"ზღაპარს გავს იცი? ხანდახან ვფიქრობ, ამდენი როგორ შევძელი. 21 წლის ასაკში. მარტო დედამ.
"თორნიკეს დაბადების დღის შემდეგ აღარ მინახავს ყველაზე ახლობელი
ადამიანები. არც მშობლები, არც ბავშვის მამა", - გვიყვება ლიზა,
რომელიც ახლა 24 წლისაა, მაგრამ დღემდე მძიმედ იხსენებს მშობლიური
ზესტაფონის დატოვების დღეს. ბევრი რამ დატოვა ამ ქალაქში. თორნიკეს
მამასთან გატარებული ხუთი ტკბილი წელი, ბავშვობა, სახლი,
მეგობრები.
ლიზა არ იყო მხოლოდ უარყოფილი ქალი ბავშვით, არამედ უსახლკაროდ
დარჩენილი ადამიანი. სიღარიბეს თან ახლდა სტიგმაც, არასრულფასოვნების
განცდა. მხარდაჭრის სისტემის არარსებობა.
,,რა უნდა მექნა? ჩვილით ხელში სად წავსულიყავი? ბოლოს, ბავშვთა
სოფელს მივაგენი. ეს იყო ხსნა. საკვები, პამპერსი, ოთახი,
სითბო. პროგრამით სარგებლობა ერთი წლით შემეძლო, შემდეგ თავად
უნდა მეზრუნა საკუთარ თავზე", - დამოუკიდებლად ცხოვრებისთვის
მოსამზადებლად ლიზამ თორნიკე ბავშვთა სოფლის ძიძებს მიაბარა და
საჩუქრების ერთ-ერთ მაღაზიაში გამყიდველად მოეწყო. ორთვიანი დაუღალავი
შრომით ექვსასი ლარი შეაგროვა. შემდეგ პატარა ბინის იაფად დაქირავება
მოახერხა და ქუთაისში გადაბარგდა. მარტო ცხოვრებასთან
გამკლავება არც ისე მარტივი აღმოჩნდა. საჭირო იყო ფინანსები და ზუსტად
დაგეგმილი ხარჯები.
ლიზას ყოველი თვის ბიუჯეტი დღეს იმდენია, რამდენიც მიმტანად 12
საათიან რეჟიმში მუშაობის საფასური.
"თვეში მიმიმუმ ხუთასი ლარი მჭირდება: ბინისთვის, ძიძისთვის,
საკვებისთვის. ყველაფერს ზუსტად ვანგარიშობ, მერე ვანაწილებ. ვიცი
მხოლოდ საკუთარი ხელები გადამარჩენს. რომ სახელმწიფოს იმედიც ვერ
მექნება, უკვე მართლა ყველაფერი ვიცი.“
ლიზასნაირი მარტოხელების
პრობლემები იცის სახელმწიფომაც. ამის მიუხედავად, საქართველოში არ
არსებობს ერთიანი პროგრამა, რომელიც მარტოხელა მშობლების საჭიროებებს
დააკმაყოფილებს.
30 ლარი მარტოხელებისთვის
მარტოხელა მშობლების მხარდაჭრის მიზნით ქუთაისში
ერთადერთი პროგრამა ხორციელდება.
საუბარია მარტოხელა მშობლების დახმარების პროგრამაზე, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის ინიციატივით 2018 წლიდან მოქმედებს. დახმარება ყოველ თვე 30 ლარით განისაზღვრება, რითაც მერია ბენეფიციარებს კომუნალური გადასახადების დაფარვაში ეხმარება.
,,პროგრამით სარგებლობენ არამხოლოდ მარტოხელა დედები, არამედ მამებიც. კომუნალური გადასახადების დასაფარი თანხის მისაღებად ბენეფიციარმა აუცილებლად უნდა მოიტანოს ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის და წყლის ქვითრები,“ - ამბობს ქუთაისის მერიის მუნიციპალიტეტის სოციალურ საკითხთა სამსახურის ხელმძღვანელი ფიქრია ხაჭაპურიძე.
