საზოგადოება
როგორ ფორმირდება არაძალადობრივი წინააღმდეგობა (R)
FaceBook
„ბოროტების ტრიუმფისთვის ერთადერთი რამ არის საჭირო : რომ კარგმა ადამიანმა არაფერი აკეთოს“
ედმუნდ ბერკი

უკანასკნელ პერიოდში ქართულ საზოგადოებაში შეინიშნება სამოქალაქო პროტესტის მზარდი ტენდენციები. ადრე თუ გასაკვირი იქნებოდა გარემოს დაცვითი მწვანე პოლიტიკისთვის დაორგანიზებული საპროტესტო კამპანიები, ან თუნდაც რუსული მცოცავი ანექსიისას ხალხის მკაფიო რეაგირების პერფომანსები და აქციები, დღითიდღე ეს ყველაფერი ბრძოლის ყოველდღიურობის ნაწილი ხდება.


გავრილოვის ღამე - 20 ივნისი

ჩვენ ვსწავლობთ, როგორ დავუპირისპირდეთ უსამართლობას, უფლებით განსაზღვრული ძალის ფარგლებში, ნაცვლად კრიმინალური ავტორიტეტების ჩართვისა თუ თავად კრიმინალად გადაქცევისა.

მე-20 საუკუნის ბოლოს არაძალადობრივი სამოქალაქო წინააღმდეგობა გადამწყვეტ როლს ასრულებდა ავტორიტარიზმისგან ტრანსფორმაციის დროს. უკანასკნელ პერიოდში არაძალადობრივი წინააღმდეგობა გამოიწვია საქართველოში ვარდების, ხოლო უკრაინაში ნარინჯისფერმა რევოლუციამ.

ნებისმიერ კონფლიქტში სულ ცოტა ორი მხარე მონაწილეობს. იშვიათად ხდება, როცა ერთი მხარე ცამდე მართალია, მეორე კი აბსოლუტურად მტყუანი. არაძალადობრივი პოლიტიკისათვის დამახასიათებელია მოწინააღმდეგე მხარის მიმართ დამცირების არარსებობა. მისი მიზანი მდგომარეობს არა მოწინააღმდეგის განადგურებაში, არამედ - მოიპოვოს მისი გაგება და პატივისცემა. ამ პოლიტიკის მომხრენი თავიანთ პროტესტს გამოხატავენ ბოიკოტითა და თანამშრომლობის უარყოფით. თუმცა ეს არ არის თვითმიზანი, მსგავსი საქციელით მათ სურთ მოწინააღმდეგეში გააღვიძონ სირცხვილისა და საკუთარი ქმედებების უსამართლობის შეგრძნება.

განდიმ პრაქტიკულად დაამტკიცა, რომ არაძალადობრივი წინააღმდეგობა შეცვლის პოლიტიკასა და ტირანიას, თუ ის ჭეშმარიტად სინდისისმიერია და გამორიცხავს თანამშრომლობას ბოროტებასთან.


მაჰათმა განდი  „მარილის მარში“

დემონსტრაციის ყველა ფორმა წინასწარ ჩატარებულ დიდ სამუშაოს - დაგეგმვას, ადმინისტრირებას და ორგანიზებას მოითხოვს. ის ფართო სტრატეგიის ერთ-ერთი კომპონენტი უნდა იყოს.
ქვემოთ გიზიარებთ რამდენიმე რჩევას დემონსტრაციების ორგანიზებისთვის :

ჩამოაყალიბეთ ორგანიზატორების ბირთვი. კამპანიის მონაწილეებს კონრკრეტული ფუნქციები მიანიჭეთ, როგორიცაა მედიასთან ურთიერთბა, ინფორმაციის გავრცელება, ნებართვების კოორდინირება თუ სხვა.
იზრუნეთ დემონსტრაციაზე მოსული ხალხის რიცხვზე. ეს მნიშნველოვანი საკითხია, ვინაიდან საზოგადოებაც და მედიაც თქვენ მიერ მობილიზებული ადამიანების რიცხვს თქვენი კამპანიის პოპულარობასთან აიგივებს.
მოიპოვეთ ნებართვები. გაარკვიეთ, გესაჭიროებათ თუ არა ოფიციალური ნებართვა თქვენ მიერ არჩეულ ადგილზე დემონსტრაციის გასამართავად და შეეცადეთ მის მოპოვებას. ეს თავიდან აგაცილებთ უნებართვობის საბაბით შეკრების დაშლის შესაძლებლობას. თუ თქვენი აქცია დაპატიმრების რისკს გულისხმობს, დემონსტრაციაზე გამოცდილი იურისტები მოიწვიეთ დამკვირვებლად. იცოდეთ თქვენი უფლებები და მოვალეობები !

მოიმარაგეთ საჭირო აღჭურვილობა. დარწმუნდით, რომ ყველაფერი გაქვთ, რაც შეიძლება დაგჭირდეთ (მიკროფონები, მეგაფონები, პლაკატები, ბროშურები, საწვიმარი გადასაფარებლები და პირველადი სამედიცინო დახმარების საგნები)

თან იქონიეთ მედიისთვის განკუთვნილი ინფორმაცია. ერთად მოათავსეთ ფაქტების მონაცემები, თქვენი დაგუფების მიერ მთავარი რედაქტორებისთვის მიწერილი წერილები, პრესრელიზები და თქვენ მიერ დასმული საკითხის გადაჭრის რეკომენდირებული გზები.
მოიფიქრეთ ლოზუნგები და შეძახილები. შეადგინეთ ადვილად დასამახსოვრებელი ლოზუნგები და დემონსტრაციაზე ხმამაღლა იყვირეთ. გახსოვდეთ : თქვენი ლოზუნგი თვითმიზნურად აგრესიულად და ზედმეტად გამომწვევად არ უნდა ჟღერდეს, ვინაიდან ეს ხალხის გაუცხოვებას გამოიწვევს. თქვენი მთავარი მიზანი კი მათი ინფორმირება და მხარდაჭერის მოპოვებაა.

