიექტების მიერ
გამოქვეყნებული საარჩევნო სიები იძლევა, სადაც პარტიულ სიებში თუ
მაჟორიტარობის კანდიდატებად პარტიებმა ქალები მცირე რაოდენობით
წარმოადგინეს.
ქალთა მოძრაობა ავრცელებს მიმართავს, სადაც სწორედ ამ დისბალანსზე
მიუთითებს. როგორც საპარლამენტო არჩევნების პირველად სიებში ჩანს,
"ქართულმა ოცნებამ" მაჟორიტარობის კანდიდატად მხოლოდ 5 ქალი
წარადგინა, პარტიული სიის პირვეულ ოცეულში - 6 ქალი, ხოლო სრულ სიაში
155 კანიდატიდან 15 ქალია.
"ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" 5 მაჟორიტარობის ქალი კანდიდატი
წარადგინა, პარტიული სიის პირველ ოცეულში - 6 ქალი, ხოლო სრულ სიაში
200 კანდიდატიდან 49 ქალია.
ქუთაისში 34 მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატიდან მხოლოდ 9 არის ქალი,
რომელთაგან ორი საინიციტივო ჯგუფმა წარადგინა.
პარტიულ სიებსა თუ მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატებად ქალთა სიმწირეს
ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ქალების ნაწილი სხვადასხვა
მიზეზით ხსნის.
ისინი საუბრობენ პატრიარქალურ ტრადიციებზე და ამ ტრადიციებით
გაჯერებულ გარემოზე, რომელიც ქალს პოლიტიკურ ასპარეზზე მეტ ბარიერს და
შესაბამისად, სამუშაოს უქმნის. მათი თქმით, ამ სივრცეში ის რაც
მამაკაცს ბუნებრივად ეძლევა, ქალებს ამის ბრძოლით აღება უწევთ.
ამასთან პოლიტიკოს კაცებს არ უყენებენ ისეთ მაღალ მოთხოვნებს, როგორც
ქალებს.
"ჩვენი პოლიტიკური გარემო და შემადგენლობა მასკულინურია. ამ სივრცეში
ქალი ანგარიშგასაწევი ფიგურა არაა. ქალებს უწევთ ბევრი ისეთი
საფეხურის გავლა, რაც მამაკაცს არ მოეთხოვება. იმას, რასაც მამაკაცს
ბუნებრივად აძლევს კულტურა, იმის მოსაპოვებლად ქალს დიდი ძალისხმევის
გაწევა უწევს. ბრძოლა იმისთვის, რომ მოგისმინონ და ანგარიში გაუწიონ
შენს ინიციატივას", - ამბობს პარტია "თავისუფალი დემოკრატების"
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ლელა სებუა.
კულტურაში არსებულ შემაფერხებელ ფაქტორებზე მიუთითებს
"რესპუბლიკელების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ქუთაისში, ნატო
ქათამაძეც.
"ყველაზე მეტი წარჩინებული მოსწავლე სკოლებში არიან გოგონები, ყველაზე
მეტი წარჩინებული გოგონა ამთავრებს უმაღლეს სასწავლებელს და შემდეგ
ყველაზე მეტი ქალი ზის სახლში და ყველაზე მეტი მამაკაცია
ხელისუფლებაში. მამაკაცებს გონიათ რომ პოლიტიკა და საქვეყნო საქმის
კეთება მხოლოდ მამაკაცების საქმეა და ქალის საქმე ოჯახში ფუსფუსი და
შვილების აღზრდაა. რა თქმა უნდა შვილების აღზრდა მნიშვნელოვანია
,მაგრამ მამაკაციც უნდა იყოს ჩართული ამ საქმეში და ქალიც" ,- მიაჩნია
ნატო ქათამაძეს.
პოლიტიკაში და კერძოდ საკანონმდებლო ორგანოში ქალების ჩართულობის
სიკეთეზე მიუთითებენ გენდერის მკვლევარები და აღნიშანვენ ,რომ მეტი
ქალი პარლამენტში ნიშნავს პოლიტიკოსების მხრიდან ყურადღების მიღმა
დარჩენილი ბევრი მნიშვნელოვანი საკითხის გააქტიურებას და
წინწამოწევას.
თუ პარლამენტის წევრთა 20% არის ქალი, მაშინ დეპუტატები სერიოზულად
იწყებენ ბავშვთა იინტერესებიდან გამომდინარე კანონპროექტებზე
მუშაობას.
