ქუთაისში, არცერთ ავტოსადგომზე დღემდე არ არსებობს სპეციალური საცნობი ნიშანი, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ავტომობილის პარკირებისთვის არის განკუთვნილი.
იმერეთის პარალიმპიური კომიტეტის თავმჯდომარის, მერაბ ქვარიანის განცხადებით, აღნიშნული ნიშნების არარსებობა შშმ პირებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული საკითხია. მისივე თქმით გადასასვლელებისა და ავტოსადგომების დახაზვა მათთვის აუცილებელია, რის გამოც, ამ საკითხს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს.
"აღნიშნული პრობლემის გადაწყვეტის პროცესში ჩვენი ჩართულობა აუცილებელია"-აცხადებს ქვარიანი.
კონსტანტინე ჟორჟოლიანი 10 წელია ქალაქის აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე არსებული ავტოსადგომის მეთვალყურედ მუშაობს. მისი თქმით, წლების მანძილზე ქუთაისში არასოდეს უნახავს ავტოსადგომებზე ისეთი ადგილები, რომლებიც შშმ პირთათვის სპეციალური ნიშნით იქნებოდა გამოყოფილი.
"თუ ტენდერში გამარჯვებული კომპანია ამ სპეციალურ ნიშნებს განათავსებს, პირადად მე აუცილებლად დავიცავ იქ დგომის წესებს და სხვა მანქანებს არ მივცემ უფლებას, ისარგებლონ აღნიშნული ტერიტორიით. ეს ადგილები ხელშეუხებელი უნდა იყოს," - ამბობს კონსტანტინე ჟორჟოლიანი.
ქალაქის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების მარეგულირებელი ნორმები, ავტომანქანების პარკირების ადგილები და პარკირების წესები საკრებულოს დადგენილებით განისაზღვრება. აღნიშნულ დადგენილებაში, რომელიც ქუთაისში 2013 წლის 25 სექტემბრიდან 2015 წლამდე მოქმედებდა, ავტოსადგომზე შშმ პირთათვის ადგილების სპეციალური საცნობი ნიშნით მოწყობის თაობაზე არაფერია ნათქვამი:
2013 წლის აღნიშნული დადგენილება ძალადაკარგულად მიმდინარე წელს გამოცხადდა. 2015 წლის 30 იანვარს ქუთაისის საკრებულომ ქალაქის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების მარეგულირებელი ნორმების, ავტომანქანების პარკირების ადგილებისა და პარკირების წესების განსასაზღვრად ახალი დადგენილება გამოსცა. აღნიშნული დადგენილება უკვე აწესებს ვალდებულებას ავტოსადგომებზე გათვალისწინებული იყოს პარკირების ადგილები შშმ პირთა მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილებისთვის, რომლებიც გამოყოფილი იქნება სპეციალლური საცნობი ნიშნით.
"ყველა ნორმალური ქვეყნის კანონმდებლობაშია ჩადებული ჰუმანური აქტი იმის შესახებ, რომ ნებისმიერ პარკირების ადგილს აუცილებლად უნდა ჰქონდეს შშმ პირებისთვის განკუთვნილი სპეციალური ადგილები. ჩვენს ქვეყანაში სამწუხაროდ არ მოხერხდა ასეთი ადგილების გამოყოფა, ალბათ საღებავი ძვირია," - ამბობს პროფესიით ავტომშენებელი, ტექნიკური უნივერსიტეტის ყოფილ ლექტორი, ივანე სირბილაძე.
შშმ პირთა უფლებებს კანონი არეგულირებს, ასევე, არსებობს გაეროს "შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენცია", რომელსაც საქართველო 2009 წელს შეუერთდა და მისი რატიფიცირება 2013 წელს მოახდინა. კონვენციის ერთ-ერთი მოთხოვნა ხელმისაწვდომი გარემოს შექმნაა.
ქუთაისის ვიცე-მერის, ნოდარ მიქიაშვილის განმარტებით ამ დრომდე ქუთაისში პარკირების ადგილების მოუწესრიგებობის გამო შშმ პირთათვის სპეციალური ნიშნით გამოყოფილი ადგილები არ არსებობდა.
ქუთაისში არსებული პარკირების ადგილები უკვე 2 წელია არალეგალურად ფუნქციონირებს. მიქიაშვილის განმარტებით, ქალაქის მერია პარკირების ადგილებზე აუქციონს უახლოს პერიოდში გამოცხადებს, გამარჯვებული კომპანია კი ვალდებული იქნება პარკირების ადგილები ახალი მოთხოვნებისა და დაგენილების შესაბამისად მოაწყოს.
ქუთაისში პარკირებისთვის 274 ადგილია განსაზღვრული. აქედან, 197 ადგილი საერთო სარგებლობისაა, ხოლო 77 სპეცადგილი იქნება.
მაგდა ფურცხვანიძე
მასალის გამოყენების პირობები