ქუთაისში, სასტუმრო „მთის ბროლის“ ნახევრად დანგრეული შენობა, უკვე
წლებია ხეცურიანების ერთადერთი საცხოვრებელია.
დევნილთა ე.წ კოპაქტიურ დასახლებაში, „ხუთ კვადრათულ“ ოთახში, დავით
ხეცურიანი სამ მცირეწლოვან ბავშვთან ერთად მარტო ცხოვრობს, მას შემდეგ
რაც ცოტა ხნის წინ მეუღლე და დედა გარდაეცვალა.
ოთახი რამდენიმე წელია ყოველ ზამთარს უფრო ცივი ხდება, რადგან
ელექტროენერგიის გადასახადის გადახდა ოჯახს ძალიან უჭირს.
„სამ მცირეწლოვან ბავშვთან ერთად ვცხოვრობ, როგორ შეიძლება ისინი
სიცივეში გათბობის გარეშე იყვნენ, შენობაც ისეთია რომ სითბოს არ
იკავებს, გადასახადი კი იმატებს,“- ამბობს დავით ხეცურიანი.
2012 წელს, მას შემდეგ რაც სახელმწიფოს მიერ დევნილებისთვის
გამოყოფილი დახმარება 45 ლარამდე გაიზარდა, მათ სხვა კომუნალურ
გადასახადებთან ერთად ელექტროენერგიის საფასურის გადახდაც უწევთ.
სასტუმროში მცხოვრები დევნილების თქმით 2012 წლამდე სახელმწიფოს მიერ
დარიცხული 28 ლარიდან ექვითებოდათ თანხა, რაც მათ ელექტროენერგიის
გადასახადისაგან ანთავისუფლებათ.
დღეს კი შემოსავლის არარსებობისა და შესაბამისად, გადასახადების
გადაუხდელობის გამო, ოთახებშიც ისევე ცივა, როგორც გარეთ. იატაკზე
დამაგრებული ხის ნაჭრებით მიწიდან ვირთხების ამოსვლის შეჩერებას
ცდილობენ. სამაგიეროდ, ჭერიდან, ყოველი წვიმის დროს წყლის ჩამოსვლას
ვერ აჩერებენ. ისევე, როგორც ხის ფანჯრები ვერ აკავებს ზამთრის სუსხს
და ქარს.
ოთახის წინ გაფენილი ბავშვის ტანსაცმელი, ოთახის სიმცირის გამო
შესასვლელში, კიბესთან დატოვებული ბავშვის ეტლი და სიბნელე, რომელიც
მხოლოდ მაშინ სრულდება, როცა ქარი ძალით შემოაღებს დაზიანებულ ხის
კარს. ეს არის პირველი რასაც სასტუმრო „მთის ბროლში“ შესვლისას
დაინახავ.
ასეთ პირობებში „მთის ბროლში“ კომპაქტურად ჩასახლებულ ათეულობით
დევნილ ოჯახთან ერთად 22 წელია ცხოვრობს ციცინო ხაბულიანი. მისთვის,
ისევე, როგორც „მთის ბროლში“ მცხოვრები სხვა ოჯახებისთვის
რეაბილიტირებული ფართები და განსახლება ჯერ კიდევ სამომავლოდ
გადადებული დაპირებაა.
„უკვე წლებია ვითხოვთ შემოგვიყვანონ გაზი, რომ ნორმალურად ცხოვრება
შევძლოთ. ვითხოვთ, გაგვანთავისუფლონ ელექტროენერგიის გადასახადისგან
ზამთრის პერიოდში, რადგან ჩვენთვის გამოყოფილი დახმარება მხოლოდ 45
ლარია. მოგვიხსენეს 200 ლარიანი ვაუჩერიც, რადგან ტელევიზორი
შევიძინეთ, შეუძლებელია ზამთრის თვეებში შუქის გადასახადი,თვეში
მინიმუმ 180 ლარი გადავიხადოთ.
უკვე წლებია თავზე გვაწვიმს, ვითმენთ უშუქობას, უგაზობას, ვცდილობთ
ეკომონიურები ვიყოთ, მაგრამ ვერ ვახერხებთ. შვილიშვილს გამუდმებით
სიცხე აქვს. შუქზე ვამზადებთ სადილს, ვცდილობთ გავთბეთ. როცა ამ
დავალიანებებს ვერ გადავიხდი, იმიტომ რომ არავითარი შესაძლებლობა არ
მაქვს, მოვლენ და მალევე გადაგვიჭრიან. ამ საქციელით ისინი ჩვენ
სიცივეში სასიკვდილოდ გვწირავენ“, - ამბობს აფხაზეთიდან დევნილი
ციცინო ხაბულიანი.
ქუთაისში, „მთის ბროლის“ გარდა, დევნილთა კომპაქტურ საცხოვრებელს
წარმოადენს სასტუმრო „თბილისის“ შენობაც. „მთის ბროლის“ მსგავსად არც
სასტუმრო „თბილისი“ არის გაზიფიცირებული. რის გამოც, აქ მცხოვრები
დევნილებიც შუქით ან ზოგ შემთხვევაში შეშით ცდილობენ ზამთრის ცივ
დღეებში რამდენიმე კვადრატი გაათბონ.
ვეფხვია მიქაუტაძე, რომელიც სოხუმიდან დევნილია უკვე წლებია ცდილობს
სასტუმრო „თბილისში“ მაცხოვრებლების განცხადები იმ ადამიანებს
მიაწვდინოს, ვისაც რაიმე ხელშეწყობა მაინც შეუძლია
დევნილებისთვის.
