საზოგადოება
კანალიზაციით და შლამით სავსე ისტორიული აბანო ქუთაისში (ვიდეო)
FaceBook

ქუთაისში უძველესი სამკურნალო აბანო, რომელიც საუკუნეებს ითვლის, შესაძლოა, გაქრეს. თანაც ისე, რომ ამის შესახებ ვერაფერი, უკეთეს შემთხვევაში, ძალიან გვიან გავიგოთ.


ფოტოზე -  რუას დასახლებაა აღბეჭდილი -  მაღლობზე შეფენილი მოსახლეობით, აღმართ-დაღმართიანი გზებით სავსე ძველი ქუჩა, სადაც დაბალწყლოვანი ,,რუა" მიედინება. მწვანეში ჩაფლულ მდინარესთან, ადგილობრივებს საცხოვრებელი სახლები აქვთ აშენებული. მათგან ერთ-ერთი გამორჩეულია, რადგან მისი ეზოს მიმდებარედ, ისტორიული სიმდიდრე ,,იმალება".



რუას კალაპოტში ამოკვეთილი ძველთაძველი სამკურნალო აბანოების არსებობა ქუთაისში ბევრმა არ იცის. უცოდინრობის, გაუფრთხილებლობის, თუ სხვა გარემოებების  გამო, სამკურნალო აბანოებიდან ახლა მხოლოდ სამია შემორჩენილი.


70 წლის ვოვა გოქაძემ მთელი ბავშვობა რუას მკურნალ აბანოებთან გაატარა. მისი მშობლები მდინარეს სანაპიროსთან თითქმის საუკუნის წინ დასახლდნენ. 

,,რუას გოგირდოვანი წყლები უერთდება, სასარგებლოც ამიტომაა. თუ  ამ წყლით თავს დაიბან, ყველა შამპუნზე მეტად დაარბილებს თმას. ადრე, ჩემი ბებო – ბაბუს დროს წყალი სუფთა იყო, აქ მოდიოდნენ ებრაელები, ქუთაისელები, სხვადასხვა კუთხის ხალხი. ზოგი კანზე მკურნალობდა, ზოგიც გულსისხლძარღვთა პრობლემებზე“.


ადგილობრივების ნაწილი იმაზეც სწუხს, რომ შეუფერებელმა ეკოლოგიურმა გარემომ ნალექი დააგროვა და რამდენიმე სამკურნალო ავზი გადაფარა.

,,ზუსტად არავინ იცის, მაგრამ სავარაუდოდ  სულ ხუთი აბანო ყოფილა. ახლა მხოლოდ სამი სჩანს. ორი  ჩახრეშილია, დასილულია, დამალულია“, – ონისე მელქაძე ერთ–ერთი მათგანია, ვინც მეზობლებთან ერთად, როცა დროს პოულობს, აბანოს  საკუთარი ხელით ასუფთავებს. თუმცა დანარჩენების გაუფრთხილებლობის გამო, ნაგავი ყოველდღიურად გროვდება.


ადგილობრივები მიიჩნევენ, რომ ჭომაში არსებულ ისტორიულ სიმდიდრეს გადარჩენა სჭირდება. ამისთვის ჯერ უბანში საკანალიზაციო სისტემის მოწყობას და მდინარის კალაპოტის  დასუფთავებას ითხოვენ.


ჭომაში საკანალიზაციო სისტემის მოწყობა საქართველოს წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, 2021 წელს იგეგმება. 100  მილიონიანი პროექტის განხორციელების ვადა ორი წელია.


იქამდე, ვიდრე წყალარინების პრობლემა მოგვარდება, მდინარის კალაპოტი გასუფთავდება და მოსახლეობის გარკვეული ნაწილიც ეკოლოგიის მოფრთხილებას ისწავლის, 3500 წლის ქალაქში დატოვებული ძველი ბუნებრივი სიმდიდრე, შესაძლოა, განადგურდეს.

სანაგვედ ქცეული ტურისტული პოტენციალი

გაურკვეველი მომავლის ფონზე, ტურიზმის სფეროში დასაქმებულები რუას  აბანოების ტურისტულ პოტენციალზე საუბრობენ.

მათი აზრით, რუას მკურნალი წყლები მხოლოდ იმიტომ უნდა იყოს ტურისტულ მარშუტებზე დატანილი, რომ ლეგენდა გაცოცხლდეს. ამავდროულად, პოსტ-პანდემიურ პერიოდში, როცა შიდა ტურიზმი გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს,  ქალაქს ახალი ატრაქციები შეემატოს.

,,სულ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ახალი მარშუტები უნდა აღმოვაჩინით, გავაციფრულოთ და ხელმისაწვდომი გავხადოთ. ის, რომ რუას აბანოები არ არის მოვლილი და ცნობადი, იმ სამსახურის მუშაობას განსაზღრავს, რომელიც ტურიზმის პოლიტიკაზეა პასუხისმგებელი. ვისურვებდი, უფრო მეტად კონცენტრირდნენ ქალაქში ახალი ტურისტული მარშუტების აღმოჩენასა და არსებულის დაცვაზე“, - ლაშა ბერეკაშვილი ქუთაისში ახალგაზრდა გიდების ასოციაციის ხელმძღვანელია, რომელის საკუთარი ინიციატივით, თანამოაზრეებთან ერთად, ქუთაისში ახალი მარშუტების აღმოჩენას იწყებს.

რუას მკურნალ აბანოებზე, როგორც უფუნქციოდ დარჩენილ ტურისტულ ატრაქციაზე, სხვებიც საუბრობენ. მეტიც, ქუთაისელი ლევან ჭანჭალეიშვილი იმასაც გვიყვება, თუ როგორ უვლიან ანალოგიურ ბუნებრივ სიმდიდრეს სხვა ქვეყნებში.

,,მალტაში ქალაქ სლიმაში, ანალოგიური, ქვაში ამოჭრილი აბანოები, სხვადასხვა საიტების მიერ ქალაქის გასაცნობად აუცილებელ 10  ტურისტულ სანახაობებშია შეტანილი, რომელიც ყველა სტუმარმა უნდა ნახოს. ქალაქ სლიმას კი წლიურად 2.5 მილიონი ტურისტი სტუმრობს“.



მალტა, რომაული აბანოები


ვინაიდან რუას აბანო კერძო საკუთრებას არ წარმოადგენს, უცნაურია, რომ მის მოვლა-პატრონობაზე ქუთაისის ტურიზმის ცენტრი მოსახლეობის მიმართვას ითხოვს. როგორც წესი, ისტორიული მემკვიდრეობის შესწავლაც და მისი დაცვაც სახელმწიფოს უფლება-მოსილებაა. ცენტრის ხელმძღვანელი ტატო ლილუაშვილი  აცხადებს, რომ ქალაქში ახალი ტურისტული სანახაობების აღმოჩენის ინიციატივა მისთვისაც საინტერესო საკითხია.


,,სასიხარულოა კერძო სექტორის ინიციატივები  ქუთაისში ახალი ტურისტული პროდუქტების აღმოჩენის, შესწავლის  კუთხით. მოგვმართონ და გავუწევთ ორგანიზებას სამუშაო ჯგუფის ჩამოყალიბებას ისტორიკოსების და შესაბამისი დარგის სპეციალისტების ჩართულობით. თუ რუას აბაზანების სახელით  ცნობილი ნაშთები  მოგვცემს საშუალებას, ვაქციოთ ისინი ტურისტულ პროდუქტად, მზად ვართ ხელი შევუწყოთ ამ საქმეს“.


ისტორიის ნაკვალევზე

ქუთაისში რუას აბანოების შესახებ ინფორმაცია ისტორიულ წყაროებშიც გვხვდება. გადმოცემის თანახმად, ჭომაში მე-12 საუკუნეში აღმოაჩინეს მდინარე რუას სამკურნალო წყლები. სწორედ წყლის სამკურნალო თვისებები გამხდარა ტყით დაფარულ ტერიტორიაზე, დასახლების საბაბი.

უბნის დასახელება, სიტყვა „ჭომა“ დაცულია მე-16 საუკუნის ისტორიულ საბუთში, სადაც უბნის დღევანდელ  სახელთან ერთად, ნახსენებია მდინარე რუაც – “არის ჭომას რუას პირს დიდი ცაცხვი“.

ქუთაისში რუას აბანოები ჯერ არ შეუსწავლიათ მკვლევარებს, შესაბამისად, მას არც ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს , თუმცა მის შესახებ გარკვეულ ინფორმაციას ფლობენ ისტორიკოსები.

,,არსებობოს ამბავი იმის თაობაზე, რომ ეს წყლები სამკურნალოა. მდინარეში უამრავლი სუფთა და ფერადი ქვებია, სხვანაირი შემადგენლობის  მინერალები. სავარაუდოდ, ეს სძენს წყალს სამკურნალო თვისებებს. ჩემი ისტორიკოსი მეგობარი იმასაც მეუბნებოდა, იქ ქვევრების ნაშთებიც არისო. ერთხელ ჩავედი კიდეც და ვეძებე, მაგრამ შესწავლა შეუძლებელია იქამდე, ვიდრე ტერიტორია არ მოწესრიგდება“, – ქუთაისის მუზეუმ–ნაკრძალის მმართველი,  აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და არქეოლოგი როლანდ ისაკაძე, იმასაც ამბობს, რომ თუ ტერიტორია დასუფთავდება და დაინტერესდება ტურისტული სექტორი, ვითარებაც შეიცვლება.

,,ძალიან მნიშვნელოვანია დადგეს შესწავლის საკითხი. თუ იქ რაიმე კულტურული მემკვიდრეობა აღმოჩნდება შევისწავლით და ძეგლის სტატუსზეც ვიფიქრებთ. ეს მხოლოდ სასიკეთო იქნება ქუთაისისთვის.

თუ საპირფარეშოების და დასუფთავების საკითხი არ მოგვარდა, კვლევაზეც და ტურიზმზეც საუბარი ზედმეტია ამ ეტაპზე. მერია დასუფთავების საკითხს განიხილავს, კანალიზაცია კი  მომავალი წლის გეგმაა, ასე რომ რუა კვლავ თვითდასუფთავებით თუ გადაირჩენს თავს და შეინახავს ისტორიულ აბანოებს.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის
სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა
სჭირდება.
11:32 / 11.10.2024
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.