საზოგადოება
დაჯარიმებული კომპანია და მიტოვებული სამუშაოები - ჯიბლაძის და ხახანაშვილის ქუჩების "რეაბილიტაცია"
FaceBook
ქუთაისში, ჯიბლაძის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოებზე პასუხისმგებელი კომპანია მერიამ დააჯარიმა.

მიზეზი განსაზღვრულ ვადაში სამუშაოების შეუსრულებლობაა. მხარეებს შორის კორექტირებული ცვლილებით,  ქუჩაზე სამუშაოები 15 სექტემბერს უნდა დასრულებულიყო, რაც არ მოხდა. შესაბამისად, კომპანია დაჯარიმდა, რასაც  კომპანიაში არ ეთანხმებიან, თუმცა დაკისრებულ ფინანსურ სანქციას, რომელიც ამ დრომდე  6000 ლარს შეადგენს, მაინც იხდიან. 

"არ ვეთანხმებით ამ ჯარიმას, მაგრამ მაინც ვიხდით",
- ამბობს კომპანია  შპს "ონიქს როუდი"-ს ხელმძღვანელი კობა ონიანი. 

გაჭედილი სანიაღვრე ქსელი, დაბეტონებული საკანალიზაციო  ჭა,  გადათხრილი ტროტუარები და მიტოვებული სამშენებლო მასალები - ასეთია ვითარება ჯიბლაძის ქუჩაზე, სადაც რეაბილიტაცია რვა თვეა (დღეგამოშვებით) მიმდინარეობს.  სამუშაოები კი, რომელიც  განხორციელდა, როგორც ადგილობრივები ამბობენ, არასწორად და უხარისხოდაა შესრულებული. შესაბამისად,  წვიმის მცირე ნალექზეც კი, საცხოვრებელი სახლები იტბორება და  საკანალიზაციო ჭიდან წყალი ამოდის, რის შემდეგაც ქუჩაზე გასვლა შეუძლებელი ხდება.


დაბეტონებული საკანალიზაციო ჭა

დატბორილი  ჯიბლაძის ქუჩა

საცხოვრებელი სახლი ჯიბლაძის ქუჩაზე

ადგილობრივები ამბობენ, რომ  რეაბილიტაცია თითქმის შეჩერებულია, რაც  კვირეების განმავლობაში მიტოვებულ, ტროტუარებისთვის განკუთვნულ,  სამშენებლო მასალებშიც ჩანს. 



"ვერ გაიგეს სანიაღვრე ქსელი როგორ გააკეთონ. ისე  აქვთ დაერთებული მილები, რომ  გარკვეულ მონაკვეთზე წყალს არ ატარებს. მოდიან, ათხრიან, დათხრიან, ჩადებენ მილებს, ამოიღებენ და ვერ გაიგეს, რას და როგორ აკეთებენ. ტროტუარები კი ასე ათხარეს და ეს მასალები ასე მიაგდეს. რამდენჯერმე იყვნენ მუშები და  ხედავთ, საქმე ბოლომდე არაა დასრულებული", - ამბობენ ადგილობრივები. 

ანალოგიური ვითარებაა, ხახანაშვილის  ქუჩაზე, სადაც   მცირე მონაკვეთზე ფილები აყრილია. 


ხახანაშვილის ქუჩა 

ქუთაისი მერიამ, თითქმის დაუზიანებელი გზის საფარის რეაბილიტაციისთვის, ნახევარ მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ტენდერი (NAT220001025) ჯიბლაძის და ხახანაშვილის ქუჩაზე თებერვალში გამოაცხადა. კეთილმოწყობითი სამუშაოების შესრულებაზე პასუხისმგებლობა შპს "ონიქს როუდმა" 504 803 ლარის სანაცვლოდ აიღო  და ხელშეკრულება თებერვალში გაფორმდა.  თუმცა, არც ამ შემთხვევაში დარღვეულა ტრადიცია  და დოკუმენტში შესული ცვლილებებით თანხაც გაიზარდა და რეაბილიტაციის დასრულების ვადაც  გახანგრძლივდა.

ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოები სამ თვეში,  მაისში უნდა დასრულებულიყო, თუმცა, შემსრულებელი კომპანიის ხელმძღვანელი თავიდანვე აცხადებდა, რომ ეს დრო საკმარისი არ იქნებოდა. კობა ონიანი მაშინ მიზეზად წვიმიან ამინდებს და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მისი კომპანიის მიერ მოგებულ ტენდერებს ასახელებდა. მათი პარალელურ რეჟიმში განხორციელება დროში აფერხებდა პროცესს ჯიბლაძის ქუჩაზე. შესაბამისად, დოკუმენტში პირველი ცვლილება ვადის გახანგრძლივებაზე განხორციელდა.


ამის გარდა, ამავე ცვლილებაში ამოვარდა ხახანაშვილის ქუჩის რეაბილიტაციის გრაფიკიც, რომელიც ჯიბლაძის ქუჩის რეაბილიტაციის პარალელურად უნდა გაკეთებულიყო.   ცვლილების შესაბამისად, ხახანაშვილის ქუჩაზე სამუშაოების დაწყების ათვლა ოქტომბრიდან დაიწყო, რომელიც ნოემბერში უნდა დასრულდეს. 

დოკუმენტში შესული სამი ცვლილებიდან, აღსანიშნავია, რიგით მეორე ცვლილება, რომელიც ქუჩაზე ნიაღვარსადენი მილის დამატებას შეეხება. რაც იმას ნიშნავს, რომ თავდაპირველ დოკუმენტში მერიას განსაზღვრული არ ქონია შესაბამისი სიგრძის ნიაღვარსადენი მილი, რომელიც უზრუნველყოფს უხვი ნალექის მოსვლის შემთხევევაში მილში წყლის გატარებას. 

ამავე ცვლილებაშივე მოხდა დამატებითი თანხის განსაზღვრაც. 


კომპანიაში თვლიან, რომ სამუშაოების გახანგრძლივება  საკანალიზაციო სისტემამ განაპირობა. 

"კანალიზაცია არ იყო პროექტში და ჩვენ ვერ ვეხებით. ეს  უნდა გააკეთოს წყალკანალის სამსახურმა, ეს მისი პრეროგატივაა",
- ამბობს კომპანიის წარმომადგენელი გიორგი ლომთაძე. 

კომპანიაში განმარტავენ, რომ  ჯიბლაძის ქუჩაზე  სამუშაოები  განახლდება და  20 დღეში დაასრულებენ. 

სახელმწიფო შესყიდვის ვებგვერდზე ატვირთული დოკუმენტაციის მიხედვით, ამ დროისთვის კომპანიას სამუშაოების მხოლოდ 38 % აქვს შესრულებული.  მერიას კი შემსრულებლისთვის 192 945 ლარი აქვს გადახდილი.

ამავე თემაზე:


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის
სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა
სჭირდება.
11:32 / 11.10.2024
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.