საზოგადოება
200 წლიანი ღალატი და 30 წლიანი პარტნიორობა - რა გამოცდილებას ეფუძნება რუსეთთან და ევროპასთან ურთიერთობა
FaceBook
რას აჩვენებს რუსეთთან 200 წლიანი ურთიერთობა და რა გამოცდილებას გვთავაზობს ევროპასთან ბოლო 30 წლიანი თანაშრომლობა?

რაზე მიანიშნებენ ისტორიული ფაქტები? რას აჩვენებენ ამ მოვლენებით აღძრული შედეგები?

ისტორიკოს დავით ხვადაგიანისთვის და რონდელის ფონდის მკვლევარ გიორგი ბადრიძისთვის რუსეთთან ურთიერთობა მხოლოდ შეთანხმების, პირობის, დარღვევისა და ღალატის ორასი წელია და რუსეთის მხრიდან ამ "ფორმით" ურთიერთობა სათავეს მე- 16 საუკუნიდან იღებს.

"რუსეთთან კავშირების დამყარების მცდელობა დაიწყო ჯერ კიდევ მე-16 საუკუნის ბოლოს, როდესაც კახეთის მეფე ალექსანდრემ გაგზავნა ელჩობები და ბორის გოდუნოვისგან მიიღო დელეგაცია. პირველი გაფრთხილება, რომ მათთან საქმის დაჭერა არ შეიძლებოდა, მაშინვე მივიღეთ. არსებობს არაჩვეულებრივი ჩანაწერები, რომელიც ასახავს რუსული ელჩობის საქართველოში ჩამოსვლას 1590-იან წლებში, სადაც ჩანს თუ როგორ ეპყრობოდნენ რუსი დიპლომატები არა მხოლოდ ქართველ უბრალო ადამიანებს, არამედ ალექსანდრეს კარის მაღალჩინოსნებსაც. ასე რომ რუსეთთან ურთიერთობა დაიწყო სკანდალით", - ამბობს რონდელის ფონდის მკვლევარი, გიორგი ბადრიძე.
სკანდალით დაწყებულ ურთიერთობას შინაარსი არ შეუცვლია ასწლეულების განმავლობაში. მკვლევარი ახსენებს ტოტლებენს, მის ექსპედიციას და მიტოვებულ ერეკლეს. შემდეგ, 1793 წლის გეორგიევსკის ტრაქტატს. მკვლევარის თქმით, ერეკლემ ვერ შეძლო კონტაქტის დამყარება ევროპის ქვეყნებთან და გადაწყვიტა, რომ რუსეთისთვის მიემართა როგორც უახლოესი "ევროპის მსგავსი" ქვეყანისთვის და მასთან შეეცადა პარტნიორულ ურთიერთობას, რომელიც პირველ რიგში გულისხმობდა უსაფრთხოების გარანტიებს, მაგრამ მისგან უსაფრთხოება არ მიუღია.

"ეს გამოჩნდა 1795 წლის შედეგებით, როდესაც აღა-მაჰმად-ხანმა თბილისი გაანადგურა. რუსეთს ვალდებულება ჰქონდა ქართლ-კახეთის მეფეს დახმარებოდა, თუმცა მან ეს ვალდებულება არაფრად ჩააგდო და მარტო შეატოვა აგრესორს. აქედან გამომდინარე, ეს ტრაქტატი შეიძლებოდა ანულირებულად ჩაითვალოს, რადგან მისი დარღვევით რუსეთმა საქართველო განსაცდელის წინაშე დატოვა", - ამბობს მკვლევარი და ისტორიკოსი დავით ხვადაგიანი.
მისი თქმით, ტრაქტატის პირობების დარღევა ამით არ დასრულებულა, ამას მოჰყვა ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმება, ანექსია და შემდეგ მთელი მე- 19 საუკენის განმავლობაში ქართველი სამეფო -სამთავრობოების დაპყრობა, განადგურება და გაუქმება.

"საქართველო 117 წლის განმავლობაში ოკუპირებუილია და მიერთებულია რუსეთს ორი გუბერნიის სახით. რუსეთთან "პარტნიორობაზე" ზედმეტია საუბარი, ეს არის დამპყრობილისა და დაპყრობილის ურთიერთობა", - ამბობს დავით ხვადაგიანი.

ხელშეკრულებების დარღვევის "ტრადიცია" გაგრძელდა მე -20 საუკუნეშიც.

"რუსეთის მიერ ხელშეკრულების დარღვევის კიდევ ერთი საინტერესო პრეცენდენტი არის, როდესაც საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა გამოცხადდა. 1918 წელს, დამოუკიდებლობის აქტში ხაზგასმულია, რომ რუსეთს გეორგიევსკის ტრაქტატით ჰქონდა ვადლებულება საქართველოს სამეფო სამთავრობოების დაცვის, რაც რუსეთმა არაფრად ჩააგდო და დაივიწყა. ქართველი პოლიტიკოსები ხაზს უსვამდნენ იმას, რომ 1917 წელს რუსულმა არმიამ ფაქტობრივად კატასტროფა განიცადა ამიერკავკასიის ფრონტზე, დროთა განმავლობაში დატოვა მთელი სამხრეთ კავკასია და გაიქცა ბრძოლის ველიდან. საქარველოსა და სომხეთის მიმართულება მთლიანად შეატოვა დაუცველად აგრესიულ ოსმალეთის იმპერიას. ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა საქართველო. ქართველი პოლიტიკოსები ამას უსვამდნენ ხაზს, რომ ჯერ სწორედაც იმიტომ გვაქვს დამოუკიდებლობის ლეგიტიმურად გამოცხადების უფლება, რომ რუსეთმა ხელშეკრულება დაარღვია. ეს რა თქმა უნდა დიპლომატიური მანიპულაცია იყო, მაგრამ ესეც შეიძლება ჩაითვალოს ხელშეკრულების დარღვევად, თუკი ფილოსოფიურად მივუდგებით", - ამბობს დავით ხვადაგიანი.

