"გმირის
ქუჩაზე ვცხოვრობთ და ასე უყურადღებოდ არ უნდა ვიყოთ
მიტოვებული"
ქუთაისში ჩორგოლიანის ქუჩის კერძო დასახლებაში მცხოვრები მოსახლეობა
მერიის მიერ დაქირავებულ კომპანიას სამუშაოების ნაწილობრივ
შესრულებაში ადანაშაულებს. ამავე ქუჩაზე სანიაღვრე არხის არ არსებობა,
რომელიც 3 412 740 ლარად შეფასებული ტენდერით გათვალისიწინებული არ
ყოფილა, მოსახლეობას პრობლემებს უქმნის. ქუთაისის მერიაში კი, სადაც
არხის მოსაწყობად პროექტი გზის საფარის სამუშაოების დასრულების შემდეგ
შეადგინეს, შესაბამის ფინანსების მოძიებას ელოდებიან.
ჩორგოლიანის ქუჩის მოსახლეობის განცხადებით, გზის რეაბილიტაციის დროს
კომპანიამ სანიაღვრე არხი არ მოაწყო, რის გამოც ქუჩაში გამდინარე
წყალი საკუთარ ეზოებსა და სახლებში შედით და მნიშვნელოვან ზაიანს
აყენებს.
ადგილობრივები ასევე, ჩორგოლიანის ქუჩაზე მეზობლად არსებული კორპუსის
მცხოვრებლების მიმართაც გამოთქვამენ პრეტენზიას.
"ღვარსადენის არ არსებობა მთელ რიგ პრობლემებს გვიქმნის კერძო
მოსახლეობას. ქუჩაში გამდინარე წყალი ეზოებში და სახლებში შეგვდის.
ამას ემატება გვერდით მდებარე კორპუსის მოსახლეობიდან გადმოსული
წყალიც. როცა დილის საათებში წყლის ავზებს ავსებენ, წყალი გადმოდის
ბაკებიდან და ყველა ჩვენს სახლებში შემოდის. ვის არ მივაკითხეთ,
მაგრამ რა ბედი გველის, ამას ვერსად მივაკვლიეთ," - ამბობენ
ჩორგოლიანის ქუჩის კერძო დასახლების მცხოვრებლები.
ჩორგოლიანის ქუჩაზე არსებულ #3 კორპუსის მოსახლეობაში ინდივიდუალური
გამრიცხველიანება ამ დრომდე არაა. კორპუსის მობინადრეების მტკიცებით,
კერძო მოსახლეობის პრობლემა ინდივიდულური გამრიცხველიანების
შემთხვევაშიც არ მოგვარდება, რადგან კერძო მოსახლეებს ქუჩაში წვიმის
გამდინარე წყალი, სანიაღვრე არხის არ არსებობის გამო, მაინც
შეაწუხებთ.
"გამრიცხველიანება რომც იყოს, მათ ეს პრობლემა მაინც ექნებათ. სად
წავა ის წყალი, რომელიც წვიმის დროს ქუჩაში ჩაედინება? სანიაღვრე
არხის მოწყობა აუცილებელია და გაურკვეველია როდის მოხდება ეს.
ბოლოსდაბოლოს აგვისტოს ომის გმირის ქუჩაზე ვცხოვრობთ და ასე
უყურადღებოდ არ უნდა ვიყოთ მიტოვებული,"- აცხადებენ ჩორგოლიანის ქუჩის
#3 კორპუსის მობინადრეები.
ბინის წარმომადგენელი, შორენა ტყეშელაშვილი კი ამბობს, რომ კერძო
მოსახლეობასთან არსებული პრობლემის შესახებ მათ მერიას და
მუნიციპალიტეტს არაერთხელ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ.
ჩორგოლიანის ქუჩაზე გზის საფარი 2014 წელს მოეწყო. თუმცა, იმ
დროისთვის ღვარსადენის მოწყობა არ მომხდარა. მოსახლეობა ირწმუნება,
რომ კომპანიამ რომელიც სამუშაოებს ასრულებდა ღვარსადენის მოწყობის
პირობა 2015 წლისთვის დადო.
როგორც გაირკვა, ხსენებულ ქუჩაზე გზის მოწყობის სამუშაოები შპს "ნიუ
სთეიჯმა" (ყოფილი შპს "გემო") შეასრულა, რომელმაც სამუშაოები ქუთაისის
მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერის ფარგელებში შეასრულა.
ქუთაისის მერიამ კახიანოურის დასახლების შიდა კვარტალურ გზების
დეკორატიული ფილებით მოპირკეთების სამუშაოებისთვის ტენდერი 2013 წლის
20 მაისს გამოაცხადა. ტენდერის ღირებულება 3 412 740 ლარს შეადგენდა,
თუმცა ტენდერში გამარჯვებულმა შპს "ნიუ სთეიჯმა" სამუშაოების
შესრულებაში 2 979 291 ლარი მოითხოვა.
საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, კომპანია "ნიუ სთეიჯი" 2010
წელს ბათუმში დარეგისტრირებული კომპანიაა. არაერთი მცდელობის
მიუხედავად, კომპანიასთან დაკავშირება ვერ მოხერხდა.
კახიანოურის დასახლების შიდა კვარტალურ გზების მოპირკეთების სატენდერო
დოკუმენტაციით ირკვევა, რომ თავის დროზე ჩორგოლიანის ქუჩაზე სანიაღვრე
არხის გაყვანა პროექტით გათვალისიწნებული არ ყოფილა.
ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის განმარტებით, მოსახლეობის
მოთხოვნის საფუძველზე სანიაღვრე არხის მოწყობის პროექტი, გზის საფარის
მოპირკეთების დასრულების შემდეგ შეადგინეს. სამსახურის უფროსის,
მალხაზ ბასილაძის ინფორმაციით, ჩორგოლიანის ქუჩაზე სანიაღვრე არხი
შესაბამისი ფინანსების მოძიების შემდეგ მოეწყობა. თუმცა, რა დროისთვის
მოხდება შესაბამისი თანხების მოძიება, მერიაში ვერ აკონკრეტებენ.
მასალის გამოყენების პირობები