იმერეთის რეგიონში სოფლები თითქმის ყოველდღიურად იცლება. უფრო მეტიც,
მათგან ხუთ სოფელში (ხარაბაული, ძეძილეთი, ფერეთი, გოლისი, ბაბოთი) ამ
დროისათვის ერთი ადამიანიც კი აღარ ცხოვრობს.
ხოლო სხვა სოფლებში (გუდათუბანი, პატარა სახვლარი, ვანისჭალა,
ჩალხეეთი) მხოლოდ ორი ან სამი ადამიანია შემორჩენილი.
სოფლების დაცლაზე მეტყველებს სტატისტიკაც. 2014 წელს იმერეთის 12
მუნიციპალიტეტში 533,906 ადამიანი ცხოვრობდა, ხოლო საქსტატის 2024
წლის იანვრის მონაცემებით, ეს რაოდენობა 91,606 ადამიანითაა
შემცირებული.
ინფრასტრუქტურის და სოფლის მეურნეობის ტექნიკის არარსებობა,
არასათანადო საცხოვრებელი პირობები, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი
სერვისების მიუწვდომლობა და უიმედობა - ეს ის ძირითადი მიზეზებია, რის
გამოც ადამიანებს თავიანთი სახლების იძულებით მიტოვება და
ემიგრაციაში, ან უკეთეს შემთხვევაში, სხვადასხვა ქალაქში გადაცხოვრება
უწევთ.
ექსპერტების და სოციალური საკითხების სპეციალისტების შეფასებით, თუ
ქვეყანაში მთავარი პრიორიტეტი არ გახდა ადამიანი და არ განხორციელდა
სისტემური ცვლილებები, „ქართული ოცნების“ მმართველობით, დაცლილ
სოფლებს, შესაძლოა, ქალაქებიც მიემატოს.
რატომ იცლება სოფლები
„სოფელში მოხუცები უფრო მეტნი ვართ, ვიდრე ახალგაზრდები“, - ამბობს
ტყიბულის სოფელ ძმუისში მცხოვრები გურამ გოტიაშვილი. 68 წლის გურამი
იმ პრობლემებზე გვიყვება, რომლებიც მის სოფელს ათეულობით წელია
აწუხებს. მისი თქმით, ბავშვობაში უკეთესი გზა იყო, ვიდრე ახლა.
გურამის თქმით, სოფლისთვის, რომელიც ტყეში მდებარეობს, გზის
მოწესრიგება უსაფრთხო გადაადგილებისათვისაც (რადგან სოფელს ხშირად
მგლები სტუმრობენ) სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
ადგილობრივები ყვებიან, რომ უგზოობის გამო, გამოძახებული სასწრაფო
სამედიცინო მანქანა ადგილამდე ვერ მიდის და სოფლის შუა გზაზე
გაჩერებული სასწრაფოს ექიმების მიყვანა სახლებში თავადვე უწევთ.
„აქ არაფერი არაა, არც გზა, არც გაზი, არც ავტობუსი. ორ კვირაში
ერთხელ მივდივართ ქალაქში და ვიმარაგებთ რაც გვჭირდება. არაფერია ამ
სოფელში, სამაგიეროდ, მგლები გვსტუმრობენ“, - ამბობს სოფლის
მკვიდრი.
ძმუისში ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობების არარსებობის გამო,
ადგილობრივებს არც უკვირთ, რომ სოფელი იცლება. ისინი შიშობენ, რომ
ძმუისმაც იგივე ბედი არ გაიზიაროს, რაც მეზობელ სოფელ კისორეთს ერგო,
სადაც დღეს მხოლოდ 7 ადამიანი ცხოვრობს.
ამ სოფლების გარდა, ტყიბულის მუნიციპალიტეტში მრავლადაა დაცლის პირას
მყოფი სოფლები. მაგალითად, საქსტატის 2014 წლის საყოველთაო აღწერით,
სოფელ ნაძვაში 20 ადამიანი ცხოვრობდა, ოხომირაში - 21 და სოფელ
ანტორიაში - 27.
დაცლილი სოფლები და „ქართული ოცნება“
„ჩვენი უპირველესი მამოძრავებელი, სოფლად რეალური კეთილდღეობის
შექმნაა. ჩვენი ამოცანა სოფელსა და ქალაქს შორის ძლიერი ხიდის
აშენებაა. ხიდის, რომელიც წლების მანძილზე დაგროვილ ცოდნას,
თანამედროვე სამყაროს სიახლეებთან გააერთიანებს“, - ვკითხულობთ
სოფლის განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე, რომელიც
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს
ერთ-ერთი სსიპია.
სოფლის განვითარების სააგენტოს საიტზე ათობით სხვადასხვა პროექტებზე
უდევთ ინფორმაცია, რომელთა ნაწილი დასრულებული და ნაწილი ჯერ კიდევ
მიმდინარეა. მაგალითად, სოფლად მეფუტკრეობის მხარდაჭერა, თხილის
წარმოების ხელშეწყობა, მიწის ნაკვეთზე სოფლის მეურნეობის პროდუქციის
წარმოების ხელშეწყობის პროგრამა და სხვა. ამ პროექტების მიზანი და
ამოცანა, როგორც სააგენტოს ვებ-გვერდზეს მითითებული, სოფლის გაძლირება
და ადგილობრივების მხარდაჭერაა.
თუმცა, ჩვენს მიერ წერილობით კითხვაზე, თუ რა კონკრეტულ ნაბიჯებს
ახორციელებს სამინისტრო იმისათვის, რომ სოფლები (ამ შემთხვევაში
იმერეთის რეგიონში) არ დაიცალოს მოსახლეობისგან? - პასუხი ვერ
მივიღეთ. სამაგიეროდ, სააგენტოს მიერ 2013 წლიდან (იმ დროიდან, როცა
სამინისტრომ შესაბამისი პროექტების განხორციელება დაიწყო) დღემდე
განხორციელებული პროექტებზე მოგვაწოდეს ინფორმაცია.
