იცოდით როგორი აქტიური იყო სოფლის თემი 100 წლის წინ? როგორ
ახერხებდნენ გაერთიანებას და პრობლემების მოგვარებას?
- ამ და სხვა კითხვებზე პასუხების პოვნა შეიძლება პუბლიკაციაში
„ინიციატივა ცვლილებებისთვის“.
აღნიშნული კრებულის პრეზენტაცია ნიდერლანდების ინსტიტუტი
მრავალპარტიული დემოკრატიისთვის ქუთაისის ოფისში განხორციელდა. წიგნი
მწერალმა დავით ტურაშვილმა წარადგინა.
"მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ კარგად ვიცნობ საბჭოთა საქართველომდელ
პერიოდს, ამ წიგნმა მაინც ძალიან გამაოცა. დაუჯერებელი და
მოულოდნელია, რომ ჩვენ ასეთი ხალხი ვიყავით ასი წლის წინ. რასაც ახლა
ვაკეთებთ რადიკალურად განსხვავდება იმ ხალხის ცნობიერებიდან რაც აქ
არის აღწერილი", - აღნიშნა დავით ტურაშვილმა.
შეხვედრაზე იმყოფებოდა წიგნის ერთ-ერთი ავტორი საბჭოთა წარსულის
კვლევის ლაბორატორიის წამომადგენელი დავით ხვადაგიანი, რომელმაც
ისაუბრა ორგანიზაციის საქმიანობაზე, ასევე იმ გამოცდილებაზე საბჭოთა
ოკუპაციამდე რაც გააჩნდა ქართულ საზოგადეობას სოფლად, თუ როგორი
აქტიური იყო თემი, როგორ მოდიოდა ინიციატივები ქვემოდან ზემოთ და
არავინ ელოდა დირექტივებს ზემოდან.
წიგნის პრეზენტაციაზე გაიმართა დისკუსია, სადაც ისაუბრეს იმ
დანაკარგზე რომელიც საბჭოთა ოკუპაციის მიზეზით მოხდა და რომელმაც არა
მხოლოდ ისტორია, არამედ აზროვნება და ქართული საზოგადოების მენტალობა
შეცვალა.
"ადამიანები დღემდე აჩენენ საბჭოთა მიდრეკილებებს, კარდინალურ
ცვლილებებს დრო ჭირდება და სხვა თაობა. მაშინ კი ასი წლის წინ
ქართველები ახერხებდნენ იმას, რომ არ დალოდებოდნენ არანაირ მესიას,
მხსნელს, მშველელს, თვითონ ხვდებოდნენ, რომ ადამიანის ცხოვრება
დამოკიდებულია მხოლოდ მათზე. ვერავინ შეცვლის რეალობას უკეთესობისკენ
ვიდრე თავად ადამიანი. პოსტსაბჭოთა ადამიანი რაღაცის მოლოდინშია,
სხვამ უნდა შეუცვალოს რეალობა. განუხორციელებელ მიზნებში ყველას და
ყველაფერს ადანაშაულებს საკუთარი თავის გარდა. ამ წიგნში კი არის ამის
საპირისპირო მაგალითებია", - აღნიშნა ტურაშვილმა.
კვლევით-საგანმანათლებლო პროექტი "ინიციატივა ცვლილებებისათვის",
ფონდი "ღია საზოგადოება- საქართველოს" მხარდაჭერით განხორციელდა
2015-2016 წლებში, სათემო განვითარების ცენტრის, საერთაშორისო
ხელოვნების ცენტრის, თბილისის საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის,
კულტურული მემკვიდრეობის არასამთავრობო მონიტორინგის,
საქართველოს სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის მიერ.
მასალის გამოყენების პირობები