შეადგინეთ პლაკატები და ბაირაღები. შეეცადეთ ისინი მაქსიმალურად მკაფიო იყოს და რაც შეიძლება დიდი ასოებით ეწეროს. ქუჩაში გამვლელების უმეტესობას არც სურვილი ექნება და არც დრო, იმისათვის რომ დემონსტრანტებს უშუალოდ გამოელაპარაკონ. ამიტომ მათი ყურადღება სწორედ პლაკატებით უნდა მიიპყროთ.

შეკრიბეთ გამომსვლელები. შეადგინეთ დემონსტრაციაზე სიტყვით გამომსვლელი ადამიანების მრავალფეროვანი ჯგუფი. სხვებთან ერთად ამ ჯგუფში, ეცადეთ, აუცილებლად შეიყვანოთ ადამიანები, რომლებზეც თქვენ მიერ დასმული საკითხი უშუალო გავლენას ახდენს. შეეცადეთ, გამომსვლელები სხვადასხვა სოციალურ, ასაკობრივ თუ ეთნიკურ ჯგუფს ეკუთვნოდნენ. თითოეულ გამომსვლელს დროის მოკლე რეგლამენტი დაუწესეთ, ვინაიდან ეს დემონსტრაციაა და არა საგანმანათლებლო აქცია. გაითვალისწინეთ დროის ფაქტორი. დემონსტრაცია ისეთ დროს დაამთხვიეთ, როდესაც გადაწყვეტილების მიმღები პირები ახლოს იქნებიან, მაგალითად შეკრებაზე ან სხდომაზე.

გაითვალისწინეთ ამინდი. თუ დემონსტრაცია ცის ქვეშ ეწყობა, შესაძლებელია, წვიმამ შეგიშალოთ ხელი. სასურველია, ასეთი შემთხვევებისთვის ან რაიმე სივრცე გაგაჩნდეთ, ან დარიგებულ ბროშურებზე დაწეროთ წვიმის გამო გადადებული
დემონსტრაციის ხელახალი გამართვის თარიღი ან ადგილი. მაქსიმალურად ეცადეთ ჩანდეთ. დემონსტრაცია ისეთ ადგილას გამართეთ, სადაც დიდი მოძრაობა იქნება.

ჰარდი მერიმანმა (დამფუძნებელი არაძალადობრივი კონფლიქტების საერთაშორისო ცენტრი) 2010 წელს თავის პუბლიკაციაში აღნიშნა, რომ სამი ნიშანი განასხვავებს ერთმანეთისგან წარმატებულ და წარუმატებელ სამოქალაქო კამპანიებს მთელ მსოფლიოში: ერთიანობა, დაგეგმვა და არაძალადობრივი დისციპლინა.

წარმატებული მოძრაობები ურთიერთობენ მოწინააღმდეგის მხარდამჭერებთანაც, რადგან მოძრაობის წარმატებისთვის მნიშვნელოვანია გამაერთიანებელი ხედვის შექმნა და მოწინააღმდეგის მიმართ ლოიალურად განწყობილი ნაწილის „გადმობირება“. მაგალითად, სამხრეთ აფრიკის ანტი-აპართეიდული მოძრაობა, მუდმივ სამოქალაქო წნეხთან ერთად, აჟღერებდა „ეროვნული შერიგების“ იდეასაც, რასაც ბევრი მხარდამჭერი გამოუჩნდა თეთრკანიან მოსახლეობაშიც, მათ შორის ისეთებიც, რომლებიც ადრე აპართეიდული სახელმწიფოს იდეას ემხრობოდნენ.

სამოქალაქო მოძრაობები ძალას იძენენ, როცა კარგად გეგმავენ სამოქალაქო წინააღმდეგობის ეტაპობრივ განვითარებას, ფართო საზოგადოების მობილიზებასა და დასახული, მკაფიო მიზნების მიღწევას.

არაძალადობრივი კამპანიის ყველაზე დიდი რისკია, თუ მისი მონაწილე ზოგიერთი წევრი ძალადობის გამოყენებას გადაწყვეტს. ამიტომ, არაძალადობრივი დისციპლინა, ანუ უნარი - უარი თქვა ძალადობის გამოყენებაზე, მათ შორის, პროვოკაციების დროს, მუდმივად უნდა გამომუშავდეს კამპანიის წევრებში. ამგვარ ქცევას პრაქტიკული მიზნები აქვს. ძალადობრივმა შემთხვევებმა შესაძლოა, მნიშვნელოვნად დააზიანოს მოძრაობის რეპუტაცია და ამასთანავე, მისცეს დამატებითი საფუძველი ოპონენტს, გამოიყენოს რეპრესიები ჯგუფის წინააღმდეგ. ამასთანავე, თუ ჯგუფი ახერხებს არაძალადობრივი დისციპლინის შენარჩუნებას, მასთან თანამშრომლობის სურვილი გაცილებით უფრო მეტ პოტენციურ მეკავშირეს უჩნდება.

სტატია მომზადებულია ორგანიზაცია "რეგიონული გაძლიერება დემოკრატიისთვის" (RED) მიერ "ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის" (PITA) საგრანტო პროექტების ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის
სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა
სჭირდება.
11:32 / 11.10.2024
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.