ბოლო პერიოდში ქართულ სატელევიზიო შოუში (ნანუკას შოუ) ჟესტური ენის თარჯიმანი გამოჩდა. ეს ალბათ ერთადერთი გადაცემაა (საინფორმაციოს თუ არ ჩავთვლით) ქართულმედია სივრცეში, სადაც სმენისარმქონე და სმენადაქვეითებულ ადამიანს შეუძლია დამოუკიდებლად გაიგოს რაზეა საუბარი გადაცემაში.
მსგავსი კეთილი ნება არ ვრცელდება სხვა გადაცემებზე. აღნიშნულ გადაცემებს სმენისარმქონე ადამიანს ოჯახის წევრი თუ უთარგმნის. არის მეორე გზა - ყრუთა კავშირის ოფისი, მაგალითად, ქუთაისში, სადაც ყოველ საღამოს, ერთ ტელევიზორთან სხდება ათობით ადამიანი და სურდოთარჯიმნის მეშვეობით არკვევს რაზე საუბრობს ქართული მედია.
ქუთაისში 90-მდე სმენისარმქონე და სმენადაქვეითებული ადამიანი ცხოვრობს, იმერეთის მასშტაბით - ორასამდე. ყრუთა კავშირის ინფორმაციით, მათ სულ ორი თარჯიმანი ემსახურება, შესაბამისად თარჯიმნებს რამდენიმე ადგილას უწევთ მუშაობა.
"სპეციალისტების დეფიციტია. მსურველიც თითქმის არავინაა რომ შეისწავლოს ჟესტების ენა. ელემენტარულ დონეზე შეიძლება იციან, მაგრამ რომ თარგმნო ყველა სიტყვა ამას ენის კარგი ცოდნა უნდა. ჟესტების ენის სრულყოფილად სწავლას კი წლები ჭირდება,"- ამბობს ჟესტური ენის თარჯიმანი მარი ძნელაძე.
ჟესტური ენის თარჯიმანი არ ყავთ ქუთაისის მერიაში. თუმცა როგორც ადგილობრვი თვითმმართველობაში განმარტავენ, სოციალურ სამსახურში არის ყრუთა კავშირის წამომადგენელი.
"თუ შეიქმნება საჭიროება, ის ადამიანი მოვა და შესაბამის დახმარებას გაუწევს", - აღნიშნავენ მერიის სოციალურ სამსახურში.
როგორც მერიაში მიუთითებენ, ჟესტური ენის თარჯიმნის შტატის დამატების აუცილებლობა არ დგას, იმიტომ რომ მომართვიანობა ამ მხრივ ძალიან დაბალია. წელიწადში - 1 ან 2 შემთხვევა.
სამაგიეროდ, მომართვიანობა დიდი აქვს ყრუთა კავშირს ქუთაისში. "ყველამ იცის, რომ ვისაც თარჯიმანი ჭირდება ჯერ ჩვენ უნდა მოგვმართონ, ჩვენ დავაკვალიანებთ, გავყვებით და თარჯიმანს გავაყოლებთ", - აღნიშნავს ყრუთა კავშირის თავმჯდომარე ტარიელ ვერულაშვილი.
ჟესტური ენის თარჯიმნები არ ყავთ არც მსხვილ კერძო დაწესებულებებს. "როდესაც კლიენტი მოდის ყოველთვის ახლავს ან ახლობელი ან თარჯიმანი, თარჯიმნის მოძიების აუცილებლობა არ დამდგარა", - აცხადებენ "თიბისი ბანკის" ქუთაისის ფილიალში.
სამაგიეროდ, თარჯიმნის განსაკუთრებული დეფიციტია იმერეთის სოფლებში. "ყოფილა ინცინდენტი ზესტაფონში, ასევე, სოფლებში და ჩვენ წავსულვართ და მოვმსახურებივართ, თუმცა ყველას ვერ ვწვდებით უსახსრობის გამო", - აღნიშნავენ ყრუთა კავშირში.
ზოგად საჭიროებებზე ცოტას საუბრობენ ყრუთა კავშირში. თვლიან, რომ მაგალითად, ეტლით მოსარგებლეთ, ან მხედველობისარმქონე ადამიანებს მათზე მეტად ჭირდებათ დახმარება. "ვცდილობთ "ნაკლებადპრეტენზიულები" ვიყოთ, - აღნიშნავენ ყრუთა კავშირში. თუმცა ბევრ პრობლემაზე და ნაკლებ ყურადღებაზეც მიუთითებენ.
"სხვა ქვეყნებში, თუნდაც რუსეთში ან უკრაინაში გაცილებით უკეთესი პირობები აქვთ სმენისარმქონე ადამიანებს. მართალია, გარკვეული დახმარებები აქაც არსებობს, თუმცა იგივე სახელმწიფოსა და საზოგადეობას ცოტა უფრო ხშირად თუ გავახსენდებით კარგი იქნება", - აღნიშნავს ტარიელ ვერულაშვილი.
ამ ეტაპზე ყრუთა კავშირში ერთადერთი კონკრეტული თხოვნით შემოიფარგლებიან - ოფისში დიდი ტელევიზორის ქონის სურვილით. კავშირში შეკრებილ ადამიანებს საშუალება რომ მიეცეთ კარგად ადევნონ თვალი, თუ რას და როგორ აკეთებს ქართული მედია.
ეკა კუხალაშვილი
მასალის გამოყენების პირობები