ჟურნალისტი მანუჩარ კაჭახიძე ნიუ-იორკიდან ეხმიანება ქუთაისის თეატრის
სეზონის გახსნას:
"ბევრი ქალაქის თეატრების სეზონის გახსნა მინახავს და აღმომიჩენია,
როგორ მაყვარებდა ესა თუ ის სპექტაკლი იმ ქალაქს. სპექტაკლი
"ბამბაზიის სამოთხე" ნანახი მაქვს ვიდეო-ჩანაწერში. ვაღიარებ, ძლიერი
სპექტაკლია და ძალიან საჭირო ჩვენი აფხაზი ძმების დასაბრუნებლად.
მიტირია და მიოცნებია კიდეც, თუ როგორ დავბრუნდებით სოხუმში ამ
სპექტაკლით. მაგრამ არ მესმის, ისეთი ქართული და თეატრალური ქალაქი,
როგორიც ქუთათისია, რატომ უნდა ხსნიდეს თავის თეატრალურ სეზონს
"ტრადიციულად" ამ სპექტაკლით?!
- იქნებ, აღგვედგინა თუ დაგვედგა რეზო გაბრიაძის "ჩემი გაზაფხულის
შემოდგომა" (საოცრად ახლობელი სპექტაკლი ომისშემდგომი წლების
დაცარიელებულ და გაღატაკებულ ქუთაისზე, - შვეიცარიაში, ლოზანაში
დადგმული);
- იქნებ, რომელიმე ჭკვიან და აუცილებლად ქუთაისელ რეჟისორს სცენაზე
გადმოეტანა ასევე გაბრიაძისა და შენგელაიას შედევრი "არაჩვეულებრივი
გამოფენა", რომ პიპინიას და აგულის პროტოტიპებს, პიკასოს ბიჭის
საინტერესო ფენომენს უკვე სცენაზე გაეგრძელებინა ახალი სიცოცხლე იმ
თაობებისათვის მაინც, შავ-თეთრ ფილმებს რომ არ ნახულობენ;
- ვინმეს ნანახი გაქვთ 1990-ში, საფრანგეთში, პარიზში გაბრიაძის მიერ
დადგმული სპექტაკლი "ქუთაისი", ანშლაგებით რომ მიდიოდა წლები პარიზულ
სცენაზე?
- შეიძლება, ქალაქში შენს გვერდით ცხოვრობდეს კლასიკოსი რეზო
ჭეიშვილი, მისი ცხედარი 15 სექტემბერს დაასვენო შენი თეატრის სცენაზე
და ათიოდ დღეში სეზონი არ გახსნა მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი რომელიმე
სპექტაკლით? ეს მაშინ, როცა ჯერაც არ დაგიდგამს მისი "ქალაქში
დინოზავრები დადიან" ან "მხიარულება სალხინეთში", - ყველა დროის
შედევრი.
სათქმელი კიდევ ბევრია. გასაკეთებელი უფრო ბევრი.
შენიშვნას, "შენ რა იცის" - არ ვღებულობ, რადგან ქუთაისიდან 17-წლიანი
სიშორის მიუხედავად, როგორც ექიმს, წამითაც არ ამიღია ხელი ქუთაისის
პულსისათვის - ეს მაცოცხლებს და მიტომ.
მე მინდა ჩვენ კი არ დავუბრუნდეთ თეატრს, ჩემო ძვირფასო თეატრალებო,
არამედ თქვენ დაგვაბრუნოთ თეატრში - ჯერ გაბრიაძის, ჭეიშვილის და
შემდეგ უაილდერის, დე ფილიპოს შედევრებით".
ქუთაისის მესხიშვილის დრამატულმა თეატრმა პროფესიული დასის
დაარსებიდან 131-ე სეზონი 29 სექტემბერს, ტრადიციულად "ბამბაზიის
სამოთხით" გახსნა.
სპექტაკლით "ბამბაზიის სამოთხე" სეზონი მესხიშვილის თეატრში 2007
წლიდან იხსნება.
მასალის გამოყენების პირობები