შემდეგ იყო 1920 წლის 7 მაისის შეთანხმება, საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და რუსეთის ბოლშევიკურ ხელისუფლებას შორის, რაც ურთიერთაღიარებას გულისხმობდა , რომლის საფუძველზეც საქართველო იღებდა რუსეთიდან მისი უსაფრთხოების გარანტიას. ოღონდ ამის საფუძველი უნდა ყოფილიყო ბრიტანული ჯარების გასვლა საქართველოდან.

"როგორც კი საქართველო დარჩა მარტო პირისპირ რუსეთის წინაშე, ცხრა თვე არ იყო გასული ამ შეთანხმებიდან, რომ ყოველგვარი პროვოცირების გარეშე ბოლშევიკური რუსეთი თავს დაესხა საქართველოს. გააუქმა მისი დამოუკიდებლობა, მოახდინა ანექსია და დაიწყო ქართული ინტელექტუალური ელიტის, ყველაზე წარჩინებული ქართველების სისტემატური განადგურება", - ამბობს გიორგი ბადრიძე.
მკვლევარების თქმით, რუსეთი ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს არღვევს საქართველოს დამოუკიდებლობის წლებშიც. აფხაზეთის ომში სამი ხელშეკრულება დაარღვია ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე, რის გამოც დაიკარგა გაგრა და მერე სოხუმი.

"რუსეთთან ბოლო შეთანხმებები დღეს საზოგადოებას კარგად უნდა ახსოვდეს. ჯერ თითქოს ეს იყო შუამავლობა აფხაზეთის ომში, რომელიც ყოველ ჯერზე მთავრდებოდა ღალატით - გნებავთ გაგრაში, გნებავთ სოხუმში", - ამბობს გიორგი ბადრიძე.

დასავლეთის ქვეყნებთან ურთიერთობა სხვა გამოცდილებას ეფუძნება, აღნიშნავენ მკვლევარები. პირველ რიგში, იმიტომ რომ "საქართველოს დასავლეთთან ურთიერთობა ეს არის ბუნებრივი მოცემულობა. საქართველო, მისი მმართველი წრეები, როგორც კი შესაძლებლობა მიეცემოდა რუსეთისგან დამოუკიდებელი პოლიტიკა ეწარმოებინათ, ყოველთვის ცდილობდნენ დასავლეთთან პარტნიორობას, ევროპის ნაწილად გახდომას და ეს არა მარტო 200 წლის ამბავია, არამედ ისტორიული მოცემულობაა", - ამბობს დავით ხვადაგიანი.

დასავლეთს რაიმე პირობა დაერღვია და ზიანი მიეყენებინა საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის, ასეთი შემთხვევა არ არსებობს. პირიქით, დასავლეთთან პარტნიორობის ბოლო 30 წელი - უწყვეტი დახმარების და მხარში დგომის ურთიერთობას ეფუძნება, აღნიშნავენ მკვლევარები.

"ევროპა-აშშ-სთან ურთიერთობის ბოლო 30 წელი, ქართული სახელმწიფოებრიობის გაძლიერების, დემოკრატიული პროცესების წინსვლისა და ქართული არმიისთვის მნიშვნელოვანი დახმარების გაწევის წლებია. წლების განმავლობაში ჩვენი ხელისუფლებები ასეულობით მილიონ დოლარს იღებდნენ სხვადასხვა დანიშნულებით. ეს იყო ზოგჯერ პირდაპირი საბიუჯეტო დახმარება, იყო დაფინანსება სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების: გზების, კანალიზაციის, წყალგაყვანილობის, რომელთა სიკეთითაც სარგებლობდა ჩვეულებრივი მოქალაქე. აშშ-დან ფინანსდებოდა პროგრამები ჯანდაცვის სფეროში, რომლებმაც პირდაპირი მნიშვნელობით სიცოცხლე შეუნარჩუნა ათასობით ადამიანს", - ამბობს რონდელის ფონდის მკვლევარი, გიორგი ბადრიძე.

დავით ხვადაგიანის თქმით, თავისუფალი სამყარო დემონიზებული არის რუსული აგრესიული პოლიტიკის და აგრესიული პროპაგანდის მიერ. პროპაგანდის მათავარი გზავნილი ომზე აპელირებაა, რომლის თანახმად, თითქოსდა დასავლეთი, რაც საკუთარი სახსრებით აშენა, იმის "ომით" და "კონფლიქტებით" დანგრევას აპირებს.

"წესით ადამიანებს, თუკი ბოლო ათწლეულები გამოქვაბულში არ უცხოვრიათ, მათთვის ცნობილი უნდა იყოს, რომ მსოფლიოს ერთადერთი რეგიონი, სადაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ყოფილა არანაირი კონფლიქტი, არ ყოფილა მშვიდობიანი განვითარების პროცესის რაიმე დარღვევა, არის ევროპისა და ევროატლანტიკური რეგიონის ქვეყნები", - მიაჩნია გიორგი ბადრიძეს.

მკვლევარების დასკვნით, დასავლეთი არის საქართველოს ბუნებრივი და ისტორიული განვითარების გზა. შესაბამისად, საქართველო უნდა დაბრუნდეს დასავლურ რელსებზე.




Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის
სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა
სჭირდება.
11:32 / 11.10.2024
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.