რომლის მიხედვით, იმერეთის რეგიონში შეღავათიანი აგროკრედიტის
პროექტების ფარგლებში 2013 წლიდან მიმდინარე წლის 30 სექტმებრის
მდგომარეობით 228 უნიკალურ ბენეფიციარზე ბანკების მიერ გაიცა 250 952
062 ლარის ღირებულების 3 848 სესხი.
„შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის მიზანია, აგრომეწარმეებისთვის
ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გზით, სოფლის მეურნეობის პირველადი
წარმოები გადამამუშავებელი წარმოების, აგროპროდუქციის შენახვისა და
რეალიზაციის ხელშეწყობა. პროექტის ფარგლებში, სოფლი მეურნეობის
პირველადი წარმოების, გადამამუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის
მიმართულებით დასაქმებული ფერმერები და საწარმოები საფინანსო
ინსტიტუტებისგან იღებენ აგროკრედიტს და აგროლიზინგს ძირითადი და
საბრუნავი საშუალებებისათვის კრედიტებს/ლიზინგებს გასცემენ პროექტში
მონაწილე კომერციული ბანკები/საფინანსო ინსტიტუტები (10 ბანკი და 3
სალიზინგ ორგანიზაცია), ხოლო სააგენტო ახორციელებს სესხის/ლიზინგის
საპროცენტო განაკვეთის/ლიზინგის საზღაურის თანადაფინანსება უნდა
აღინიშნოს, რომ აგროსექტორით საბანკო/სალიზინგო სექტორის დაინტერესება
პროექტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანეს მიღწევაა, რაც სოფლის მეურნეობის
განვითარებას უწყოფს ხელს. აღნიშნული პროექტის განხორციელებით,
მეწარმეებისა და ფერმერებისთვის ხელმისაწვდომი გახდა იაფი ფინანსური
რესურსი“, - განმარტავენ სოფლის მეურნეობის განვითარების
სააგენტოში.
თუმცა, ირკვევა, რომ ამ პროექტების შესახებ სოფლის მოსახლეობა
ნაკლებად ინფორმირებულია. გარდა ამისა, პრობლემაა ისიც, რომ
ინფორმაციის არსებობის შემთხვევაშიც კი, სოფელს შემორჩენილი ასაკოვანი
ადამიანები ამ პროექტების განხორციელებას ვერც შეძლებენ. გამოცხადებულ
პროექტებში ძირითადად ქალაქში მცხოვრები ადამიანები, რომლებსაც სოფელი
აქვთ, მონაწილეობენ. ტყიბულის საინფორმაციო სკონსულტაციო ცენტრშიც
აღნიშნავენ, რომ სამინისტროს მიერ გამოცხადებულ პროექტებს, ძირითად
შემთხვევაში, ქალაქში მცხოვრები ადამიანები ახორციელებენ, რომლებსაც
სოფელი აქვთ.
„სოფელ ძმუისში კენკროვანი კულტურების ქვეკომპონენტში 100 %-იანი
სახელმწიფოს დაფინანსებაა, რომლის ფარგლებში ამერიკული ლურჯი მოცვი
გააშენეს დებმა. მათგან ერთი ცხოვრობს ქუთაისში და შაბათ/კვირას ჩადის
სოფელში“, - ამბობს ტყიბულის საინფორმაციო სკონსულტაციო ცენტრის
მთავარი სპეციალისტი, რევაზ ყვავაძე.
სოციალური სამართლიანობის ცენტრში მიაჩნიათ, რომ სოფლის განვითარების
პროგრამები გლეხების გაძლიერებაზე კი არ არის მორგებული, არამედ
მსხვილ ფერმერებს აძლიერებს და მათ კეთილდღეობას უფრო ემსახურება.
„თუნდაც ტექნიკით მხარდაჭერა, არის მხოლოდ განსხვავებული კულტურის
ჯიშებზე და არა იმ მეურნეობაზე, რომლებიც ადგილზე მცხოვრები
გლეხისათვის სასიცოცხლოდ გადამწყვეტია“, - ამბობს სოციალური
სამართლიანობის ცენტრის თანასწორობის პროგრამის დირექტორი, თამთა
მიქალაძე.
მიქალაძე იმასაც აღნიშნავს, რომ სოფლის განვითარებაზე და სოფელში
ადამიანების მიზიდვაზე არა მხოლოდ სოფლის მეურნეობის სამინისტრო უნდა
ზრუნავდეს, არამედ ამაში ჩართული უნდა იყოს მთელი რიგი
სამინისტროები.
"ეს არის კომპლექსური საკითხი. ის, რომ სოფელში გზა ან წყალი არ არის,
ამაზე შესაბამისი სამინისტრო უნდა ზრუნავდეს. დაცარიელებულ სკოლებსა
და ბაღებზე განათლების სამინისტროს და ასე შემდეგ“, - ამბობს თამთა
მიქელაძე.
სოციალური სამართლიანობის ცენტრში ამბობენ, რომ სოფლებში რეალური
საჭიროებების განსაზღვრა და მიზნობრივი პრიორიტეტების დალაგება
თვითმმართველობების დონზე უნდა მოხდეს.
„საბოლოო ჯამში, ყველაფერი არის პოლიტიკა და ნება უნდა იყოს, რომ ჯერ
რეალური საჭიროებები განისაზღვროს და შემდეგ განხორციელდეს“.
მასალის გამოყენების პირობები