"დაშენებული" კორპუსები და საყრდენგამოცლილი კედლები ქუთაისში (ვიდეო)
11:53 / 13.10.2021
ქუთაისში კორპუსების მესამედი
ავარიულია. მერიის ინფორმაციით, ქალაქში არსებული 1500-მდე
საცხოვრებელი ბინიდან 500-მდე ძველია და მათი ექსპლოატაციის ვადა
გასულია.
ძველი და ამორტიზებული
საცხოვრებელი სახლები, ადამიანების დაშავების და ტრაგედიის მიზეზიც
გახდა. გასულ წელს, ბუხაიძის ქუჩაზე, ქალს თავში კორპუსიდან
გადმოვარდნილი ფილა დაეცა, 2017 წელს კი კორპუსის ფასადის ჩამოშლის
შედეგად 12 წლის გოგონა გარდაიცვალა. ამის შემდეგ, ქალაქში ავარიული
კორპუსების პრობლემის მოგვარების საკითხი გააქტიურდა, თუმცა, რეალური
ნაბიჯები არ გადადგმულა.
წლიდან წლამდე კი მდგომარეობა
უარესდება. ამას ემატება მოქალაქეების მიერ საკუთარ სახლებში,
შენობების კონსტრუქციების თვითნებურად გადაკეთება, ან ფასადზე
მასშტაბური მიშენება. ქუთაისში არსებული 1500-მდე კორპუსიდან,
თითქმის ყველას აქვს მიშენებული აივანი, ან დამატებითი ოთახი, რის
გამოც, ხშირად დარღვეულია საყრდენი კედლების მთლიანობა.
ქუთაისის ქუჩებში ახლა უკვე რთულია ერთმანეთისგან გაარჩიო მიშენება და
ძირითადი ნაგებობა. მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ არც ერთი კორპუსი
სპეციალისტების მიერ შესწავლილი არ არის და ამის გაკეთებას არც არავინ
აპირებს.
ქუთაისის მერიას საბინაო პოლიტიკა არ აქვს. თვითმმართველობა
საერთო ბინებში მხოლოდ ლოკალური პრობლემების მოგვარებას ცდილობს,
თუმცა, სახურავის შეკეთებას, პარაპეტების, ღვარსადენების მოწესრიგებას
და სარდაფებიდან წყლის ამოტუმბვას პრობლემის გადაჭრა არ
შეუძლია.
მერიის საბინაო სამსახურის უფროსი აღიარებს, რომ ქალაქში კორპუსების
მდგომარეობა შეუსწავლელია. მათი ექსპლოატაციის ვადისა და მოქალაქეების
თვითნებობის გათვალისწინებით, ჯონი არაბიძე ვარაუდობს, რომ რეალობა
გაცილებით მძიმეა, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. საბინაო სამსახურის
უფროსი ღიად საუბრობს იმ მძიმე შედეგებზე, რაც შესაძლოა, ძლიერმა
მიწისძვრამ გამოიწვიოს.
"ღმერთმა არ ქნას, ძლიერი მიწისძვრა რომ მოხდეს, კორპუსების
ნაწილი ძირს დაწვება. ძალიან რთული მდგომარეობაა მაგალითად,
ჭავჭავაძეზე, სადაც ჯერ ერთი ის, რომ ე.წ. ხრუშჩოვკებია, რომელთა
ექსპლოატაციის ვადა პრაქტიკულად გასულია, მეორეს მხრივ კი, მთელი
ჭავჭავაძის ქუჩა სავაჭრო ზონაა და ყველა სადარბაზოს პირველ სართულზე
კომერციული ფართია გახსნილი, სადაც მეპატრონეებს თვითნებურად აქვთ
გადაკეთებული კონსტრუქციები. მათ არც კი იციან, რომ ნაღმზე
სძინავთ", - ამბობს ჯონი არაბიძე.
ქუთაისის მერიას მხოლოდ ვარაუდით
შეუძლია იმის თქმა, რამდენი ავარიული კორპუსია ქალაქში. საბინაო
სამსახურის უფროსი ამბობს, რომ საბინაო პოლიტიკის შემუშავება ეროვნულ
დონეზე უნდა მოხდეს და ლოკალურად ამ პრობლემის მოგვარება
შეუძლებელია.
"ერთი ის, რომ კანონში
უნდა შევიდეს ცვლილება და შემუშავდეს პოლიტიკა, შემდეგ უნდა ჩატარდეს
აუდიტორული კვლევა და სპეციალისტებმა შეისწავლონ კორპუსების
მდგრადობა. ეს პრობლემა მხოლოდ ქუთაისს არ აწუხებს, ყველა დიდ ქალაქში
დგას ეს საკითხი, მაგრამ არა დღის წესრიგში. სამწუხაროდ, ჩვენ
ვერანაირ პოლიტიკას ამ მხრივ ვერ ვატარებთ. ჩვენ რომ ეს ადგილობრივ
დონეზე განვახორციელოთ, ამისთვის დიდი თანხაა საჭირო", -
ამბობს ჯონი არაბიძე.
2019 წლის მარტიდან ამ დრომდე,
ქუთაისის არქიტექტურის სამსახურის მიერ რეკონსტრუქციის 60 ნებართვაა
გაცემული, თუმცა, თუ ქალაქში არსებულ რეალობას გავითვალისწინებთ,
უკანონო ჩარევები მნიშვნელოვნად აჭარბებს ნებადართულ მშენებლობებს.
ფაქტია, რომ კანონი, რომელიც თვითნებური რეკონსტრუქციისთვის პირს 6000
ლარით აჯარიმებს, მოქალაქეებს არ აშინებს.
არქიტექტურის სამსახურის უფროსი
რუსუდან ჩინჩალაძე ირწმუნება, რომ ნებართვის გაცემის დროს მკაცრი
კრიტერიუმებით ხელმძღვანელობენ.
"ნებართვის გაცემის
დროს, ჩვენ ვეყრდნობით კონსტრუქტორის დასკვნას, რომელიც უნდა
ამბობდეს, რომ კონკრეტულ კონსტრუქციაზე ჩარევით ბინას ზიანი არ
მიადგება, ასევე არსებობს კოეფიციენტების კომპონენტები და უმეტეს
შემთხვევაში, სწორედ კოეფიციენტების სიმცირე არ აძლევს ქუთაისში
ბინების უმეტესობას მიშენების შესაძლებლობას. ამასთანავე, თუ ბინის
ამხანაგობა იტყვის, რომ ბინა არის ავარიული, ჩვენ ვიკავებთ თავს
ნებართვის გაცემისგან და საერთოდ, ნებისმიერ ჩარევას სჭირდება
ამხანაგობის 100%-იანი თანხმობა", - ამბობს რუსუდან
ჩინჩალაძე.
ერთ-ერთ პრობლემად რჩება
ექსპლოატაციის ვადაგასულ ბინებზე რეკონსტრუქცია, რომლის
შესაძლებლობასაც კანონი იძლევა. რუსუდან ჩინჩალაძე ამბობს, რომ ამ
ნაწილში წესები გასამკაცრებელია.
მანამდე კი ადამიანები ისევ
აგრძელებენ კონსტრუქციების თვითნებურად გადაკეთებას, მიშენებას, ან
დაშენებას და საფრთხეს უქმნიან როგორც საკუთარ, ასევე სხვის
სიცოცხლეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები