საზოგადოება
რეპრესირებულები და სახელმწიფო - დიდი მსხვერპლი დაბალი კომპენსირებით (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისში მცხოვრები 92 წლის ვენერა ასათიანი, ბევრი სხვა ასაკის პენსიონერისგან განსხვავებით პენსიას 7 ლარით მეტს იღებს. დანამატი მისმა სტატუსმა განაპირობა. ვენერა ასათიანი პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლის შთამომავალია.
სახელმწიფომ ამ ფორმით აუნაზღაურა და რამდენიმე ასეული ლარით შეუფასა რეპრესიების შედეგად მიყენებული მორალური და მატერიალური ზარალი. ის მსხვერპლი, რომელიც ვენერა ასათიანის მამამ გაიღო.



რეპრესირებულები და კომპენსაციის ვალდებულება


გერასიმე ასათიანის მსგავსად საბჭოთა ტერორს მილიონობით ადამიანი ემსხვერპლა. თუმცა, საქართველოში პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა ზუსტი სტატისტიკა დადგენილი არ არის. ქართულმა სახელმწიფომ მათ მიმართ ვალდებულებებსა და გარკვეულ კომპენსაციებზე მსჯელობაც საკმაოდ გვიან, კონკრეტული სასამართლო პროცესის შემდეგ დაიწყო.

ძმები კლაუს და იური კილაძეების საქმე თითქმის პრეცენდენტულ მოვლენად იქცა. ძმებმა 2006 წელს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გაასაჩივრეს, მათი, როგორც პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლების, კომპენსაციის მიღების უფლების არქონა. ევროსასამართლომ საქმეში "კილაძეები საქართველოს წინააღმდეგ" გადაწყვეტილება საქართველოს წინააღმდეგ გამოიტანა და სახელმწიფოს დაზარალებულისადმი ჯარიმის გადახდა დააკისრა, რამდენიმე ათასი ევროს ფარგლებში.ევროსასამართლომ ასევე დაავალდებულა საქართველო, რომ შესაბამისი საკანონმდებლო მექანიზმი შეემუშავებინა, რომელიც რეპრესირებულების კომპენსირების საკითხს მოაგვარებდა.

ცვლილება შევიდა კანონის "საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ" მე-9 მუხლში, რომელიც ზარალის ფულადი კომპენსაციით ანაზღაურებას გულისხმობდა. თანხის რაოდენობას ადგენდა სასამართლო, რომელიც სასამართლო პრაქტიკიდან მაგალითების თანახმად 500 ლარს არ აღემატებოდა.

ცვლილება კანონში

კანონის მე-9 მუხლში ბოლო ცვლილება 2014 წლის ოქტომბერში შევიდა. გაიზარდა კომპენსაციის ოდენობა და 1000 -დან 2000 ლარი შეადგინა.
"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასიციაციის" ქუთაისის ფილიალში აღნიშნავენ, რომ კომპენსაციის საკითხთან დაკავშირებით ბევრი რეპრესირებულის სტატუსის მქონე პირი ითხოვს დახმარებას.

"მოგვმართავენ, ასევე, ისინიც, რომელთაც 500 ლარიანი კომპენსაცია აიღეს, მაგრამ ახლა თავიდან სურთ საქმის აღძვრა. თუმცა, პრაქტიკიდან გამომდინარე საკმაოდ ცოტა შემთხვევაა, როდესაც სასამართლო სახელმწიფოს 2000 ლარს აკისრებს", - აღნიშნა საიას ქუთისის ფილიალის იურისტმა მელანო ჩხეიძემ .

თბილისის საქალაქო სასამართლოდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2015 წლიდან დღემდე სასამართლომ სულ 12 335 საქმე განიხილა. დაკმაყოფილდა 10682 პირი, არ დაკმაყოფილდა -19, დარჩა განუხილველი -174 და შეწყდა 84 საქმე.

