შინმოვლა - ასე ქვია სოციალურ პროგრამას, რომელიც ქუთაისის ადგილობრივ
ბიუჯეტში უკვე სამი წელია არსებობს.
თუმცა, სოციალური პროგრამის შესახებ ადგილობრივ მცხოვრებლებს
ინფორმაცია არ აქვთ.
შინმოვლის პროგრამა საქველმოქმედო ფონდ "საქართველოს კარიტასის"
დახმარებით ხორციელდება. იგი ქუთაისში რეგისტრირებულ, სოციალურად
დაუცველი მოქალაქეებისთვის არის განკუთვნილი, რომლებიც საწოლს ან
სახლს არიან მიჯაჭვულნი და საცხოვრებელ ადგილზე სამედიცინო და
ფსიქო-სოციალურ მომსახურებას საჭიროებენ.
ასევე, ერთ-ერთი მთავარი პირობაა პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარი
რეგისტრირებული იყოს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან
ბაზაში და მათი სარეიტინგო ქულა არა უმეტეს 100 000-ს შეადგენდეს.
პროგრამაში ბენეფიციარის ჩართვას თავად "კარიტასის" წარმომადგენლები
წყვეტენ.
"სიების მიღების შემდეგ ჩვენ მივდივართ თითოეულ ოჯახში და ვახდენთ
შემოწმებას, თუ რამდენად რეალუარდ სჭირდებათ ეს დახარება ადამიანებს",
- ამბობს
"საქართველოს
კარიტასის" პროექტის მენეჯერი მანანა იობიძე.
ქუთაისის მერიის სოციალურ სამსახურში განმარტავენ, რომ პროგრამაში
განსაზღვრული არ არის, თუ რამდენმა ადამიანმა შეიძლება მიიღოს
"შინმოვლის" ფარგლებში განსაზღრული დახამრების სერვისები.
მიღებული ინფორმაციით,
ამ დრისთვის პროგრამით უკვე
100-მდე ოჯახმა ისარგებლა.
პროგრამის ფარგლებში საწოლს მიჯაჭვული ბენეფიციარები მომსახურებას
იღებენ ძირეული მოვლის და სამედიცინო მანიპულაციების თვალსაზრისით.
ბენეფიციარების გარკვეულ ნაწილს ბინაზე მიეწოდება ცხელი სადილი და
საჭიროების შემთხვევაში, ბენეფიციარები უზრუნველყოფილი არიან
მედიკამენტებითა და ჰიგიენური მოვლის საშუალებებით.
პროგრამის ბიუჯეტი მიმდინარე წელს 20 000 ლარს შეადგენს. ამდენივე იყო
განსაზღვრული გასულ წელს, ხოლო 2014 წელს შინმოვლის პროგრამა 10 000
ლარით დაფინანსდა.
საქველმოქმედო ფონდ "საქართველოს კარიტასის" პროექტის მენეჯერის,
მანანა იობიძის განმარტებით, პროგრამაში ბენეფიაციარების ჩართვა
ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ მოწოდებული სიების მიხედვით ხდება.
თუმცა, მისივე განმარტებით, რიგ შემთხვევებში, ბენეფიციარებს
რეკომენდაციას პოლიკლინიკის ექიმებიც უწევენ.
"პოლიკლინიკის ექიმები დაინტერესბულნი არიან ამ პროგრამით, რადგან
როცა იციან, რომ თავიან პაციენტებს საშუალება არ აქვთ და უმწეობი
არიან, ისინი აგზავნიან ჩვენთან", - ამბობს მანანა იობიძე.
პროგრამის მენეჯერის განმარტებით, ბენეფიციარისთვის ბინაზე მედდების
ვიზიტი თავად ბენეფიციარის მდგომარეობაზეა დამოკიდებული. პროგრამით
მოსარგებლეებს სულ 4 მედდა ემსახურება, პაციენტთთან ვიზიტის
ხანგრძლივობა კი ერთი საათს შეადგენს. თუმცა, როგორც მანანა იობიძე
ამბობს, შეიძლება მედდამ ბენეფიციარს უფრო მეტი დროც დაუთმოს.
პროგრამაში ჩართული მონაწილეები მედდის მომსახურებით კმაყოფილებას
გამოთქვამენ. მაგალითად, მარტოხელა მოზიკა ლაგვილავა ამბობს, რომ
შინმოვლის პროგრამის ფარგლებში სახლში მედდის ვიზიტით კმაყოფილია.
###
"ქუთაისიპოსტის" მიერ შემთხვევით შერჩევის პრინციპით ქალაქში
გამოკითხული 50 ადამიანიდან, მერიის საბიუჯეტო პროგრამა "შინმოვლის"
შესახებ, ინფორმაცია არცერთ მათგანს აქვს.
