"ეს
ქმედება დანაშაულზე მეტია, ვანდალიზმია."
ტყიბულში მდინარის კალაპოტის გასუფთავებას მრავალწლიანი ხეები
შეეწირა. გამგეობაში აცხადებენ, რომ ხეების მოჭრა ქალაქის დატბორვის
საშიშროების გამო ხდება, რათა არ მოხდეს ტრაგედია, რასაც ადგილი
ქონდა მიმდინარე წლის ზაფხულში თბილისში, მდინარე ვერეს
ადიდების დროს.
"მდინარის კალაპოტი გაიწმინდა იმის გამო, რომ მოწესრიგებულიყო ქალაქის
იერსახე და უხვი ნალექის შემთხვევაში თავიდან ყოფილიყო აცილებული
კალაპოტის ჩახერგვისა და ქალაქის დატბორვის საფრთხე, რისი ნათელი
მაგალითია ვერეს ხეობაში მომხდარი უბედურება. გარდა ამისა კალაპოტი
ეკალ-ბარდებისგანაც გაიწმინდა, რომელიც ზაფხულობით ქვეწარმავლების
თავშესაფარს წარმოადგენდა," - აცხადებენ ტყიბულის გამგეობაში.
მდინარე "ტყიბულას" კალაპოტის დასუფთავება რამდენიმე დღის წინ
დაიწყო.
მდინარის კალაპოტში მრავალწლოვანი ხე-მცენარეების მოჭრასთან ერთად
გადაბელვითი სამუშაოებიც მიმდინარეობს, რასაც ააიპ ქალაქის კომუნალური
გაერთიანების სამსახური ახორციელებს. თუმცა, ხეების მოჭრის
სამუშაოების განხორციელებაზე ტენდერი არ გამოცხადებულა.
როგორც ტყიბულის გამგეობაში აცხადებენ, ხე-მცენარეების შერჩევას,
რომლებიც მოჭრას ან გადაბელვას ექვემდებარებიან, გამგეობაში შექმნილი
კომისია ახდენს.
"კომისიის მიერ ადგილზე ხდება ისეთი ხე-მცენარეების შერჩევა, რომელიც
არის საფრთხის შემცველი და საჭიროებს მოჭრას ან დეკორატიულ
გადაბელვას, რადგან თავიდან იქნას აცილებული წყალუხვობის დროს
დატბორვის საშიშროება," - აღნიშნულია ტყიბულის გამგეობის მიერ
გაკეთებულ განცხადებაში.
გამგეობიდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, კომისია ადგილობრივი
ჩინოვნიკებით დაკომპლექტდა. მის შემადგენობაში შედიან - გამგებლის
პირველი მოადგილე, ზედამხედველობისა და არქიტექტურის,
ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურების ხელმღვანელები და
კომუნალური გაერთიანების დირექტორი.
მუნიციპალიტეტის მიერ მდინარის კალაპოტში ხეების მოჭრას სოციალურ
ქსელში მოქალაქეთა პროტესტი მოჰყვა:
"კალაპოტის დასუფთავება ასე არ ხდება. საინტერესოა, ვინ მიიღო ეს
გენიალური გადაწყვეტილება? დააკვირდით ამ ხეებს, ისინი ჩემს
ბავშვობაში დაირგო."
"ეს მქედება არის დანაშაული და სატანადოდ უნდა იქნეს
გამოძიებული."
"კალაპოტის დასუფთავება კი არა, მიმდინარეობს მიზანმიმართული ქმედება
ხალხის სრული იგნორით. ეს ქმედება დანაშაულზე მეტია, ვანდალიზმია," -
ასე აფასებენ სოციალური ქსელის მომხმარებლები ტყიბულის გამგეობის
მიერ მდინარის კალაპოტში ხეების მოჭრას.
ტყიბულის გამგეობის ინფორმაციით მდინარის კალაპოტიდან ამოღებული
მერქანი სოციალურად დაუცველ 25 ოჯახს გადაეცემა.
მასალის გამოყენების პირობები