არასდროს ვყოფილვარ აფხაზეთში, რაც ვიცი, მხოლოდ გადმოცემით,
გადმოცემით ჩემი აფხაზი მეგობრებისგან, რომლებიც ზოგი მოლდოვაში, ზოგი
სტამბოლში, ზოგი კი კოსოვოში გავიცანი -
საოცარია, ყველა სხვა ქვეყანაში, სხვა მიწაზე, თუმცა მათი აღწერილი
აფხაზეთიც სხვანაირი იყო, უფრო თანამედროვე, უფრო სლავური და თავიდან
ნაკლებად მომღიმარი.
პალატა 612 ის ადგილია, საიდანაც სხვანაირი აფხაზეთი გავიცანი, უფრო
აფხაზური, უფრო თბილი და უფრო უჩარჩოო, ღია. რომ არა ჩემი
ჯანმრთელობის მცირე გაუარესება ალბათ
ვერასდროს გავიგებდი რა ფერია ახლა, ამ წუთას ზღვა სოხუმში- მწვანე და
რატომაა, ომის შემდეგ გუდაუთა სულ ნაცრისფერი? იმიტომ, რომ თურმე
ნაომარი ქალაქიდან მხოლოდ გაკვამლული შენობებიღა დარჩა.
კლინიკაში და პალატაში დრო ყველა პაციენტისთვის იწელება და ერთი სული
გაქვს სახლში როდის წახვალ, მე მეცოტავა 3 დღე, მეტი მინდოდა გამეგო
და მეტი მომესმინა აქ, ჩემთან საქართველოში და თბილისში სამკურნალოდ
ჩამოსული აფხაზებისგან.
დილა გამუდმებით იწყებოდა 74 წლის ცისფერთვალება შურა არშბას
შეფასებით, ისაა ჩემი ამბის მთავარი გმირი და პალატაშიც ყველაზე
უფროსი. მოსწონდა თბილისი, თითო თითო, შიგადაშიგ მცირე პაუზებით
წარმოსთქვამდა ხოლმე სიტყვებს და ზუსტად ვიცოდი, რომელი ეკუთნოდა
თბილისს და რომელი სოხუმს.
უკვე ვიცი, როგორია ის ქალაქი, აფხაზების წარმოსახვაში დარჩენილი
თეთრი სანაპირო ზოლით, მწვანე პალმებით და ლურჯ ნისკარტა თეთრი
თოლიებით, რომლებიც ზამთარშიც კი არ ტოვებდნენ თურმე სოხუმს.
,,მარტო ჩელუსკინელების ქუჩაზე, ახლა ბესლან ჯელიას სახელობისაა ეს
ქუჩა, 122 პალმა იდგა, ქარის დროს, სანაპიროდან გამოფრენილი თოლიები
იქ აფარებდნენ თავს. სასწაულია მაგრამ - ეს ერთადერთი ქალაქი იყო,
სადაც მწვანე პალმებზე, თოლიები ყვავილებივით ისხდნენ ზამთარ-ზაფხულ,
მითხარი გინახავს, როდესმე პალმებზე დიიიდი, თეთრი თოლიები? აი
სოხუმში მე მინახავს, არასდროს ტოვებდნენ ისინი ქალაქს, დღეს კი
ვეძებთ, გაქრნენ, სოხუმშიც და ჩემთანაც გუდაუთაში, ჩემს ნაცრისფერ
გუდაუთაში“, - მიყვებდა ასე ყოველ დილით, ჩაიზე.
ბაბულკა - ასე დამიძახეო მთხოვა და თან დააყოლა ,,როცა ასე მეძახიან
ჩემი მონატრებული შვილიშვილები მახსენდება და გულზე მალამოდ
მედებაო“.
თბილისში სამკურნალოდ წამოსვლა შვილმა გადააწყვეტინა და არც
დაფიქრებულა, თუმცა გზადაგზა მომხდარმა ამბებმა გააოცა:
,,ცუდად, რომ გავხდი აუცილებელი გახდა თბილისში გადმოყვანა,
გუდაუთიდან გალის საზღვრამდე აფხაზებმა ისე არ გამომატარეს, სანამ 10
000 (200 აშშ დოლარი) რუბლი არ გადავიხადეთ. ქართულ საგუშაგოსთან, რომ
მოვედით ჩემმა გოგომ ფული მოამზადა, გვეგონა ქართული მხარისთვისაც
უნდა გადაგვეხადა, თუმცა უპრობლემოდ გამოგვიშვეს და იმის გარდა, რომ
არაფერი გადაგვიხდია, კლინიკამდე რეანომობილითაც მომიყვანეს“, -
ამბობდა და უკვირდა, უკვირდა ყველაფრის, იმის რომ უმრავლოსობამ
აფხაზეთში არ იცის, რომ საქართველოში უფასოდ შეუძლიათ მკურნალობა, არ
იციან, რომ ყველა აფხაზისთვის აქ 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარია
გამოყოფილი, არც ის იციან, როგორ უნდა მოიპოვონ მკურნალობისთვის
მოწვევა და არც ის იციან, რომ ამით არცერთ მათგანს პრობლემა არ
შეექმნება.
აფხაზების არაინფორმირებულობის რა გითხრათ, მაგრამ მეეჭვება
საქართველოშიც იცოდეს ეს ამბავი ბევრმა. არ აქვთ ინფორმაცია არც ჩემს
მეგობარ აფხაზებს, თუმცა აფხაზეთის ავტონობიური რესპუბლიკის საბჭოს
ხელმძღვანელობა, რომელთაც თბილისში აქვთ ოფისი, დეტალური
ინფორმაციის მოწოდებაზე არ გზარდებიან, შესაბამისად აღმოჩნდა, რომ ეს
იმაზე კარგი ამბავია, ვიდრე საავადმყოფოში შეიძლებოდა გამეგო.
მას შემდეგ, სულ მინდა ყველას ვუამბო, გავაგებინო ყველას, ვინც
ენგურის ხიდს მიღმაა, ყველა აფხაზს, ვინც საჭიროებს მკურნალობას,
ყველას ვისთვისაც საზღვრები, მხოლოდ პოლიტიკური საზომია და ყველას,
ვისთვისაც უბრალოდ ძვირფასია სიცოცხლე.
ბაბულკა შურა კი დავტოვე 612 პალატაში, საიდანაც, მალევე გადაიყვანეს
ონკოლოგიურში, თუმცა საკუთარი დიაგნოზის სულაც არ ეშინიდა, უბრალოდ
გული წყდებოდა, რომ საზღვრები და საგუშაგოებია, გული წყდებოდა, რომ
ქართული დაავიწყდა და გული წყდებოდა, რომ ყველაფერ ამასთან ერთად,
აფხაზურიც ავიწყდებათ და მთავარი სასაუბრო ენა აფხაზებში რუსულია.
მარიკო წიქორიძე
თბილისი
მასალის გამოყენების პირობები