კომუნალური გადასახადების გარდა,
საჭიროების შემთხვევაში პროგრამა ბენეფიციართა ქირურგიულ სამედიცინო
საჭიროებებსაც აფინანსებს.
ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის წლიური ბიუჯეტი სულ 10 ათასი
ლარს შეადგენს. უთაისის სოციალურ საკითხთა სამსახურის თანამშრომლების
ინფორმაციით, ყოველწლიურად მარტოხელა მშობელთა რაოდენობა მზარდია:
2018 წელს მარტოხელა მშობლების დახმარების პროგრამით ქუთაისში სულ 22
ბენეფიციარმა, ხოლო 2019 წელს 33 მშობელმა ისარგებლა.
კომუნალური გადასახადების
დაფარვისთვის განკუთვნილი დახმარების მისაღებად მოქალაქემ ქუთაისის
სოციალურ სამსახურს უნდა მიმართოს. ასევე იქონიოს მარტოხელა მშობლობის
დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
ვინ ითვლება
მარტოხელად?
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, მარტოხელა დედად ითვლება
პირი, რომელსაც ჰყავს ქორწინების გარეშე დაბადებული 18 წლამდე ასაკის
შვილი და ბავშვის დაბადების აქტში არ არის ჩანაწერი მამის
შესახებ.
ასევე, მარტოხელა დედად ითვლება პირი, რომელიც შვილად აიყვანს 18
წლამდე ასაკის ბავშვს, თუმცა ამ დროს არ იმყოფება რეგისტრირებულ
ქორწინებაში. საქართველოში მარტოხელა დედად ვერ ჩაითვლება ქალი,
რომელიც ოფიციალურად განქორწინდა და მარტო ზრდის შვილს.
სტატუსის მინიჭება ხდება
იუსტიციის სახლში შესაბამისი განცხადების საფუძველზე. ასევე სტატუსის
მაძიებელმა უნდა წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი,
ბავშვის (ბავშვების) დაბადების მოწმობა.
თუ სტატუსის მაძიებელი არასრულწლოვანია, სტატუსის მაძიებელი პირის
დაბადების მოწმობას და განცხადება კანონიერმა წარმომადგენელმა უნდა
წარადგინოს.
განსაზღვრული სტატუსის მიუხედავად, საქართველოში არ არსებობს
მარტოხელა მშობელთა ზუსტი სტატისტიკა. იურისტებს მკაფიოდ არ მიაჩნიათ
კანონიც, რომლის მიხედვით მარტოხელად არ ითვლებიან განქორწინებული
მშობლები. რეალურად კი განქორწინებულ მშობლებსაც ანალოგიური
საჭიროებები აქვთ, როგორც ქორწინებაში არმყოფებს.
მარტოხელა დედობის სტიგმა
სტიგმა ლათინურად სირცხვილის ნიშანს
ნიშნავს, ლაქას, ამომწვარს, ამოჭრილს.
ფსიქოლოგებს აზრით ტერმინი
ზუსტად განსაზღვრავს პრობლემას, რომელიც მარტოხელა მშობლების მიმართებაშიც
დასაძლევია.
მათი თქმით, მარტოხელა დედობა მოცემულობაა, რომელშიც ხშირად
ადამიანები არჩევანის გარეშე აღმოჩნდებიან. ასეთ დროს ისედაც
შეშინებულ, აღელვებულ, უამრავი პრობლემის წინაშე მყოფ ქალს თანადგომა,
თანაგანცდა სჭირდება.
,,მარტოხელა დედები არიან ძლიერი
ადამაინები, გმირები და ისინი მხოლოდ სიყვარულს იმსახურებენ. მათ
მიმართ ყველა სხვა დამოკიდებულება უბრალოდ არაადამიანურია," -
ამბობს ფსიქოლოგი ეკა გვეტაძე.
მასალის გამოყენების პირობები