ემიგრაცია, როგორც სიღარიბისა და უიმედობისგან თავის დაღწევის გზა
17:10 / 04.08.2024
იმერეთის რეგიონი მოსახლეობისგან ყოველდღიურად იცლება.
თუკი 2023 წელს იმერეთში 463 100 ადამიანი ცხოვრობდა, საქსტატის ბოლო,
2024 წლის იანვრის მონაცემებით, მოსახლეობის ეს რაოდენობა 20 800
ადამიანით არის. კლების ამ მაჩვენებლის მიხედვით, რეგიონს
ყოველდღიურად, დაახლოებით, 50-მდე ადამიანი ტოვებს.
ემიგრაციის ხარჯზე მოსახლოების შემცირება იმერეთის რეგიონიდან ყველაზე
მეტად ქუთაისზე აისახა. ერთ დროს სიდიდით მეორე ქალაქმა, საქსტატის
2023 წლის მონაცემებით, მე-4 ადგილზე გადაინაცვლა მოსახლეობის
რიცხოვნობის მიხედვით.
ექსპერტები აღნიშნავენ, რომ თუკი აქამდე მოქალაქეები ქვეყანას მძიმე
სოციალური ფონის გამო ტოვებდნენ, ახლა ემიგრაციაში, ოჯახებით,
უპერსპექტივობის მიზეზით მიდიან. ისინი უკიდურესად საგანგაშო
სიტუაციაზე მიუთითებენ და აცხადებენ, რომ „რუსულმა კანონმა“ კიდევ
უფრო გააღრმავა ადამიანებში უიმედობის განცდა. ექსპერტების შეფასებით,
თუკი ქვეყანაში პოლიტიკური სტაბილურობა არ დაბრუნდება, ცოტა ხანში
ქვეყანაში გადასახადების გადამხდელი აღარავინ დარჩება. ამასთან ერთად,
კვალიფიციური კადრის და დემოგრაფიული პრობლემებიც შეიქმნება.
რატომ მიდიან
ემიგრაციაში
ლალი ნამგალაძე ათეული წლებია ქუთაისის ე.წ. მწავნე ბაზარში მუშაობს.
ამბობს, რომ ოჯახში სხვა წევრებიც არიან დასაქმებულინმ თუმცა,
შემოსავალი იმდენად ცოტაა, რომ საკვებს, წამლებს და ბავშვებისთვის
განათლების მიცემას არ ჰყოფნის.
„ამიტომაც, წელიწადნახევარია ჩემი შვილი ემიგრაციაში წავიდა. სხვა გზა
აღარ გვქონდა. ახლა მის მიერ გამოგზავნილ ყოველთვიურ თანხაზეა ოჯახი
დამოკიდებული“, - გვიყვება ემიგრანტის დედა და ამბობს, რომ ამ
ქვეყანაში იმედიც არსაიდან არის, რომ სოციალური მდგომარეობის
გაუმჯობესების მოლოდინი ჰქონდეს.
ანალოგიურად, არასაკმარისს ხელფასს გაექცა ორი წლის წინ იტალიაში
ხათუნა მარგველაშვილიც, რომელმაც საქართველოში ორი შვილი და
მცირეწლოვანი შვილიშვილი დატოვა.
„სახლი ერთს აქვს, მეორეს - არა. ქუთაისში სამარცხვონო ხელფასით სახლს
კი არა, ნორმალურად საჭმელსაც ვერ შეჭამ. ახლა რასაც ვუყურებ შორიდან,
რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში, კარგი ვქენი, რომ დროულად გავეცალე.
მაგრამ, ახალგაზრდა შვილებზე მეფიქრება, რა პერსპექტივა აქვთ მანდ?!“,
- ამბობს ემიგრანტი.
ხათუნა პროფესიით პედაგოგია. ის წლების განმავლობაში ერთ-ერთ კერძო
სკოლაში მუშაობდა. დაბალი ხელფასის გამო წამოვიდა სკოლიდან და მუშაობა
საცხობში დაიწყო. თუმცა, ამბობს, რომ შრომა იქაც არ დაუფასდა.