"პირველად თქვენგან მესმის ასეთი პროგრამის შესახებ. მე სოციალურად
დაუცველი ვარ და თუკი ეს რამეში წამადგება კარგია, მაგრამ არც კი ვიცი
სად და როგორ უნდა მოვითხოვო ამ პროგრამაში ჩართვა", - ამბობს
ქუთაისში, 9 აპრილის ქუჩაზე მცხოვრები, ლამარა კაჭარავა.
"მე მხოლოდ ის ვიცი, რომ უფასო სადილები აქვთ, მაგრამ ამის შესახებ
ვერაფერს გეტყვით", - ამბობს ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე
მცხოვრები, 76 წლის გოგონა მაღლაფერიძე.
"არ ვიცი, საიდან მეცოდინება მერიას რა პროგრამების აქვს", - ამბობს
ქუთაისში, ე.წ. ზასტავაზე მცხოვრები, ლეილა ლილუაშვილი.
"მოვლას მართლა არ ვსაჭიროებ, მაგრამ თუკი ცხელ კერძს მომიტანს ვინმე,
მარტოხელა ვარ სახლში, კარგი იქნებოდა", - ამბობს ნიკეას ქუჩაზე
მცხოვრები
სოციალურად
დაუცველი, ეთერი ღვალაძე.
"ვის ემსახურებიან ნეტავი? მე არაფერი ვიცი ამ პროგრამის შესახებ.
ეტყობა ახალი პროგრამა არის. ლოგინს მიჯაჭვული არ ვარ, მაგრამ
ნერვიული აშლილობა მაქვს", - აღნიშნავს ავტომშენებლის ქუჩაზე
მცხოვრები, თამილა კუბლაშვილი.
ქუთაისის მერიის სოციალური სამსახურის მთავარი სპეციალისტი, მადონა
გოდუაძე ირწმუნება, რომ აღნიშნული პროგრამის შესახებ ინფორმაცია
მოსახლეობას მუნიციპალიტეტებში მიეწოდებათ. მადონა გოდუაძე იმასაც
აღნიშნავს, რომ სოციალურ სამსახურში, სხვადასხვა დახმარების მისაღებად
მისულ ბენეფიციარს, ადგილზე აწვდიან ინფორმაციას "შინმოვლის"
პროგრამის შესახებ.
###
თვითმმართველობების მხრიდან გადაწყვეტილების მიღების პროცესში
მოქალაქეთა ჩართულობას და მოსახლეობის ინფორმირებულებას კანონმდებლობა
განსაზღვრავს. მაგალითად, საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის
შესახებ კოდექსის მიხედვით, მუნიციპალიტეტის ორგანოების თანამდებობის
პირები ვალდებულნი არიან ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის
განხორციელებაში მოქალქეთა მონაწილეობის უზრუნველსაყოფად შექმნან
ორგანიზებული და მატერიალურ-ტექნიკური პირობები მოსახლეობის
მოქალაქეთა მიღების, მოქალაქეთა მონაწილეობისა და გადაწყვეტილებათა
მიღების პროცესის გამჭვირვალობისთვის.
"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ქუთაისის ფილიალში
განმარტავენ, რომ უფრო მეტად უნდა იყოს საზოგადოება ინფორმირებული იმ
პროგრამების შესახებ, რომლებიც იდეაში მათთვის არის განკუთვნილი.
საია-ს ქუთაისის ფილიალში მიიჩნევენ, რომ საბიუჯეტო სოციალური
პროგრამების შესახებ საზოგადოების ინფორმაციული ვაკუუმი,
შესაძლებელია, გამოწვეული იყოს ორი მიზეზით. ფილიალის ხელმძღვანელი,
გიორგი სანტურიანი ერთ-ერთ მიზეზად თავად მოსახლეობის მხრიდან
ინერტულობას და პასიურობას ასახლებს.
"მეორე კუთხით არის ასევე, თვითმმართველობა, რომელიც ასევე ვალდებულია
მეტი კომუნიკაცია და ურთიერთობა ჰქონდეს მოქალაქეებთან", - ამბობს
გიორგი სანტურიანი.
მისივე განმარტებით, თვითმმართველობებისთვის ზოგად ვალდებულებებზე
ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპულ ქარტიაშიცაა აღნიშნული,
რომელიც მოქალაქეების სახელმწიფო საქმეების წარმართვაში ჩართულობის
უფლებას ითვალისწინებს.
ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტავენ, რომ მოსახლეობისთვის
ინფორმაციის მიწოდებას ძირითადად მუნიციპალიტეტებში ხდება.
სამომავლოდ, ირწმნებიან, რომ მეტად აქტიური და ხშირი კონტაქტი ექნებათ
მოქალაქეებთან.
მასალის გამოყენების პირობები