იმერეთში ქალაქური მუსიკის ფესტივალი გაიმართება. ამის შესახებ იმერეთის რწმუნებული-გუბერნატორის საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე ფესტივალის ორგანიზატორებმა გააჟღერეს. ფესტივალი აპრილის თვეში დაიწყება და იმერეთის თორმეტივე მუნიციპალიტეტს მოიცავს.
"ფესტივალით გვინდა, რომ ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლები წარმოვაჩინოთ და მათში ქართული სული გავიღვიძოთ მაშინ, როცა ქართული სიმღერა დღეს უკანა პლანზეა," - განაცხადა შეხვედრაზე ფესტივალის ორგანიზატორმა, კულტურული ღონისძიებების ხელმძღვანელმა, ნანა იმანიძემ.
ქალაქური მუსიკის ფესტივალის ფარგლებში იმერეთის მუნიციპალიტეტებში წარმატებული ახალგაზრდები შეირჩევიან, ხოლო ფინალი მაისში, ქუთაისში გაიმართება. მონაწილეთა მუსიკალურ მონაცემებს ჟიური, კომპოზიტორი მარიკა კვალიაშვილი შეაფასებს.
ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორი, კულტურის პალატის წარმომადგენელი ქუთაისში, ბექა ბანძელაძე აცხადებს, რომ რეგიონებში ქალაქური სიმღერის ფესტივალით უკვე დაინტერესდნენ.
"რეგიონებში უამრავი ნიჭიერი და ხელოვნების მოყვარული ახალგაზრდა ცხოვრობს, რომელსაც ხელშეწყობა ჭირდებათ. ამავე დროს აუცილებელია ახალგაზრდა თაობებში ქართული სიმღერის პოპულარიზაცია და ქართული სულის გაღვივება," - განაცხადა ბექა ბანძელაძემ.
ქალაქური მუსიკის ფესტივალი იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერით წელს პირველად ტარდება.
დეა მანაგაძე
მასალის გამოყენების პირობები