საზოგადოება
„დამოკიდებულებიდან თვითკმარობამდე” - პროექტი, რომელიც დევნილთა ეკონომიკურ გაძლიერებას ისახავს მიზნად
FaceBook
საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“ (CHCA) დევნილებზე გრანტების გაცემას იწყებს.   იძულებით გადაადგილებული პირები მხარდაჭერას პროექტის „დამოკიდებულებიდან თვითკმარობამდე - ინოვაციური და ეფექტური საარსებო წყაროების გადაწყვეტილებები საქართველოსთვის” ფარგლებში მიიღებენ, რომელსაც ორგანიზაცია დანიის ლტოლვილთა საბჭოსთან (DRC) ერთად ევროკავშირის (EU) ფინანსური ხელშეწყობით ახორციელებს.

გარდა გრანტებისა, პროექტი ადოვკატირების კამპანიის ჩატარებას და დევნილებით ჩასახლებული კორპუსების იმ პროგრამებში ჩართვასაც ითვალისწინებს, რომელსაც ქუთაისის მერია პროგრამა „კორპუსის“ ფარგლებში ახორცილებს.

პროექტის ფარგლებში გაწეული საქმიანობის საზოგადოებისთვის გასაცნობად და დაგეგმილ აქტივობებზე ქუთაისში, „ბაგრატი 2013“-ში გამართულ მრგვალ მაგიდაზე ისაუბრეს.

საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრის „აფხაზეთის“ დირექტორის ნუკრი მილორავას განმარტებით, გრანტები თემების სპეციფიკის მიხედვით სხვადასხვა ოდენობით გაიცემა. მისივე ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში საერთო ჯამში 500-მდე ბენეფიციარი მიიღებს დახმარებას, რომელთა შერჩევა რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.

2000 ევროს ოდენობით გრანტი იმ ადამიანებითვისაა განკუთვნილი, რომლებსაც მდგრადობა და შემდგომი განვითარება სურთ, მაგრამ ამისთვის ფინანსური რესურსი არ ჰქონდათ.

4000 ევრო გათვალისწინებულია ბიზნეს-სტრუქტურებისთვის, რომლებსაც სურთ თავიანთ საქმიანობაში ახალი კომპონენტის შეტანა. გრანტის გაცემის ერთ-ერთი პირობა დევნილის ან სოციალურად დაუცველი ოჯახის წარმომადგენლის დასაქმებაცაა.

500 ევროს ოდენობით გრანტი განკუთვნილია ადამიანებზე, რომლებსაც სიღარიბის დაძლევა სურთ.

შეხვედრას ესწრებოდნენ დევნილთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიციები, ადგილობრივი თვითმმართველობის, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენელები და თავად დევნილები.

„მე საგრანტო კონკურსში მივიღე მონაწილეობა და მოვიპოვე 2000 ევრო, რომელსაც მწირე მეწარმეობისთვის გამოვიყენებ. ვფიქრობ საკონდიტრო წარმოების დაწყებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ცხოვრების ეკონომიკური დონის ასამაღლებლად“, - ამბობს ქუთაისში, ლესელიძის #3 -ში მცხოვრები დევნილი ნატა თოდუა.

* * *
პროექტი „დამოკიდებულებიდან თვითკმარობამდე - ინოვაციური და ეფექტური საარსებო წყაროების გადაწყვეტილებები საქართველოსთვის” 2015 წლის აგვისტოში დაიწყო და ის მიმდინარე წლის ოქტომბერში დასრულდება.

მისი მიზანია იძულებით გადაადგილებული და მასპინძელი თემების ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა გრძელვადიანი და მდგრადი საარსებო წყაროების შესაძლებლობების უზრუნველყოფის გზით.

პროექტი, რომელიც საქართველოს 5 ქალაქში ხორციელდება (ქუთაისი, წყალტუბო, ფოთი, ზუგდიდი, ბათუმი) სამი ძირითადი კომპონენტისგან შედეგება: გრანტების გაცემა, ადვოკატირება და ადგილობრივი თვითმმართველობის ჩართულობა დევნილთა საკითხებში.

პროექტის ფარგლებში ქუთაისსა და წყალტუბოში ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების „ქუთაისის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრის“ და „აფხაზინტერკონტის“ ოფისებში შეიქმნა ბიზნეს საინფორმაციო ცენტრები (BIC).

BIC პროექტის მიზნებიდან გამომდინარე ემსახურება და კონსულტაციას უწევს ყველა დაინტერესებულ პირს.

პროექტის ფარგლებში „ქუთაისის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრი“ რეაბილიტირებულ ათ სათემო ცენტრთან თანამშრომლობს.
ცენტრის დირექტორის, ლია კილაძის განმარტებით, წარიმართა ადვოკატირების ღონისძიბები, რომელიც რეაბილიტირებულ საცხოვრებელ კორპუსებში არსებულ პრობლემებს უკავშირდება. ამ მიზნით „ქუთაისის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრმა“ მიმდინარე წლის მარტი-აპრილში კვლევა ჩაატარა.

