ტყიბულის რაიონის სოფელ მოწამეთაში მცხოვრებ ნუგზარ ბაბუხადიას
მრავალსულიან ოჯახს საცხოვრბელი ფართიდან გამოსახლება ემუქრება.
ბაბუხადიების მტკიცებით, ისინი იმ თაღლითური სქემის მსხვერპლი
გახდნენ, რომლის უკანაც მათივე თქმით, წლების წინ "ქართუ" ბანკის
ქუთაისის ფილიალის და ამჟამად ზესტაფონის გამგებელი, ტარიელ
თუთარაშვილი და მასთან დაახლოებული პირები დგანან.
"წლების განმავლობაში ვეძებთ სამართალს და ვერ მივაღწიეთ. ამ საქმეს
შეეწირა მამის სიცოცხლე, რომელიც სრულიად ჯანმრთელი იყო და
ნერვიულობამ სიცოცხლე მოუსწრაფა. დავთმეთ ჩვენი საცხოვრებლის ნაწილი
და ახლა ამ დანაშაულებრივ კლანს უნდა, რომ მთლიანად გამოგვაგდონ
სახლიდან," - ამბობს გარდავლილი ნუგზარ ბაბუხადიას შვილი, ნანა
ბაბუხადია.
ბაბუხადიების ოჯახი ტყიბულის რაიონის სოფელ მოწამეთაში (პოლიციის
შენობის მიმდებარედ) 400 კვ.მ საცხოვრებელ სახლს ფლობენ, რომლის
ნაწილიც (200 კვ.მ) 2014 წელს აუქციონის წესით გაიყიდა.
გასული წლის ბოლოს კი, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ბაბუხადიებმა
შეტყობინება მიიღეს, რომლის საფუძველზეც მათ დარჩენილი ქონების
დატოვება და უსახლკაროდ დარჩენა ემუქრებათ.
"წინადადება გეძლევათ ნებაყოფილობით გამოათავისუფლოთ უძრავი ქონება,
წონააღმდეგ შემთხევაში მოხდება იძულებითი გამოსახლება,"- აღნიშნულია
აღსრულების ეროვნული ბიუროს გამაფრთხილებელ წერილში.
ქონების დაკარგვის ქრონოლოგია
საქმეს, თუ როგორ აღმოჩნდა ბაბუხადიების ფართი ოპოთეკით დატვირთული და
ვინ დგას ამ საქმის უკან შვიდწლიანი ისტორია აქვს. ოჯახის უფროსმა,
ნუგზარ ბაბუხადიამ წლების წინ ბიზნესის წამოწყება და საკუთარ სახლში
საცხობის მოწყობა გადაწყვიტა, რისთვისაც მან ბანკებს სესხის ასაღებად
მიმართა. ნუგზარ ბაბუხადიას, ასაკის გამო, სესხის გაცემაზე უარი
უთხრეს.
ნანა ბაბუხადიას თქმით, ერთ-ერთ მორიგ მცდელობაზე "ქართუ ბანკის"
ქუთაისის ფილიალის ოპერატორსა და მის მამას შორის გამართულ საუბარს
ბანკის იმჟამინდელი მმართველი, ტარიელ თუთარაშვილი შეესწრო.
თუთარაშვილმა ნუგზარ ბაბუხადიას თანხის მიცემაზე თანხმობა განუცხადა,
სანაცვლოდ კი მის ბიზნესში 5%-იანი წილი მოითხოვა.
2010 წლის 17 მაისიდან 8 ნოემბრამდე ბაბუხადიამ თუთარაშვილისგან 0%-ად
21 900 დოლარის ოდენობის ფულადი თანხა ნაწილ-ნაწილ მიიღო, რაც
თუთარაშვილის მიერვე ხელნაწერი დოკუმენტითაც დასტურდება.
ნანა ბაბუხადია ამტკიცებს, რომ სესხის გაცემის ხელშეკრულება, რომელიც
2010 წლის 17 მაისით თარიღდება, მოგვიანებით შეადგინეს, რის შესახებაც
ბაბუხადიების ოჯახმა მოგავინებით შეიტყო. ხელშეკრულებაში მითითებულია,
რომ თანხა 0%-იანია, თუმცა რაოდენობა გაზრდილია (30 000 დოლარი) და
ასევე, ბაბუხადიების საცხოვრებელი ფართის ნაწილი, 200 კვ.მ იპოთეკით
დაიტვირთა.
დაგვიანებით შედგენილ ხელშეკრულებას თან ახლავს სესხის გადახდის
გრაფიკი, რომელიც ბანკების მიერ გაცემული ტრადიციული გრაფიკისგან
რადიკალურად განსხვავდება.
მომხდარი ფაქტი ბაბუხადიებმა 2012 წელს პროკურატურაში გაასაჩივრეს.
ქუთაისის რაიონულ პროკურატურაში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და
მას თაღლითობის კვალიფიკაცია მიეცა (#046270212001, 27.02.2012წ).