არათანასწორ სოციალურ პირობებზე, დარღვეულ შრომით უფლებებსა და
არასაკმარის ანაზღაურებაზე წლებია „სოციალური სამართლიანობის ცენტრში“
საუბრობენ. ორგანიზაცია ქვეყანაში ეკონომიკური და სოციალური
უსამართლობის გამოვლენაზე მუშაობს. ცენტრში ამბობენ, რომ მიგრაცია
პირდაპირ კავშირშია არასათანადო სოციალური დაცვის სისტემასთან და
შრომის უფლებების პირობების დარღვევასთან.
„საქართველოში სხვადასხვა სამსახურში მუშაობენ ადამიანები, მაგრამ
საბაზისო ფინანსური საჭიროებების დაკმაყოფილებას მაინც ვეღარ
ახერხებენ. ამიტომაც, ემიგრაციაში მიდიან და ყველაზე რთულ სამუშაოზე
არიან თანხამა, რადგან იქ ანაზღაურება უკეთესია. ჩვენი დაკვირვებით,
ადამიანმა საქართველოში შეიძლება სრულ განაკვეთზე იმუშაოს, მაგრამ არ
ანაზღაურდება ადეკვატურად. ასევე, ზეგანაკვეთური შრომა არ არის
დაფასებული და ყოველივე ეს ადამიანს აფიქრებინებს ჩვენს ქვეყანაში,
რომ წავიდეს ემიგრაციაში“, - განმარტავს „სოციალური სამართლიანობის
ცენტრის“ სოციალური პოლიტიკის პროგრამის დირექტორი სალომე შუბლაძე.
თუმცა, აღნიშნავს იმასაც, რომ ბოლო წლებში, ემიგრაციაში წასული
ადამიანების უმეტესობა, გაურბის არა მხოლოდ სოციალურ ფონს, არამედ -
უიმედობასაც.
„ქვეყნიდან მიდიან იმიტომ, რომ არის უპერსპექტივობის განცდა“, -
ამბობს სალომე შუბლაძე.
ექსპერტი გია ხუხაშვილიც აღნიშნავს, რომ ემიგრციაში მყოფი
მოქალაქეები, კონკრეტულად, კი, ახალგაზრდები, არა უფულობას, არამედ,
თავიანთი ამბიციების და თვითრეალიზაციის დაუკმაყოფილებლობას
გაურბიან.
„ისეთი ხალხი მიდის, ვისზეც უნდა იდგეს ეს ქვეყანა. ბოლო 30 წელი
ბევრი გაჭირვება ვნახეთ, ბევრი პრობლემები გვქონდა, სამოქალაქო ომიც
კი. მიუხედავად იმისა, რომ ცუდი ხელისუფლებები გვყავდა, გვყავდა
ბოროტებიც, მაგრამ არავის ეჭვქვეშ არ დაუყენებია ქვეყნის განვითარების
გზა. დღევანდელმა ხელისუფლებამ ეს გზა დააყენა ეჭქვეშ, წარმოუდგენელი
რაღაცა ხდება, დასავლური ვექტორით ქვეყნის განვითარება 90 -იანებშიც
კი ეჭქვეშ არ დამდგარა, პირიქით, მაშინ გაჭირვება უფრო მეტი იყო,
მაგრამ იყო იმედი. დღეს ამ ხელისუფლებამ შეძლო ადამიანებში ამ იმედის
დაკარგვა“, - მიაჩნია გია ხუხაშვილი.ის ამბობს, რომ რეალურად დღეს
ადამიანებს არა ფინანსური არასტაბილურობა, არამედ მომავლის რწმენის
არქონა აშინებთ.
სწორედ, ამ ორ მდგომარებას: უიმედობას და სიღარიბეს ქუთაისიდან წლების
განმავლობაში ათასობით ადამიანი გაექცა. თუკი 2023 წელს ქუთაისში 130
400 ცხოვრობდა, დღეს ეს მაჩვენებელი 4 800-ით არის შემცირებული.
საქსტატის მონაცემებით, ბოლო 11 წლის განმავლობაში ქუთაისი 23 300-მა
ადამიანმა დატოვა, ხოლო 30 წლის განმავლობაში ეს რიცხვი 106 600-ს
შეადგენს.