კვლევის მიზანი გახლდათ დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლა და გამოვლენილ საჭიროებებზე დაფუძნებული აქტივობების განხორციელება პრობლემების მოგვარებისთვის, დევნილთა ჩართულობის გაზრდა და სამთავრობო სტრუქტურებთან თანამშრომლობის გზების მოძიება.

კვლევა ხუთ ქალაქში ჩატარდა: ზუგდიდში, ფოთში, ბათუმში, წყალტუბოსა და ქუთაისში. გამოკითხული 424 რესპოდენტიდან 113 წყალტუბოდან და ქუთაისიდან იყო.

გამოკითხვის შედეგებმა აჩვენა, რომ დევნილების ძირითად შემოსავლის წყაროს შემწეობა წარმოადგენს.

უმუშევრობა; მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა; კომუნალური ხარჯების სიმძიმე; სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პრობლემები; სასოფლო-სამეურნეო მიწების არქონა/ხელმისაწვდომობა; საერთო ქონებაზე ხელმისაწვდომობის საკითხი; შემოსავლის მომტანი პროექტების ხელმისაწვდომობა; შენობების რეაბილიტაციის დაბალი ხარისხი და საბავშვო ბაღების არარსებობა - ეს ის პრობლემური საკითხია, რომელიც დევნილებმა გამოკითხვის დროს დაასახელეს.



კვლევის მიხედვით, ახლადრეაბილიტირებულ კორპუსებში ჩასახლებული დევნილები განმარტავენ, რომ ხშირ შემთხვევაში ბინებში სამუშაოები უხარისხოდაა შესრულებული , ხოლო ფართების გადაცემის შემდეგ მათი პრობლემებით არავინ ინტერესდება.

"განსახლება არ ნიშნავს მხოლოდ გასაღების გადაცემას“, - განმარტავენ ქუთაისში, ჭავჭავაძის # 58-ში მდებარე ახლადრეაბილიტირებულ კორპუსში ჩასახლებული დევნილები.

„ის, რომ მარტო საცხოვრებელი ფართი მოგვცეს, ეს არ არის საქმის მოგვარება. ამის გარდა, გვინდა გვქონდეს მოწესრიგებული შიდა ეზოები, რომელსაც ადგილობრივი თვითმმართველობა თანადაფინანსების პრინციპით ახორციელებს“, - განმარტა შეხვედრაზე ერთ-ერთმა დევნილმა, ნატა თოდუამ.



„თუკი დევნილები დროულად წარადგენენ საბინაო ინფრასტრუქტურის მოწყობაზე პროექტს მერიაში, მაგალითად ეზოების კეთილმოსაწყობად, შევეცდებით ადგილობრივ თვითმმართველობასთან ვითანამშრომლოთ და ის 10 თუ 20 პროცენტიანი თანადაფინასება ჩვენი უწყებიდან დაფინანსდეს“, - განმარტა შეხვედრაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს მთავარმა სპეციალისტმა გია სანთელაძემ.

შეხვედრაზე ასევე დახმარების მზაობა გამოთქვა ქუთაისის მერის მოდგილემ, ნოდარ მიქიაშვილმა. თუმცა, აღნიშნა რომ დევნილებს უფრო გლობალური და მწვავე საკითხები აწუხებთ, როგორიცაა ოჯახები გახდნენ თვითკმარები და რეალიზებული.
„ეს კი დევნილთა სამინისტრომ უნდა გადაწყვიტოს“, - აღნიშნა ნოდარ მიქიაშვილმა.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს მთავარი სპეციალისტის გია სანთელაძის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია დევნილი ოჯახები იყვნენ რეალიზებულები და თვითკმარები.

„პირველ რიგში ეს არის ინფორმაცია და შემდეგ ეს პროექტი არის ძალიან დროული. დასაქმება, კომუნალური საკითხები და საერთოდ ნებისმიერი საკითხი, რომელიც დევნილებს აინტერესებს, ამ პროექტის ფარგლებში ძალიან კარგად არის გათვალიწინებული,“ - აღნიშნა სანთელაძემ.

შეხვედრაზე მყოფი დევნილების თქმით, მსგავსი პროექტები არის ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლო, რადგან ეძლევათ შესაძლებლობა პირისპირ შეხვდნენ იმ ადამიანებს, რომლებიც კონკრეტულ პრობლემაზე პასუხს გასცემენ. ასევე, მიმდინარე პროექტი არის შესაძლებლობა მათი ოჯახების გაძლიერების, რეალიზებისა და დასაქმების კუთხით.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის
სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა
სჭირდება.
11:32 / 11.10.2024
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.