თუ პარლამენტის წევრთა 30% ქალია, მაშნ პარლამენტი განიხილავს და
იღებს ქალთა ინტერესებიდან გამომდინარე კანონებს და სახელმწიფო
პროგრამებს.
თუ პარლამენტის წევრთა 40% ქალია, მაშინ მიიღება მაღალი
პასუხისმგებლობის ისეთი პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური სახის
გადაწყვეტილებები, რომლებიც ხელს უწყობენ ქვეყნის მდგრად
განვითარებას, აღნიშნავენ ქალთა უფლებადამცველები.
დეპუტატობის კანდიდატების ნაწილი საუბრობს კვოტირებებსა და მის
მნიშვნელობაზე.
"გვაჯერებდნენ, რომ ქალს არ შეუძლია ის, რაც შეუძლია მამაკაცს.
მამაკაცებსაც არ შეუძლიათ ის, რაც ქალებს შეგვიძლია. მაგრამ ჩვენგან
განსხვავებით მამაკაცებს არ აკნინებს ეს შეუძლებლობა, მაგრამ ის
რომ ქალებს რაღაც არ შეუძლიათ, ამას იყენებენ როგორც
დამაკნინებელ ფაქტორს, სისუსტედ გვითვლიან. ეს არის აუცილებლად
დასაძლევი. უნდა მოხდეს ხელოვნური ჩარევა ქალების წარმომადგენლობის
გაზრდის საკითხში. თუ ეს არ მოხდება ხელოვნურად ჩვენ მოგვიწევს დიდი
დროის კარგვა რომ მივიღოთ ბალანსი", - აღნიშნავს ლელა სებუა.
თუმცა, კვოტირებას აუცილებელ პირობად არ აყენებს "პატრიოტთა ალიანსის"
ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი, ნინო ონიანი.
"საერთოდ, არსად, არც ერთ სფეროში არ ვემხრობი კვოტირებას. მთავარია
ხარისხის და არა რაოდენობის პრონციპი. ქალების ხელოვნურად შეყვანა
პარლამენტში, მხოლოდ იმიტომ რომ იქ ქალების გარკვეული რაოდენობა უნდა
იყოს წარმოდგენილი, ვფიქრობ, საკითხს ვერ შეცვლის, ამისთვის
კანდიდატები შესაბამისად უნდა იყვნენ მომზადებულნი", - მიაჩნია ნინო
ონიანს.
სამაგიეროდ, საკუთარი პოლიტიკური გამოცდილებიდან სხვა დასკვნას
აკეთებს ნატო ქათამაძე.
"როგორც კი ქალს უჩნდება რაიმე პრეტენზია თანამდებობაზე, მამაკაცები
მაშინვე გაერთიანდებიან ერთმანეთის მხარდასაჭერად და ილაშქრებენ
ქალების წინააღმდეგ. მე ვფიქრობ, რომ ეს არასწორია, ამიტომ მიუხედავად
იმისა, რომ წლების მანძილზე არ ვეთანხმებოდი კვოტირების საკითხს, ახლა
ვეთანხმები, რადგან იგი ერჯერადი სახით მოგცემს საშუალებას ვაჩვენოთ
ჩვენი თავი. ამომრჩევლები დაინახავენ იმ წლების მანძილზე რას აკეთებდა
კაცი კონკრეტულ თანამდებობაზე და რას გააკეთებს ქალი", - ამბობს ნატო
ქათამაძე.
დეპუტატობის კანდიდატები, პოლიტიკაში ქალისა და მამაკაცის თანაბარი
შესაძლებლობების გარდა, მიუთითებენ უპირატესობებზეც, რაც ქალებს
შეიძლება გააჩნდეთ.
"ქალებს აქვთ კრიტიკულ მომენტებში სწორი და სწრაფი გადაწყვეტილების
მიღების უნარი. ამაზე მიუთითებს მთელი 90 -იანი წლების მძიმე პერიოდი,
სადაც სწორედ ქალებმა იპოვეს ოჯახების გადასარჩენად გამოსავალი
დაქალების მხრებზე იყო და დღემდე რჩება ქართული ეკონომიკის დიდი წილი
და ქართული სახელმწიფოც", - აღნიშნავს ლელა სებუა.
მასალის გამოყენების პირობები