ქალაქის დაცლასა და მოქალაქეების ემიგრაციაში გაქცევაში პრობლემას ვერ
ხედავენ ადგილობრივ თვითმმართველობაში. ქუთაისის უკვე ყოფილ მერი
იოსებ ხახალეიშვილი (მან თანამდებობა 2024 წლის 15 ივლისს დატოვა)
ამბობდა, რომ მოქალაქეებს საზღვარგარეთ წასვლაში ხელი არც უნდა
შევუშალოთ.
“ნებისმიერი თანაქალაქელი, რომელიც მიდის ევროპაში და მიიღებს სამჯერ
უფრო მეტ ანაზღაურებას, ვინ არ წავა და ვინ იტყვის ამაზე უარს? და რა
ბერკეტით ფიქრობთ თქვენ, რომ ეს ადამიანი არ წავიდეს? სამჯერ მეტი
ხელფასის მიმცემი ვინ არის მისთვის ამ ქალაქში, ან საქართველოში?
ამიტომ გეუბნებით, ამ ადამიანს ხელი უნდა შევუშალოთ, წავიდეს და იქ
იმუშაოს, დააგროვოს რაღაც გამოცდილება, გინდა ქონება და დაბრუნდეს ამ
ქალაქში, ან ქვეყანაში?“, - განაცხადა საკრებულოს ერთ-ერთ სხდომაზე
ქუთაისის მერმა.
ქალაქების დაცარიელებაში, რეგიონების არათანაბარი განვითარების
პრობლემას და თვითმმართველი ქალაქების სუსტი ხელმძღვანლების
ბრალეულობას ხედავს ექსპერტი, თვითმმართველობების გაძლიერების
საკითხებში, კოტე კანდელაკი. მისი თქმით, წარმოუდგენელია, ქუთაისი,
რომელიც ერთ დროს მრავალრიცხოვანი და ინდუსტრიის მშენებელი ქალაქი
იყო, ახლა სრულ ეკონომიკურ და დემოგრაფიულ ვარდნას განიცდიდეს. იგი ამ
პრობლემას, იმ შეუსრულებელ დაპირებებს უკავშირებს, რომელსაც „ქართული
ოცნება“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ქუთაისელებს ჰპირდებოდა. მისი
შეფასებით, ქალაქმა წლებია თავისი ეკონომიკური ადგილი ვერ იპოვა.
„იყო დაპირებები, მაგრამ არაფერი შესრულდა. ითქვა ელექტრომობილების
ქარხანაზე და კიდევ სხვადასხვა თემა იყო წამოწეული, თუმცა სამწუხაროდ,
ვერცერთი განხორციელდა, რამაც ხელი შეუწყო ქალაქის ეკონომიკურ
დაღმასვლას და ახალი სამუშაო ადგილების არარსებობას. კარგი იყო
აეროპორტი რომ გაიხსნა (2012 წელს), კარგი ხელშემწყობი პირობები იყო
ეკონომიკური აქტივობისთვის, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს სამკარისი არ
აღმოჩნდა. ემიგრაციაში იმიტომ მიდიან, რომ იქ უფრო მეტია ანაზღაურება,
ვიდრე საქართველოში და ადამიანებს იქ ურჩევნიათ მუშაობა, თორემ არავის
ეხალისება საკუთარი ქვეყნის და ოჯახის დატოვება“, - განმარტავს კოტე
კანდელაკი.
შეუსრულებელი დაპირებებით გამოწვეულ ეკონომიკურ დაღმასვლას, ემატება
ისიც, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ქუთაისს საპარლამენტო ქალაქის სტატუსი
და მასთან ერთად, ის ხუთი უწყება წაართვა, რომელიც ქალაქის
ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივებისთვის პერსპექტივის
გაჩენაზე იყო გათვლილი.