აღსანიშნავია, რომ პოლიტიკური რეპერესიების მსხვერპლის სტატუსის მინიჭების პროცესი დასრულდა 2015 წელს.

რეპრესიების დანატოვარი

რეპრესირებულების მატერიალურთან ერთად, დიდ მორალურ დანაკარგზე საუბრობენ ორგანიზაცია "საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის" წარმომადგენლები. მათ ბევრი ზეპირი ისტორია ჩაწერეს, კონტაქტი ქონდათ ათობით რეპრესირებულთან და მათი ოჯახის წევრებთან. ლაბორატორიის მკვლევარები მიუთითებენ მძიმე ისტორიებზე, რომელიც ამ ადამიანებმა გადაიტანეს და ამ ტარაგედიების შედეგებზე, რომლებიც ათწლეულების შემდეგაც ძალაშია.

"როდესაც რეპრესირებულ ადამიანებს ეუბნები, რომ ისტორიკოსი ხარ და მათი ისტორიების ჩაწერა გინდა, ეს სიტყვა აფრთხობთ, პირველი რეაქცია არის პანიკა. ჩაწერისაც ეშინიათ დ ა უარის თქმისაც, მორიდებით გეკითხებიან: შეიძლება უარი გითხრათ? მათი ისტორიების გახსენება ტკივილს აყენებთ, ყველა ჭრილობა ეხსნებათ. თუმცა, არიან ისეთებიც, რომელთაც თითქოს გადალახეს ეს შიში, სიამოვნებითც გთანხმდება და გიყვება, თუმცა ეჭვი მათში მაინც არსებობს, ამიტომ ნახევრად ხუმრობით გეკითხებიან: ხომ არ დამიჭერს ვინმე?!", - ამბობს საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის წარმომადგენელი დავით ხვადაგიანი.

ეკლესიის დანაკარგი და კომპენსაციები დღეს


საბჭოთა ტერორის წლებმა გარდა კონკრეტული ადამიანებისა ზარალი მიაყენა კონკრეტულ ორგანიზაციებს. მაგალითად, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას. თუმცა, განსხვავებით რიგითი მოქალქეების მსხვერპლისა, პოლიტიკური რეპრესიების წლებში, სახელმწიფო გაცილებით მაღალ შეფასებას აძლევს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დანაკარგს. მან მალევე იკისრა ეკლესიისთვის საბჭოთა ტერორით მიყენებული მორალური და მატერიალური ზარალის ანაზღაურება.

ისტორიული სამართლიანობის აღდგენის და კომპენსაციის დაწესების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის დადებული კონსტიტუციური შეთანხმება, სადაც კომპენსაციების საკითხს ძირითადად მე-11 მუხლი ეძღვნება.

1. სახელმწიფო ადასტურებს XIX-XX საუკუნეებში (განსაკუთრებით 1921-90 წლებში), სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დაკარგვის პერიოდში, ეკლესიისათვის მატერიალური და მორალური ზიანის მიყენების ფაქტს. როგორც ჩამორთმეული ქონების ნაწილის ფაქტიური მფლობელი, იღებს ვალდებულებას მატერიალური ზიანის ნაწილობრივ კომპენსაციაზე (საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილება №183; 12.04.90).
2. აღნიშნული საკითხის შესწავლის, კომპენსაციის ფორმების, რაოდენობის, ვადების, ქონების ან მიწის გადაცემისა და სხვა დეტალების დასადგენად პარიტეტულ საწყისებზე იქმნება კომისია (ამ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი თვის ვადაში), რომელიც მოამზადებს შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტებს.

ამ დოკუმენტის თანახმად გაიცემა საპატრიარქოსთვის ქონებრივი და ფულადი კომპენსაცია, რომელიც ამ დროისთვის 200 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს. კომპენსაციის სახით გადაცემული მიწა კი 7 მილიონ კვ მ-ს.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის
სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა
სჭირდება.
11:32 / 11.10.2024
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.