საზოგადოება
სამი თუ ოთხი ოთარი?
FaceBook
ამერიკაში მცხოვრები ჟურნალისტი მანუჩარ კაჭახიძე ქუთაისში სამი ოთარის ხეივანში მეოთხე ოთარის ძეგლის დადგმის ინიციატივით გამოდის:

"ქუთაისი ჩახუტების, მოფერების ქალაქია.
თუ გულში ჩაგიკრა და ჩაგიხუტა, მეტი არაფერი გინდოდეს.
ცოტანი ვუბრუნებთ ამ სიყვარულს ქუთაისს.

იქნებ, ვერც მე?!

თითზე ჩამოსათვლელნი არიან, პირიქით რომ ჩაიკრეს ქუთაისი გულში - გულის ძგერაც კი მას დაუქვემდებარეს.

როცა ბაგრატის ტაძრის ნანგრევების აღდგენა დაიწყეს, გუმბათის ყელი ამოაშენეს და ზემოთ-ზემოთ, ცისკენ ავიდნენ, მე ოთარ ქანდარიასეულ ბაგრატის კონტურებს მივსტიროდი, ვერ ველეოდი.

არა, დანგრეულისა და გაცამტვერებულის აღდგენა როგორ არ მინდოდა, მაგრამ მეგონა ამით ოთარის სამყაროს ღერძი გამოეცლებოდა.

თურმე, სხვანაირად ყოფილა - ამ აღდგენილ ტაძარს ვერ შეიყვარებ, თუ მისი საწყისი არ ეძებე ვახტანგ ცინცაძის ოფლით ნაშრომსა და ოთარ ქანდარიას ნახატებში გაბნეულ კონტურებში.

* * *
აი, შვილს, ცივი და თეთრი ზამთრის ერთ დილას ბაგრატზე რომ აიყვან, "ვითომ" სუფთა ჰაერის ჩასაყლაპად, ამ დიდებული ტაძრის ჩუქურთმებში ნელა-ნელა, ჩიტის სიფრთხილით უნდა აპოვნინო ის კონტურები - ვისთვის სამკუთხად დახრილი სახლის სახურავი რომაა, და შენთვის ყველაფერი.

მერე მარტო კონტურებსა და სიმბოლოებზე რომ არ ესაუბრო, ადამიანობის გაკვეთილებიც ხომ უნდა ასწავლო შვილს?!

უნდა ჩამოიყვანო სამი ოთარის ხეივანში და იმ მარად მზეჭაბუკზე უამბო, ომდამთავრებულ ქუთაისს ჭრელა კაბებით რომ შეუცვალა თალხი, მატარებლის პირველივე რეისით რომ დაადგა დაძინებულ ქუთაისს… თითებდაჭრილი ხელისმტევნით რომ ჩაუმალა საკუთარი ბინის გასაღები სრულიად უცნობ წყვილს; დაანახო მისი დავითისებრი სილამაზე უკვე ძეგლში გამოთლილი და მხოლოდ სულის სილამაზეზე, მეობაზე ესაუბრო.

* * *
მერე, ქუთაისს ლექსის გარეშე შეაყვარებ შვილს?

მიუახლოვდები მეორე ძეგლს და, ამ დროს, ოთარ მამფორიას ლექსის სტრიქონები თავისთავად მოგწყდება ბაგეს:
"მთებს მოჟონავს უწმინდესი პოეზიის მირონი,
საკოცნელად გეპარება სუნთქვა გალაკტიონის,
გელათიდან ვარსკვლავები თავზე ელვად გეღვრება,
ჩანს ბაგრატის ნანგრევები უკვდავ გმირთა ძეგლებად".

მერე, იმ მესამე ძეგლთანაც თუ შეჩერდა შენი შვილი - უნდა ატიკტიკდე, არ გაჩერდე, ზღაპარივით ლამაზად მოუყვე, შეაგრძნობინო, როგორ შეიძლება მოტეხილი გქონდეს ხელი, ექიმები საავადმყოფოში გადაყვანას გაიძულებდნენ, შენ კი მჭიდროდ შეახვევინო ნაპრალად გადახლეჩილი ჭრილობა და ცალი ხელით დაიცვა შენი პატარა ქალაქის ღირსება დიდ ოლიმპიადაზე, ჰელსინკში.

და კალათა ერთხელ კი არა, 23-ჯერ გააკვირვო ბურთით.

* * *
ასე არ დავიწყე, ცოტამ თუ ჩაიხუტა ქუთაისი გულში-მეთქი?! ოთარ სულაბერიძემ, ოთარ მამფორიამ და ოთარ ქორქიამ!
და კიდე, ოთარ ქანდარიამ…

მისი ძეგლი კი სამი ოთარის ხეივანს ელოდება, ისე როგორც არასდროს! თითქოს არც გასულიყო ამ ცხოვრებიდან თუ ქალაქიდან!
და მის სახელოსნოშიც წვიმის დინებაა შესაჩერებელი, შედევრებს რომ უსპობს მომავალ თაობასა და ქალაქს ისტორიას უკარგავს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის
სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა
სჭირდება.
11:32 / 11.10.2024
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.