საზოგადოება
გაზრდილი საქმე უცვლელი ხელფასით – ქუთაისის საბავშვო ბაღებში პრეტენზიებს გამოთქვამენ
FaceBook
მიმდინარე წლიდან ქუთაისის საბავშვო ბაღების აღსაზრდელები ორის ნაცვლად სამჯერად კვების რეჟიმზე გადავიდნენ. ამ მიზნით სკოლამდელი დაწესებულებების დაფინანსება, წინა წლებთან შედარებით, 5 მლნ ლარით გაიზარდა.

აღნიშნული ცვლილების გამო საბავშვო ბაღებში მომსახურე პერსონალის შრომა გაორმაგდა, მათი შრომის ანაზღაურება კი უცვლელი დარჩა.
ქუთაისში არსებული ერთ-ერთი საბავშვო ბაღის თანამშრომელი, რომლის ვინაობასაც მისივე თხოვნით, ქუთაისიპოსტი არ ასახელებს, აცხადებს, რომ კვებათა რაოდენობის ზრდის შედეგად სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების თანამშრომლებს მხოლოდ შრომა მოემატათ და არა ამ შრომის შესაბამისი ანაზღაურება. მისივე თქმით, ბაღში სამჯერად კვებაზე გადასვლასთან ერთად მზარეულებისა და დამხმარე პერსონალისთვის ხელფასების მომატებაც უნდა მომხდარიყო.
"ეს არის შეუსვენებელი და დაუღალავი შრომა დილიდან ღამემდე. დილის საკვების მომზადებას ვერ ვასწრებთ, რომ მომდევნო კვების დრო დგება. წესით, მუშაობას 9 საათზე უნდა ვიწყებდეთ, მაგრამ თუ ამ დროს დავიწყეთ, საკვების მიწოდებას ვერ მოვასწრებთ და ამიტომ იძულებული ვართ მუშაობა 1 საათით ადრე დავიწყოთ. მთელი დღის განმავლობაში ისეთი მძიმე შრომა გვაქვს, საკუთარ ოჯახებში რომ მოვამზადოთ საჭმელი, იმის ძალა აღარ შეგვწევს. ჩვენი შრომის ხარჯზე სურთ საკუთარი რეკლამა,"- ამბობს საბავშვო ბაღის თანამშრომელი.
ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანებაში აცხადებენ, რომ თანამშრომელთა პრეტენზიების შესახებ თავადაც იყვნენ ინფორმირებული. თუმცა, გაერთიანების წარმოამდგენლებთან შეხვედრისას მათგან მსგავსი შენიშვნები არ მიუღიათ. გაერთიანების დირექტორის მოადგილე მეთოდურ დარგში, მაკა დოღონაძე ქუთაისიპოსტთან საუბრისას ამბობს, რომ სკოლამდელი დაწესებულებებისთვის შედგენილი მენიუ არც ერთ თანამშრომელს არ დააზარალებს.
"მთავრობის ახალი დადგენილების შესაბამისად, ვალდებული ვართ, რომ ბაღებში 9 საათიანი სერვისის შემთხვევაში, სამჯერადი კვებით მოვემსახუროთ აღსაზრდელებს. სამუშაო დრო არ შეცვლილა, მენიუ ისეა გაკეთებული, რომ თანამშრომლები არ დაზარალდნენ. წიწიბურას ან მანანის ფაფის მომზადება, რაიმე დამატებით ძალისხმევას მათი მხრიდან არ ითხოვს. მით უმეტეს, დავამატეთ მუშახელი შიდა რესურსიდან გამომდინარე. თუ იყო სამი ადამიანი დაკავებული, იმის გამო რომ მათი დრო გამოთავისუფლებულიყო, დასუფთავებაზე დავამატეთ მუშახელი," – ამბობს მაკა დოღონაძე.
საბავშვო ბაღებისთვის დაფინანსების ზრდას და სამჯერად კვებაზე ქალაქის მერის ინიციატივას კრიტიკით გამოეხმაურნენ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები. საკრებულოს უმცირესობის წევრი, ამირან ძოწენიძე, რომელიც აღნიშნავს, რომ უფასო ყველი მხოლოდ სათაგურშია, ხელისუფლების ინიციატივას ბიუჯეტისთვის წამგებიანად აფასებს.
"მივიღეთ ის, რომ ადგილობრივი ბიუჯეტი 3 მილიონი ლარით დაზარალდა, რადგან ქალაქი იქეთ უხდის ბაღებს ფულს,"- განმარტა ამირან ძოწენიძემ.
2015 წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან ააიპ ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანება 8 200 000 ლარით დაფინანსდა. ამ თანხიდან გაერთიანების 35 ფილიალში დარეგისტრირებულ 9650 აღსაზრდელის კვებაზე 1 783 000 ლარი დაიხარჯება, 5 350 000 ლარი კი ააიპ ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთანებაში დასაქმებულებსა და ბაღების თანამშრომლების ხელფასებს მოხმარდება. გასულ წელს გაერთიანებამ სახელფასო ფონდისთვის ბიუჯეტიდან 4 818 200 ლარი დახარჯა.
ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთანების მიერ მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ თავად გაერთიანების ფილიალებში მომუშავე ტექნიკური პერსონალის მინიმალური ხელფასი ყოველთვიურად 184 ლარია, ხოლო თავად გაერთიანების თანამშრომლებს გაცილებით უფრო მაღალი ხელფასები აქვთ.
9-10 საათიანი ციკლით მომუშავე სკოლამდელ დაწესებულებებს სამჯერადი კვების რეჟიმს 2014 წლის 15 იანვარს გამოცემული მთავრობის #78-ე ტექნიკური რეგლამენტი ავალდებულებთ, რომელიც ბავშვთა სკოლამდელ დაწესებულებებში კვების ორგანიზაციის სანიტარიული წესებსა და ნორმებს ამტკიცებს. რეგლამენტში დეტალურადაა გაწერილი ჰიგიენურ-სანიტარული მოთხოვნები და მენიუ. თუმცა, იმ ადამიანების შრომის ანაზღაურების მომატებაზე, ვინც საკვების მომზადებაზე ზრუნავს, რეგლამენტში მოხსენიებული არაა. ისევე როგორც, აღნიშნული საკითხი ამ ეტაპზე არც ქუთაისის მერიაში განიხილება.
დეა მანაგაძე
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის
სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა
სჭირდება.
11:32 / 11.10.2024
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.