ლონდა ზიბზიბაძისთვის ქუთაისის ცენტრში კიბის უჯრედის მოსაწყობად 16
კვ.მ მიწის ნაკვეთის იჯარით გადაცემა სადაო გახდა.
ფართის გაიჯარება მიმდინარე წლის 24 მაისს ქალაქის საკრებულოს
სხდომაზე (რიგით 22-ე) უნდა განეხილათ.
თუმცა, საკითხი, ოპიზიციონერი დეპუტატის მოთხოვნით, დღის წესრიგიდან
ამოიღეს.
"დემოკარტიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს" წარმომადგენელმა, დავით
წიტაიშვილმა კიბის უჯრედისთვის ფართის გაიჯარების შესწავლა
მოითხოვა.
სადაო ფართი ე.წ "ბავშვთა სამყაროს" (ფალიაშვილის #2, #27 ა )
მიმდებარე ტერიტორიაზეა, სადაც ამ დროისთვის მრავალფუნქციური ცენტრის
მშენებლობა მიმდინარეობს.
ობიექტის მეპატრონე კი ლონდა ზიბზიბაძე გახლავთ.
ხუთსართულიანი კომპლექსის მშენებლობას დაწყების დღიდან
აპროტესტებს ადგილობრივი მოსახლეობა, რომელსაც
მესაკუთრის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი აქვს შეტანილი.
ქუთაისის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი, დავით წიტაიშვილი
აცხადებს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა ობიექტის მფლობელს, 16
კვ.მ მიწის ნაკვეთის 5 წლით იჯარით გადაცემის სანაცვლოდ, ამავე
ტერიტორიაზე ამორტიზებული ტროტუარის კეთილმოწყობას სთავაზობდა.
"მერიას არ უჭირს იმდენად, რომ ტროტუარზე ფილაქანი ვერ დააგოს თავისი
ხარჯებით. "ბავშვთა სამყაროს" მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე
მშენებლობის საკითხი ისედაც სადაო არის და თავი უნდა შეიკავოს
მშენებლობის მეპატრონისთვის დამატებითი ფართების გადაცემაზე.
უმჯობესია, ჯერ დადგინდეს მშენებლობის კანონიერების საკითხი", -
აცხადებს დავით წიტაიშვილი.
ოპოზიციონერი დეპუტატი განმარტავს, რომ ამ ტერიტორიაზე კიბის უჯერდის
გაკეთება უსამართლობაა, რადგან ის მიმდებარე წიგნის მოვაჭრეებს ხელს
შეუშლის.
"ვიცით, რომ კიბის უჯრედისთვის მეპატრონე იჯარით მიწის ნაკვეთს
ითხოვდა, მაგრამ შემდეგ რა მოხდა, არ ვიცი. თავად მეპატრინე, ერთი
კვირაა არ მინახავს. ადრე გერმანიაში იყო და ახლაც, შეიძლება, იქ
არის, ვერ გეტყვით. შემიძლია დავუკავშირდე და მოგვიანებით მოგახსენოთ
მათი პოზიცია," - განმარტავს ლონდა ზიბზიბაძის საკუთრებაში მყოფი
მრავალფუნქციური ცენტრის მშენებლობაზე პასუხიმგებელი კომპანია შპს
"ბურჯის" წარმომადგენელი, ზურაბ გვანცელაძე.
გადასცემს თუ არა თვიმმართველობა ზიბზიბაძეს სადაო ტერიტორიას,
"ქუთაისიპოსტი" შეეცადა თავად ადგილობრივი საკანონმდებლო და
აღმასრულებელი ორგანოს წარმომადგენელთა პასუხი მიეღო. თუმცა,
ხელისუფლება ამ საკითხზე კომენტარს ორშაბათს, 30 მაისს გააკეთებს.
მასალის გამოყენების პირობები