მთავრობის სახლი, პარლამენტი, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების
მარეგულირებელი კომისია, საგზაო დეპარტამენტი და კონტროლის პალატა -
ამ უწყებებს ქალაქში ახალი სიცოცხლე და სამუშაო ადგილები უნდა
გაეჩინა. ამ მიზნით, თბილისიდან ქუთაისში სამთავრობო უწყებების
გადატანა 2008 წლიდან სემეკით დაიწყო და 2012 წელს ქალაქში ქვეყნის
საკანონმდებლო ორგანოს გახსნით დასრულდა. მაშინდელ ხელისუფლებას ამაზე
ჰქონდა მიბმული კერძო ბინზესის განვითარება, ინვესტიციების მოზიდვა და
ასე შემდეგ.
თუმცა, „ოცნების“ მთავრობამ 2013 წლიდან უწყებები ზუსტად იგივე
თანმიმდევრობით დააბრუნა უკან თბილისში, როგორადაც მოხდა მათი
ქუთაისში გადატანა. წართმეული უწყებების სანაცვლოდ, მთავრობა ქალაქს
60 000 სტუდნეტზე გათვლილ საერთაშორისო უნივერსიტეტს და
ელექტომობილების ქარხანას დაჰპირდა. ამ უკანასკნელს, „ოცნების“
ხელისუფლების თქმით, წელიწადში 40 000 მდე ავტომობილი უნდა
ეწარმოებინა. თუმცა, ტერიტორია, სადაც ელქტრომობილების ქარხანა უნდა
აშენებულიყო, მიტოვებულია. ხოლო საერთაშორისო უნივერსიტეტში მხოლოდ
500-მდე სტუდენტი სწავლობს.
„თუკი ქალაქში არავინ დარჩა, საიდან შევა გადასახადი ბიუჯეტში,
საიდანაც ხელფასები ან პენსიები უნდა გასცენ. ამიტომაც ვიძახით, რომ
თვითმმართველობები რეალურად დამოუკიდებლები უნდა გახდნენ. ისინი არ
უნდა იმართებოდნენ ცენტრიდან, სხვანაირად საშველი და მოქალაქეების
ადგილზე დამაგრება ყოველთვის გაჭირდება“, - ამბობს ექსპერტი, კოტე
კანდელაკი.
ამაზე მიუთითებდა, ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ (2019 წელს)
არასამთავრობო ორგანიზაცია „ბანკები და ფინანსები“ თავის
კვლევაში.
„მსგავსი ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში ქვეყნის მწარმოებლურობა
და შესაბამისად ეკონომიკური ზრდა კიდევ უფრო შენელდება, რომ არაფერი
ვთქვათ მწვავე დემოგრაფიულ მდგომარეობაზე“, - ვკითხულობთ ორგანიზაცის
მიერ მომზადებულ კვლევაში.
ემიგრაციის მაღალი მაჩვენებლი და
ხელისუფლება
ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ 2023 წლის თებერვალს
ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ
საქართველოში ყოველი მეხუთე ადამიანი ქვეყნიდან წასვლაზე ფიქრობს.
ხოლო საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს საქართველოდან ემიგრაციაში
რეკორდულად ბევრი, 163 ათასი მოქალაქე წავიდა.
მიგრაციის ეს მაჩვენებლები 2024 წლის აპრილში შეაფასა
პრემიერი-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და თქვა, რომ: „ამას ორი
მიზეზი აქვს: პირველი არის ის, რომ ჯერ კიდევ დიდია ეკონომიკური
ჩამორჩენა ევროკავშირის ქვეყნებთან, მეორე კი ის, რომ გახსნილია
საზღვრები და უფრო მარტივია ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა.
მაგალითად, გერმანიასთან ჩვენი ჩამორჩენა, ცხოვრების დონის კუთხით,
ჯერ კიდევ სამმაგია“.
თუმცა, იქვე არ დავიწყებია იმის ხაზგასმა, რომ წინახელისუფლების დროს
ეს მაჩვენებელი უფრო მეტი იყო.
“ნაცმოძრაობის” დროს, როდესაც საზღვრები საერთოდ არ იყო გახსნილი,
მიგრაციის მაჩვენებელი ორჯერ უარესი იყო”, - აღნიშნა
პრემიერ-მინისტრმა.
