ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის სამეცნიერო ბიბლიოთეკის პერიოდიკის დარბაზში გაიმართა ფრანკოფონიის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება - "საფრანგეთის საერო და საეკლესიო დღესასწაულები და მათთან დაკავშირებული ტრადიციები".
დასავლეთ კულტურის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა, ფრანკოფონი შორენა ხადურმა ყველა დღესასწაული მიმოიხილა, რომელთაც საფრანგეთში აღნიშნავენ. ბევრი მათგანი დაემთხვა ქართულ საერო თუ რელიგიურ დღესასწაულებს, თუმცა აღმოჩნდა განსხვავებული დღესასწაულებიც.
"მაგალითად მამების დღე, რომელსაც ივნისში აღნიშნავენ და მეზობლების დღეს, რომელიც 1999 წელს დააფუძნეს. იმ მიზნით, რომ დიდ ქალაქებში მეზობლებს ერთამენთი გაეცნოთ", - აღნიშნა შორენა ხადურმა.
საფრანგეთში პირველი აპრილი სიცილის და იუმორის დღეა, მხოლოდ სულ სხვა ისტორიით. "მე-16 საუკუნემდე საფრანგეთში ახალ წელს 1 აპრილს აღნიშნავდნენ. მეფე შარლ მეცხრემ ეს ტრადიცია შეცვალა და პირველ იანვარს გადმოიტანა, თუმცა ახალი ტრადიცია უცებ არ დამკვიდრდა. საფრანგეთში ბევრ ადგილას ახალ წელს ისევ 1 აპრილს აღნიშნავდნენ. სწორედ მათ ეხუმრებოდნენ და დასცინოდნენ ფრანგები პირველ აპრილს", - აღნიშნა შორენა ხადურმა.
ფრანკოფონიის დღეები რამდენიმე წელია, რაც ფრანკოფონ სახელმწიფოებში ტარდება მარტის თვეში. მისი მიზანია, ფრანგული ენისა და კულტურის პოპულარიზაცია მსოფლიოში.
ეკა კუხალაშვილი
მასალის გამოყენების პირობები