საზოგადოება
ბოტანიკური ბაღი მზარდი ბიუჯეტით და ნაკლებად მოვლილი ტერიტორიით
FaceBook
ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში ბოლო ოთხი წელია არაფერი შეცვლილა, გარდა წლიდან წლამდე ბიუჯეტის გაზრდისა. 
2020 წელს ბაღის ბიუჯეტი 280 ათასი ლარი იყო; 2021 წელს - 293 000, 2022-ში - 397 000 ლარი გახლდათ. დღეის მდგომარეობით კი, ადგილობრივ ბიუჯეტში ბაღის მოვლა/პატრონობისთვის განსაზღვრული თანხა 485 000 ლარს შეადგენს.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ბაღმა მოუვლელობის გამო ხიბლი დაკარგა. შესაბამისად, ნაკლებად დადიან და ინტერესდებიან ადგილზე საქორწილო თუ სხვადასხვა ცერემონიალის მოწყობით. 



"ბაღში რომ შედიხარ არაფერი არ არის, საერთოდ არაფერი. უფერული და მოუვლელია. არადა, ეს დასასვენებელი სივრცე უნდა იყოს ყველა თაობის ადამიანისთვის. ასევე, უნდა იყოს ბავშვებისთვის  პატარა სივრცე, სადაც ითამაშებენ"
, - ამბობს ადგილობრივი ოლია მანაგაძე. 

"წლების წინ უფრო საინტერესო ადგილი იყო ვიდრე ახლა. ამ ხნის განმავლობაში არავის მოაფიქირდა ელემენტარულად, რომ ლამაზი და რაც შეიძლება ბევრი ყვავილი, ხე-მცენარე დარგონ/გააშენონ. ეს ბაღი არის სახე, თუ რამდენად მოუვლელია ზოგადად ჩვენი ქალაქი და ამაზე ძალიან მწყდება გული", - ამბობენ მოქალაქეები. 

ის, რომ მზარდი ბიუჯეტი ბოტანიკური ბაღის გამრავალფეროვნებაზე არ ასახულა, ამის კიდევ ერთი დასტური მერიიდან გამოთხოვილი ოფიციალური წერილია, სადაც ვკითხულობთ, რომ:

"ცალკე ყვავილების მოვლა-პატრონობაზე ბიუჯეტიდან თანხები არ არის გამოყოფილი".



ფანჩატურისთვის დამპალი საყრდენი ბოძების გამოცვლა, სახურავის შეკეთება, ტერიტორიის ეკალ-ბარდებისგან გაწმენდა, სალოცავის ირგვლივ ბამბუკის მოაჯის შეცვლა, ძელსაკმების და დეკორატიული ეტლის განახლება, გულის ფორმის მონუმენტისთვის რამდენიმე ელემენტის შემატება, ოდის ჭიშკრის შეღებვა, ამფითეატრის გარემონტება - ეს ის ძირითადი სამუშაოებია, რომელსაც წლების განმავლობაში ბოტანიკური ბაღის, რომლის მთავარი სანახაობა, შეიძლება ითქვას ხე/მცენარეებია, მზარდ ბიუჯეტს "ახმარდნენ".  

ბაღში არსებული ვითარებით კმაყოფილი არც მისი ხელმძღვანელია. თემურ ჩეჩელაშვილი ამ პოზიციაზე, უკვე მეორედ, მეხუთე თვეა რაც დაინიშნა. მისი თქმით, მოსაწყობია ინფრასტრუქტურა და შესაძენია ტექნიკა, რომლის დახმარებითაც მოხდება ბაღის  გამრავალფეროვნება.  

"ტექნიკა არა გვყავს. ამიტომ, მანქანისა და პატარა ტრაქტორის შესყიდვაზე შევთანხმდით. 8-9 ჰექტარია ფართობი და როცა ვასუფთავებთ, რამდენი ადამიანიც არ უნდა გყავდეს დასაქმებული, ხელით ხომ ვერ გაიტან. თუმცა ამ ეტაპისთვის მანქანის ყიდვას აზრი არ აქვს, რადგან ბილიკები, სავალი გზები არ არის გაკეთებული. ასევე,  უნდა შემოიღობოს ტერიტორია", - განმარტავს თემურ ჩეჩელაშვილი.

ის ამბობს, რომ ბაღის განაშენიანებასთან დაკავშირებით დიდი გეგმები აქვს, რომლის დაწყებას, ბოტანიკური ბაღისთვის სამართლებრივი ფორმის ცვლილების შემდეგ დაიწყებს. ამ დროისთვის ბოტანიკური ბაღი ა(ა)იპ ქუთაისის კულტურულ სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებაში შედის, ჩეჩელაშვილს კი მის დამოუკიდებელ ცალკე ა(ა)იპად ჩამოყალიბება სურს. მისი თქმით, ამ ნაბიჯის შემდეგ შესაძლოა, ბაღმა მსოფლიო ბოტანიკური ბაღების გაერთიანების კანდიდატის სტატუსიც მიიღოს, რაც მის ცნობადობას მთელი ქვეყნების მასშტაბით გაზრდის.

ჩეჩელაშვილი ასევე საუბრობს ბაღში შესვლის საფასურის გაზრდაზეც.  თუმცა, მისი განმარტებით, მანამდე ბაღი ისე უნდა მოწესრიგდეს, რომ მნახველს უღირდეს განსაზღვრული ტარიფის გადახდა. ამ მიზნით ის გარკვეული ტერიტორიის იჯარით გაცემას და მასზე კვების ობიექტის გახსნას გეგმავს, რაც მისი თქმით, ბაღს დამატებით შემოსავალს მოუტანს.

თუმცა, ჯერ-ჯერობით ეს მხოლოდ გეგმებია. 

ამ ეტაპზე კი, ბოტანიკური ბაღი ნაკლებად მიმზიდველად გამოიყურება, ისევე როგორც მისი ფეისბუქ გვერდი, რომელიც ძირითადად, რელიგიურ თუ სხვა დღესასწაულების მისალოც სივრცედ არის გადაქცეული.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის
სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა
სჭირდება.
11:32 / 11.10.2024
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.