რამდენად აზიანებს რეგიონს და ქვეყანას მოქალაქეების მზარდი გადინება
და რა არის ამის ძირითადი მიზეზი? რა უნდა გაკეთდეს პროცესის
შესაჩერებლად? - ამ და სხვა კითხვებზე პასუხების მიღება საქართველოს
პარლამენტის უმრავლესობის წევრებისგან ვცადეთ. შესაბამისი კითხვები,
საკონონმდებლო ორგანოს პრესსამსახურის წარმომადგენელს თამარ ჯანელიძეს
WhatsApp გავუგვზავნეთ. თუმცა, შეთანხმების მიუხედავად, უმრავლესობის
ვერცერთ დეპუტატთან ვერ შევძელით სატელეფონო ინტერვიუს ჩაწერა.
საქართველოში ემიგრანტების უკან დაბრუნებასა და მასთან დაკავშირებულო
სხვადასხვა თემაზე მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია "მუშაობს",
რომელიც მთავრობის დადგენილებით 2010 წელს შეიქმნა. კომისიის
ვებ-გვერდზე მითითებულია, რომ მიგრაცის საკითხი ერთ-ერთი პრიორიტეტია
ქვეყნისთვის. იქვე აღნიშნულია, რომ მიგრაციის საერთაშორისო
ორგანიზაციის საქართველოს მისია ნებაყოფლობითი დაბრუნებისა და
რეინტეგრაციის ხელშეწყობისკენ მიმართულ პროგრამებს 2003 წლიდან
ახორციელებს. პროგრამები განკუთვნილია საქართველოს მოქალაქეებისთვის,
რომლებიც უნებართვოდ იმყოფებოდნენ საზღვარგარეთ ან უარი ეთქვათ
ევროკავშირში თავშესაფრის მოთხოვნაზე - აღნიშნულია მიგრაციის საკითხთა
სამთავრობო კომისიის ვებ-გვერდზე.
„ჩვენი ორგანიზაციის ერთ-ერთი მიმართულებაა ემიგრანტების
ნებაყოფლობითი დაბრუნება. წლებია ამ პროგრამას ვახორციელებთ. 2003
წლიდან 20 000 ზე მეტი ადამიანია ჩამოსული ამ პროგრამით და აქედან 7
000- მდე ადამიანს საინტეგრაციო დახმარება ეკუთვნოდა, დანარჩენებს
მგზავრობაში დავეხმარეთ, დოკუმენტების მოწესრიგება და ასე შემდეგ“ , -
ამბობს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი რუსუდან
იმანიშვილი. მისი ინფორაციით, ორგანიზაციის დახმარებით, იმერეთის
რეგიოდან წასული ემიგრანტებიდან (2024 წლის მაისის მონაცემებით) 625
ადამიანი დაბრუნდა.
რა არის გამოსავალი
„ჩვენ შეგვიძლია რწმენა დავიბრუნოთ“, - ამბობს მკვლევარი და
ანალიტიკოსი ზურაბ ბატიაშვილი.
იგი გვიხსნის, რომ შეუძლებელია ქვეყანა დიდხანს იყოს ჭაობში.
ბატიაშვილს მიაჩნია, რომ ევროინტეგრაციის გზაზე დაპაუზებამ,
შეუძლებლია მთლიანი გზა ჩახერგოს.
„ნიჰილიზმის მიუხედავად, ჩვენ უნდა გამოვძებნოთ საკუთარ თავში ძალა,
რწმენა და არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავნებდეთ. ამისთვის კი წინ
არის ოქტომბრის არჩევნები, რომელიც რეალურად არის რეფერენდუმი და
გადარჩენის ერთადერთი შესაძლებლობა. სიღარიბე თუ მიგრაცია, ეს არის
კომპლექსური პრობლემა, რომელიც ცალკეულად ვერ მოგვარდება, თუკი
ქვეყნის განვითარების ვექტორი არ იქნება გასწორებული,“ - განმარტავს
ანალიტიკოსი. ზურაბ ბატიაშვილი ვფიქრობს, რომ დღეს, ნებისმიერი
პრობლემის ერთადერთი გამოსავალი 26 ოქტომბერია.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები