ქუთაისში ორი სოციალური საცხოვრისია, მიუხედავად ამისა, 10-მდე
უსახლკარო ოჯახი ზამთარს ისევ დანგრეულ შენობაში
გაატარებს.
საუბარია სამხატვრო სკოლის ყოფილ შენობაში მცხოვრებ ადამიანებზე,
რომლებიც ნახევრადჩამოშლილ ოთახებში ცხოვრობენ. ამ ოჯახებს მერიის
მიერ მოწყობილ თავშესაფრებში ბინები იმიტომ არ ერგოთ, რომ
როგორც მერიაში გვითხრეს, შესაბამის კრიტერიუმებს ვერ
აკმაყოფილებდნენ. მაგალითად, დედა-შვილ მზევინარ და ნატო
ჯანგველაძეებს, სოციალურად დაუცველის სტატუსი არ აქვთ, რომელიც მერიის
მიერ შედგენილ კრიტერიუმებში ბინის მისაღებად მნიშვნელოვანია.
როგორც ჩანს, ავარიულ შენობაში ცხოვრება, სადაც ყოველი წვიმის დროს
ოთახები იტბორება, სოციალურად დაუცველის სტატუსის, შემდეგ კი,
საცხოვრისში ბინის მისაღებად საკმარისი არ აღმოჩნდა.
84 წლის მზევინარ ჯანგველაძე ერთ-ერთია სამხატვრო სკოლის ყოფილ
შენობაში მცხოვრებთა შორის, რომლებიც წლებია ალტერნატიულ ფართში
გადაყვანას ითხოვენ, თუმცა ვერც ნიკეას და ვერც გუგუნავას სოციალურ
საცხოვრისებში მათთვის ადგილები ვერ გამოიძებნა.
მზევინარის თავშესაფარი 11 კვ.მ. ამორტიზებული ოთახია, სადაც ყოველი
წვიმის დროს წყალი ჩამოდის. ხანდაზმულ ქალბატონს ბინაში არ აქვს
გათბობა, რის გამოც ზამთრის ცივ დღეებში საწოლიდანაც ვერ დგება.
მზევინარისერთადერთი შემოსავალია - პენსიაა, რომელიც გამოსაკვებად და
მედიკამენტებისთვისაც უნდა იმყოფინოს.
"გაწამებული ცხოვრება მაქვს. ზამთარში მუდმივად მცივა და მუდმივად
ვწევარ. ჩაის ასადუღებლად მეზობელთან შევდივარ, რადგან სახლში არც
გაზი მაქვს და არც ღუმელი. ვერც საჭმელს ვამზადებ და ფუნთუშებს
ვყიდულობ ხოლმე. მხოლოდ პენსიით ვცხოვრობ, წამლებში იმდენი თანხა
მეხარჯება, საჭმლის ფული ძლივს მრჩება. რას ვიფიქრებდი ასეთი სიბერე
თუ მექნებოდა", - გვიყვება მზევინარ ჯანგველაძე.
ის გვიყვება, რომ სოციალურად დაუცველის სტატუსი, შესაბამისად, ფულადი
დახმარებაც 2 წელია მოხსნილი აქვს. მიზეზად ოჯახის ხელოვნური დაყოფა
დაუსახელეს. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, ხელოვნურ დაყოფად მიიჩნიეს
სამხატვრო სკოლის ნგრევად შენობაში სამი ადამიანის სხვადასხვა ოთახში
ცხოვრება, რადგან მზევინარის შვილი და შვილიშვილი ხსნებეულ შენობაში
ცხოვრობენ.
მზევინარ ჯანგველაძე თავის საცხოვრებელ ოთახში, სადაც
წყალი ჩადის
მზევინარის მსგავსად, ქალაქში არსებულ არცერთ საცხოვრისში არ
ერგო ბინა არც ნატო ჯანგველაძეს. ის შვილთან ერთად, 12 წელია
სამხატვრო სკოლის ყოფილ შენობას აფარებს თავს. დედა-შვილს 2015 წლიდან
არ აქვს სოციალურად დაუცველის სტატუსი.
"ორივე დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები ვართ, დახმარება 2015
წლიდან აღარ აგვიღია, რის მიზეზიც ერთი შეხედვით მაღალი ხელფასია.
არადა თვიდან თვემდე თავი ვალებით გამაქვს. თითქმის მთელ ხელფასს
ვალში ვხარჯავ. ჩვენი ყოველდღიური კვების რაციონი კვერცხით,
კარტოფილით და პურით შემოიფარგლება, წვნიანს ვერ ვაკეთებ, რადგან
მაცივარი არ მაქვს, რომ მერე შევინახო, არც ფული მაქვს, რომ მაცივარი
შევიძინო", - ამბობს ნატო ჯანგველაძე.
ნატო ჯანგველაძის და მისი შვილის საცხოვრებელი
ოთახი სამხატვრო სკოლის ყოფილ შენობაში
12 წელია ალტერნატიულ ფართში გადაყვანას ითხოვს
ჟულიეტა ნადირაშვილიც. ის, წინა რესპოდენტებისგან განსხვავებით,
სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონეა, მაგრამ მერიამ ბინით
დაკმაყოფილებაზე მასაც უარი უთხრა. ჟულიეტა შვილთან და შვილიშვილთან
ერთად, 20 კვ.მ. ოთახში ცხოვრობს. იმავე ოთახში სძინავთ და
საჭმელსაც იქვე ამზადებენ.
ჟულიეტას იმედი ჰქონდა, რომ მერია ამჯერად მაინც გაითვალისწინებდა მათ
თხოვნას და გუგუნავას ქუჩაზე ახლადრეაბილიტირებულ საცხოვრისში
ოთახებს გამოუყოფდა.
"ჩემი შვილი შუახნის კაცია და ძალიან მრცხვენია ერთ
ოთახში რომ გვძინავს, მაგრამ სხვა ალტერნატივა ჩვენ არ გვაქვს. არ
ვიცი ამ პირობებში ბავშვი როგორ გავზარდო. ძალიან მჭირდება ცალკე
ბინა, რომ ჩემს შვილიშვილს ღირსეული პირობები შევუქმნა. ვერცერთ
საცხოვრისში ადგილი ვერ გამოგვინახეს და გაწამებულ დღეში ვართ", -
ამბობს ჟულიეტა ნადირაშვილი.
ჟულიეტა ნადირაშვილი
აღსანიშნავია, რომ სამხატვრო სკოლის ყოფილ შენობაში
მცხოვრებლებზე "ქუთაისიპოსტმა" სტატია ჯერ კიდევ 2017 წელს
მოამზადა. მაშინ ეს ადამიანები ბინების მიღებას ნიკეას ქუჩაზე
მოწყობილ სოციალურ საცხოვრისში ელოდნენ. მათი ალტერნატიული
საცხოვრებელით დაკმაყოფილება წლების შემდეგაც, მეორე საცხოვრისის
გახსნის შემდეგაც გახდა შესაძლებელი. ამ ხნის განმავლობაში
ნგერვად შენობაში თავშეფარებული ოჯახებიდან მხოლოდ რამდენიმე
გადაიყვანეს სოციალურ საცხოვრისში.
უნდა ითქვას, რომ ნიკეას სოციალურ საცხოვრისში რამდენიმე დაკეტილი
ოთახია, რომელიც რემონტს საჭიროებს, მაგრამ მერიამ მათი
შესაკეთების ნაცვლად, შესახლებულებს ბინები უქირავა.
ამავე თემაზე:
მასალის გამოყენების პირობები