ქუთაისი ხონის გზაზე მდინარე გუბისწყლის მიმდებარე ტერიტორიაზე
უამრავი მიუსაფარი ძაღლია თავმოყრილი.
ძაღლებს ეს ადგილი თავად არ აურჩევიათ. აქ მათ პატრონები ტოვებენ. ამ
ძაღლების უმეტესობა ოჯახებიდანაა გამოყრილი - როცა ან პატრონი სადმე
წავიდა ან უბრალოდ მობეზრდათ და თავიდან მოიშორეს.
ამჟამად გუბისწყლის მიმდებარე ტრასაზე ათობით ასეთი ძაღლია. ისინი
ადამიანებმა გაწირეს თუმცა ცხოველებს მაინც ადამიანების იმედი აქვთ,
რომ უყურადღებოდ არ დატოვებენ და მათთვის საკვებს გაიმეტებენ.
აქტივისტები ჟურნალისტი ხვიჩა ვაშაყმაძე და ოპერატორი ონისე მელქაძე
ძაღლებს პერიოდულად სტუმრობენ და მათთვის საკუთარი სახსრებით საკვები
მიაქვთ. აქტივისტები საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენებენ იმ
პასუხისმგებლობას, რაც ადამიანს მისი ოთხფეხა მეგობრის მიმართ უნდა
ჰქონდეს.
"როცა ძაღლი სახლში გყავს ის ოჯახის წევრი ხდება, ძაღლის სახლიდან
გაგდება ოჯახის წევრის გაგდებაა. ამ ძაღლების დიდ უმრავლესობას ადრე
ყავდა პატრონი მაგრამ ისინი რატომღაც მაინც გაიმეტეს. მანქანებით
მოჰყავთ სხავდასხვა სოფლებიდან და აქ ტოვებენ ბედის ანაბარად.
სასიკვდილოდ წირავენ. ნაწილი მართლა იღუპება. უფრო ძლიერები თავის
გადარჩენას ახერხებენ ისევ გულისხმიერი ადამიანების წყალობით", -
ამბობს ხვიჩა ვაშაყმაძე.
ონისეს თავად რამდენიმე ასეთი ძაღლი ყავს შეფარებული. ხვიჩამაც
ქუჩიდან აიყვანა ძაღლები. თუმცა ისინი არც სხვებს ივიწყებენ.
"გუბისწყლის ტერიტორიაზე ყოველ მისვლაზე ახალი გამოგდებული ძაღლი
გვხვდება. ფოტოებს იმიტომ ვაქვეყნებ ,რომ მინდა სხვებმაც
გაითვალისწინონ და დააპურონ", - ამბობს ონისე.
აქტივისტებს მიაჩნიათ, რომ სახელმწიფო ნაკლებს ზრუნავს და
საზოგადოებაშიც არასაკმარისია სენსიტიურობა ოთხფეხა მეგობრების
მიმართ. მეტი მგრძნობელობის შემთხვევაში არ იქნებოდა ამდენი მშიერი
ძაღლი ქვეყანაში.
ტრასებზე ასე ჯგუფად მყოფი ძაღლები სხვა ადგილებშიც შეინიშნება. ისინი
გამვლელი მანქანებიდან ელიან საკვების მიწოდებას.
"მარკეტებმა ძველი პურები მაინც გაიმეტონ, მე წამოვიღებ და მივუტან
ცხოველებს, - ამბიბს ონისე.
ცხოველთა დამცველები მოუწოდებენ მაღაზიებს და კვების ობიექტებს არ
გადაყარონ პროდუქტის ნარჩენები, მათგან გამოხმაურების შემთხვევაში
აქტივისტები თავად მივლენ და წაიღებენ მიუსაფარი ძაღლებისთვის.
ქუთაისში არსებობს მიუსაფარი ცხოველების თავშესაფარი, თუმცა შეზღუდული
რესურსით და უცვლელი პოლიტიკით. ძაღლებს მხოლოდ რამდენიმე დღით
იტოვებენ, მკურნალობენ, სტერილიზაციას უკეთებენ და ისევ ქუჩაში
უშვებენ.
აქტივისტების თქმით, ეს მზრუნველობა ზღვაში წვეთია და ოდნავადაც ვერ
ცვლის სურათს.
ქუთაისელი ცხოველთა დამცველები საკუთარი ძალებით ცდილობენ ამ სურათის
შეცვლას.
ფეისბუქზე არსებობს გვერდი „ძაღლები ქუთაისში“, სადაც ქვეყნდება 1
ლარის აქცია. სადაც ცხოველთა მოყვარულებს შეუძლიათ გაიღონ ლარი
საკვების შესაძენად
ცხოველთა უფლებადამცველების ინფორმაციით საქართველოში მილიონზე მეტი
მიუსაფარი ძაღლია.
ფოტო ონისე მელქაძე
მასალის გამოყენების პირობები