„ამ სასტუმროში ცხოვრობს რამდენიმე ოჯახი, რომლებსაც ლოგინად
ჩავარდნილი ოჯახის წევრები ჰყავთ, ზოგს თავადაც არ შეუძლიათ
გადადგილება, უამრავ განცხადებას ვწერთ გაზიფიცირებაზე, შეშის
მიღებაზე, რომ ეს ზამთარი მათთვის გაუსაძლისი არ გახდეს. მათ ვისაც
სოციალურად დაუცველის სტატუსი არ აქვს და 200 ლარიანი ვაუჩერი არ
ერიცხება, როგორ უნდა გაატაროს ზამთარი, ან ის 200 ლარი რამდენი თვე
ეყოფა ოჯახს. რა შეაკავებს სითბოს იმ ოთახში, რომლის ფანჯრები
წებოვანი ლენტითაა დამაგრებული ?!,“ - ამბობს ვეფხვია მიქაუტაძე.
ისევე, როგორც ქუთაისში, ცივი ზამთარი აშინებთ ხონში ე.წ გარადოკის
დასახლებაში მცხოვრებ დევნილებს. იმერეთის რეგიონის მასშტაბით მათი
რიცხვი რამდენიმე ასეულია. დევნილთა სამინისტროს ინფორმაციით,
იმერეთის რეგიონში საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებას 4800 დევნილი
ოჯახი ელოდება.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ
პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში აცხადებენ რომ 2015
წელს ქუთაისში 2 000 დევნილი ოჯახისთვის 25 თექვსმეტსართულიანი
კორპუსის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი.
***
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ
პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში განმარტავენ, რომ
დევნილებისთვის ელექტროენერგიის საფასურის გადახდა 2012 წლამდე
დისკრიმინაციულ ხასიათს ატარებდა.
„სახელმწიფო 100 კილოვატამდე ელექტროენერგიის საფასურს უფარავდა
მხოლოდ კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს. თუმცა, მათი
ყოველთვიური შემწეობა იყო 22 ლარი, განსხვავებით კერძო სექტორში
მცხოვრები დევნილებისგან, რომლებიც ყოველთვიურად 28 ლარს
იღებდნენ.
2014 წლის 1 მარტიდან აღმოიფხვრა არაერთგვაროვანი, დისკრიმინაციული
მიდგომა დევნილთა მიმართ. გაუქმდა კომპაქტურად დევნილთა კერძო
ჩასახლების ცნება. ყველა დევნილი იღებს თანაბარი რაოდენობის დევნილთა
შემწეობას, 45 ლარის ოდენობით,“ - აცხადებენ საქართველოს ოკუპირებული
ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და
ლტოლვილთა სამინისტროში.
რაც შეეხება დახმარებას, სამინისტროში აცხადებენ, რომ 2013-2014
წლებში ზამთრის სეზონზე დევნილთა დახმარების პირველი პროექტი
განხორციელდა, რომლიც მიხედვითაც, 200 ლარიან დახმარებას ის ოჯახები
იღებენ, რომელთა სოციალური ქულა 70 001-ზე ნაკლები არის. დევნილებს ამ
თანხის გამოყენება ბუნებრივი აირის და ელექტროენერგიის საფასურის
დასაფარად შეუძლიათ. როგორც სამინისტროში აცხადებენ, ფულადი
დახმარების გამოყენება შესაძლებელია ოთხი თვის ვადაში, პირველი
ნოემბრიდან პირველ მარტამდე.
უწყებაში ასევე განმარტავენ, რომ დავალიანების მქონე დევნილებს
შესაძლებლობა მიეცათ, თანხა ეტაპობრივად გადაიხადონ.
სამინისტროში განმარტებას აკეთებენ „მთის ბროლში“ მცხოვრებ
დევნილებთან მიმართებაშიც. უწყებაში აცხადებენ, რომ ქუთაისში
თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო „მთის ბროლი“-ს საკითხზე
მუშაობა ამ ეტაპზე მიმდინარეობს. როგორც სამინისტროში განმარტავენ,
შესაძლებელია მოხდეს შენობის რეაბილიტაცია ან იქ მცხოვრები
დევნილებისთვის ალტერნატიული ფართის გამოყოფა.
„რადგან სემეკისგან არ არსებობს შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრული
ტექნიკური პირობა, გაზიფიცირება ამ ეტაპზე შეუძლებელია,“ - აცხადებენ
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ
პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში.
***
ქუთაისში არსებული არასამთავრობო ორგანიზაცია, ფონდი „სოხუმი“
რეკომენდააციით მიმართავს ხელისუფლებას, მეტად იზრუნოს დევნილის,
როგორც ინდივიდის გაძლიერებაზე.
„აუცილებელია ისინი არ იყვნენ ვინმეზე დამოკიდებულები და ყოველთვის
ხელებგაწვდილები. ჩვენი რეკომენდაციაა მიეცეს ყველა დევნილს ღირსეული
საცხოვრებელი პირობები, განათლების, დასაქმების შესაძლებლობა, რადგან,
როგორც დევნილთა საზოგადოებაში, ასევე, ადგილობრივ მცხოვრებლებშიც
არიან გაჭირვებაში მყოფი ადამიანები და სახელმწიფოსგან მათ დახმარება
თანაბრად სჭირდებათ „ -ამბობს ფონდი „სოხუმის“ საინფორმაციო სექტორის
ხელმძღვანელი ლალი შენგელია.
მასალის გამოყენების პირობები