თუმცა, ოჯახი ამტკიცებს, რომ ხელისუფლების ცვლილებიდან სამ დღეში,
2012 წლის 3 ოქტომბერს საქმე დაიხურა. ნანა ბაბუხადია საქმის დახურვას
2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს უკავშრებს, რომლის
წყალობითაც "ქართუ" ბანკის ქუთაისის მმართველი, ტარიელ თუთარაშვილი
ზესტაფონის გამგებელი გახდა.
საქმეში მონაწილე პირები
2014 წელს აუქციონის წესით გაიყიდული ბაბუხადიების ქონების შემძენი
სენაკში მცხოვრები შორენა ლომია გახდა, რომელიც ტარიელ თუთარაშვილის
ნდობით აღჭურვილი პირის, გიორგი კამლაძის თანაქალაქელი და
ბიზნესპარტნიორია.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით ირკვევა, რომ გიორგი
კამლაძეს ინდ.მეწარმის სტატუსი 2011 წელს გაუუქმდა. მანამდე კი ის
საგადასახადო უწყებაში ინდ.მეწარმედ ფიქსირდებოდა და სალომბარდო
საქმიანობას აწარმოებდა. გიორგი კალმაძეს სამეგრელოსა და იმერეთის
რეგიონში ლომბარდების ქსელის მფლობელი გახლდათ. ასევე, დღემდე
სალომბარდო საქმიანობას ეწევა შორენა ლომიაც. ორივე დასახელებულ პირს
საქმიანი ურთიერთობა აკავშირებთ "ქართუ" ბანკის" ქუთაისის
ფილიალთან.
ქუთაისიპოსტი ტელეფონით დაუკავშირდა შორენა ლომიას, რომელმაც ამ
თემაზე საუბარი არ ისურვა და საკუთარი ვინაობაც კი დამალა. თუმცა,
გასულ წელს ჩვენთან სატელეფონო საუბარში ლომიამ განაცხადა, რომ
ბაბუხადიების გამოსახლება მის ინტერესებში არ შედიოდა და პრეტენზია
მხოლოდ იმ ფართზე გააჩნდა, რაც აუქციონის წესით შეიძინა.
"მე მხოლოდ ის 200 კვ.მ მაინტერესებს, რაც შევიძინე. ისინი იმ ფართში
დღემდე ცხოვრობენ. დანარჩენი ფართი არ ვიცი, არ ვარ საქმის კურში," –
აცხადებდა გასულ წელს სატელეფონო საუბარში შორენა ლომია.
ქუთაისიპოსტმა ბაბუხადიების საქმეზე დაკავშირება ზესტაფონის
გამგებელთანაც ცადა. თუმცა, არაერთი მცდელობის მიუხედავად თუთარაშვილი
ჟურნალისტის ზარს არ პასუხობს.
2015 წელს კი ტარიელ თუთარაშვილმა "ქუთაისპოსტთან" საუბარისას
ბაბუხადიების საქმე, დიდხნიანი ისტორიის გამო, ვერ გაიხსენა. თუმცა,
როგორც აღმოჩნდა, ზესტაფონის გამგებელს კარგად ახსოვდა ის, რომ
ბაბუხადიებმა თანხა არა "ქართუ" ბანკისგან, არამედ კერძო
ინვესტორისგან მიიღეს, რომელთანაც სწორედ მან დააკავშირა.
ზესტაფონის გამგებელმა ასევე, გაიხსენა მისი ხელით გაკეთებული 21 900
დოლარის ხარჯთაღრიცხვა, რომლის დედანიც პროკურატურაში დღემდე ინახება.
ამასთანავე, ბაბუხადიების ოჯახის ტრაგედიის უკან მის ინტერესებს
სიცრუე უწოდა.
გარდაცვლილი ნუგზარ ბაბუხადიას შვილი კი ამბობს, რომ მათი სახლი,
სტრატეგიული ადგილმდებარეობის გამო, მთლიანად წარმოადგენს
თუთარაშვილის და მასთან დაახლოებული პირების ინტერესებს და არა
ნაწილობრივ.
"ეს იასეთი ადგილია, მათ უნდათ მთლიანად ხელში ჩიგდონ. თავის დროზე,
როცა თუთარაშვილი ჩვენთან ყოველდღიურად დადიოდა, თქვა, რომ აქ კარგი
სასტუმრო ან რესტორანი გაკეთდებოდა. არ გამოვრიცხავ ეს იყოს მათი
ინტერესი, რომელსაც მამაჩემის სიცოხცლე შეეწირა," - აცხადებს ნანა
ბაბუხადია.
ბაბუხადიების ოჯახი სამართალს დღემდე სხვადასხვა უწყებებში ეძებენ,
თუმცა, როგორც აცხადებენ, სამართლის პოვნა უჭირთ.
მასალის გამოყენების პირობები