10 დღეზე მეტია, საქართველოში,
სოციალურად დაუცველებისთვის სამუშაო ადგილებზე რეგისტრაცია
დაიწყო.
დასაქმების მსურველებს კონსულტაციებს სოციალური მომსახურების
სააგენტოს ადგილობრივი სერვის - ცენტრები უწევენ, თუმცა,
პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივას ბევრი მსურველი არ
ჰყავს. ორი კვირის მონაცემებით, ქუთაისში დასაქმების სურვილი მხოლოდ
20-მა ადამიანმა გამოთქვა, იმერეთის მასშტაბით კი ეს
რიცხვი
101-ია. ეს მაშინ, როცა ირაკლი
ღარიბაშვილი ამბობდა, რომ მისი ინიციატივის ფარგლებში 20 000 ადამიანი
დასაქმდებოდა.
ქუთაისში მცხოვრები სოციალურად
დაუცველი თამთა ფურცხვანიძე იმ მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც მას
პროგრამაში ჩართვის სურვილი არ აქვს.
,,300 ლარია ხელფასი და ეს
ძალიან ცოტაა, ამიტომ არ შემიტანია განაცხადი და არც ვაპირებ. ხან
სახლს ვალაგებ, ჩემ მეუღლეს ტვირთი გადააქვს და ამით ვირჩენთ თავს.
ყოველ შემთხვევაში, 300 ლარზე მეტის აღებას ვახერხებთ. ჩემი
სანაცნობოდან არავინაა ამ პროგრამაში ჩართული, როგორც ვიცი, არც
აპირებენ, არ გვიღირს უბრალოდ. სახელმწიფოს თუ სურდა მეტი
დასაქმებული, ხელფასი უნდა გაეზარდა. იმ ფონზე, როცა ყველაფრის ფასი
იმატებს, სასაცილოა 300 ლარიანი ანაზღაურება'' , - ამბობს
თამთა ფურცხვანიძე.
იმერეთში სოციალურად დაუცველთა
ბაზაში 56 417 ადამიანია რეგისტრირებული, აქედან ფულად შემწეობას 22
730 ოჯახი იღებს.
დასაქმების პროგრამაში ჩასართავად,
ბენეფიციარებმა უნდა მიმართონ სოციალური მომსახურების ან დასაქმების
ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს სერვის ცენტრებს ან დარეკონ
ჯანდაცვის ცხელ ხაზზე: 15 05
პროგრამის ბენეფიციარები 18 წლის და
უფროსი ასაკის შრომისუნარიანი პირები არიან, ვისი ოჯახის სარეიტინგო
ქულა არ აღემატება 120 000-ს და იღებენ მიზნობრივ სოციალურ
დახმარებას. დასაქმების პროგრამაში ჩართულ პირს, 4 წლის განმავლობაში
სოციალურად დაუცველის სტატუსი შეუნარჩუნდება. ამ პერიოდში მათი
სტატუსის გადამოწმება არ მოხდება. სოციალურად დაუცველი პირის გაწეული
სამსახური 300 ლარით ანაზღაურდება.
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო
სააგენტოში ამ ეტაპზე 14 382 ვაკანსიაა.
მასალის გამოყენების პირობები