ანგარიში
მოიცავს გასულ წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით
არსებულ მდგომარეობას.
"საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ" ,"2015 წელს საქართველოში
ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ"ანგარიში მოამზადა.
ანგარიში მოიცავს გასულ წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის
კუთხით არსებულ მდგომარეობას, კანონმდებლობაში განხორცილებული
ცვლილებების ანალიზსა და პრაქტიკაში მათი გამოყენების პრობლემატიკას,
ასევე სხვადასხვა უფლებათა დარღვევის შემთხვევებსა და სამართლებრივ
შეფასებებს.
ანგარიშში მიმოხილულია ისეთი მნიშვნელოვანი თემები, როგორიცაა
მართლმსაჯულება საქართველოში და პოლიტიკური მოტივებით მიმდინარე
სისხლის სამართლის საქმეები. დოკუმენტში განხილულია როგორც ყოფილი
მმართველი პარტიის ლიდერების მიმართ წარმოებული ცალკეული საქმეები,
ასევე ასახულია ის მოსაზრებები და რეკომენდაციები, რომლებსაც
გამოთქვამენ ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციები ოფიციალურ
შეფასებებსა და დასკვნებში. ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება
ეთმობა თბილისის ყოფილი მერის გიორგი უგულავას წინასწარი პატიმრობის
ვადის გაგრძელების საქმეს, რომელშიც საკონსტიტუციო სასამართლომ
არაკონტიტუციურად სცნო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო
კოდექსის 205-ე მუხლის მე-2 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც
უშვებს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულის პატიმრობას,
თუ ამ საქმეზე ბრალის წაყენების ან ბრალის წაყენებისთვის საკმარისი
საფუძვლის გამოვლენის შემდეგ მას პატიმრობაში ერთობლივად გატარებული
აქვს 9 თვე მის მიმართ მიმდინარე ნებისმიერი სისხლის სამართლის საქმის
ფარგლებში. ასევე აღსანიშნავია საჯარო მოხელეებზე სავარაუდო ზეწოლის
და მათი დევნის არაერთი კონკრეტული შემთხვევა, განსაკუთრებით შვიდი
თვის ორსული, თეონა ტაველიშვილის სამსახურიდან განთავისუფლება მის
მიერ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებელთან დაკავშირებით საკუთარი
აზრის გამოხატვის გამო.
ანგარიშის მნიშვნელოვანი ნაწილი ეთმობა საქართველოში გამოხატვის,
შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების საკითხებს და განხილულია ის
უარყოფითი ტენდენციები რომლებიც დაფიქსირდა შეკრება-მანიფესტაციის
უფლებაში სახელმწიფოს არამართებული ჩარევისა და პოლიტიკური
ოპონენტებისათვის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის კუთხით;
ანგარიშში ასახულია თანასწორუფლებიანობის დაცვის და სიძულვილით
მოტივირებულ დანაშაულებთან დააკავშირებული საქმეები, სადაც იკვეთება
სახელმწიფოს მიერ საკუთარი პოზიტიური და ნეგატიური ვალდებულებების
არასათანადო შესრულება. განსაკუთრებით აღსანიშნავია ხელისუფლების
მაღალჩინოსნების მიერ სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფების მიმართ
სიძულვილის ენის გამოყენების შემთხვევები, რასაც ანგარიშში სპეციალური
თავი ეთმობა.
დოკუმენტში მიმოხილულია სეკულარიზმის წინაშე არსებულ გამოწვევები,
სადაც განსაკუთრებული აქცენტი კეთდება დომინანტი რელიგიური
ინსტიტუციის მიერ სახელმწიფო პოლიტიკაზე (მათ შორის განათლების
სისტემაზე) არსებულ მზარდ გავლენაზე, რითაც უხეშად ირღვევა
საქართველოს კონსტიტუციით დამკვიდრებული რელიგიური ნეიტრალიტეტის
პრინციპი.
საანგარიშო პერიოდში განსაკუთრებული სიმწვავე შეიძინა და ბუნებრივია
ანგარიშშიც ჰპოვა ასახვა მედიის თავისუფლების წინააღმდეგ წარმოებულმა
პროცესებმა. დოკუმენტში განხილულია სახელმწიფოს მხრიდან სხვადასხვა
სამაუწყებო კომპანიებზე და განსაკუთრებით რუსთავი 2-ზე
განხორციელებული ზეწოლა და მის ირგვლივ განვითარებული მოვლენები, მათ
შორის სასამართლო დავა კომპანიის წილებთან დაკავშირებით, რაც
სამოქალაქო და საერთაშორისო საზოგადოებამ მედიის თავისუფლების
საფრთხედ აღიქვა;
ანგარიშში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა ოჯახური ძალადობისა და ქალთა
უფლებების საკითხებს, მათ შორის მიმოხილულია ოჯახში ძალადობისა და მის
ნიადაგზე ჩადენილი მკვლელობის ცალკეული საგანგაშო
ფაქტები,სასჯელაღსრულების სისტემას და პატიმართა უფლებებრივი
მდგომარეობას, სამართალდამცავთა მხრიდან არასათანადო მოპყრობის
ფაქტებს,რომლებზეც სახელმწიფოს არაადეკვატური რეაგირება
ჰქონდა,საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გარშემო ბოლო პერიოდში
განვითარებულ მოვლენებს და სხვა.
მასალის გამოყენების პირობები