საზოგადოება
„გამქრალი თაობა“ და ასაკთან დაკავშირებული შეზღუდვები
FaceBook
"საქართველოში რომ ჩამოვიდე რა აზრი აქვს, სამუშაოს შოვნა თითქმის შეუძლებელია. თანაც ჩემი ასაკის ადამიანი არავის უნდა",- ამბობს 44 წლის ქართველი ემიგრანტი.
როდესაც საუბარია ეიჯიზმზე (ადამიანის ასაკობრივი ნიშნით დისკრიმინაცია) მისი ფართოდ და ყველაზე მწვავე ფორმით გავრცელების ადგილად შრომითი ბაზარი სახელდება. სამუშაოს მაძიებლები აღნიშნავენ, რომ ეიჯიზმი იკვეთება უკვე ვაკანსიის შესახებ განცხადების ტექსტიდან. განცხადებებში არც თუ იშვიათად ასაკობრივი ზღვარია დაწესებული, რომელიც უმეტეს შემთხვევაში არ ცილდება 35 წელს.
"არის ისეთი საქმე, რასაც სულ არ ჭირდება 25 წლის ახალგაზრდა, 40 და 50 წლის ადამიანიც გააკეთებს, თუმცა მაინც ახალგაზრდებზეა მოთხოვნილება", - აღნიშნავს სამუშაოს მაძიებელი 51 წლის თემურ იზორია.
დამსაქმებლები ახალგაზრდების ენერგიასა და ენთუზიაზმში ხედავენ მეტ სარგებელს, ვიდრე ასაკოვანის გამოცდილებაში. ამას იმითაც ხსნიან, რომ 50 -60 წლის ადამიანის გამოცდილება საქართველოს შემთხვევაში საბჭოთა გამოცდილებად ითვლება. ანაქრონიზმად, რომელიც მხოლოდ გასულ ეპოქასა და სისტემაში იყო ფასეული. პოსტ-საბჭოთა ეპოქამ კი მასზე მთლიანად თქვა უარი. ქუთაისელი საშუალო ასაკის ადამიანები მთელი თობის გაქრობაზეც საუბრობენ კულტურული სივრციდან და სამოქმედო ასპარეზიდან.
"ზოგადად ნაკლებად ახსენებენ ეიჯიზმს და 50-60 წლის ადამიანების სიძულვილს. ქუთაისის სინამდვილეში ეს თაობა საერთოდ გაქრა კულტურული ველიდან. არადა ეს თაობა ყოველთვის აქტიური იყო კულტურულ ცხოვრებაში. თითქოს "განკარგულებაა" ასეთი, რომ ეს თაობა არ უნდა იყოს", - აღნიშნავს ჟურნალისტი ნესტან ნებულიშვილი..
თუმცა აღნიშნული თაობის "გაქრობას" ნაკლებად აკავშირებენ თაობათა შორის დაპირისპირებასთან. არამედ მიიჩნევენ ახალგაზრდობის "ბუნებრივ" უპირატესობად.
"ყველა ნიშნით ჯგუფურ უპირატესობაზეა საზოგადოება აწყობილი. ახალგაზრდას ბუნებრივი უპირატესობა აქვს. მე რაღაც ვერ ვატყობ, რომ აქ თაობათა შორის დაპირისპირება იყოს უბრალოდ უპირატესობის განცდა და მდგომარეობაა. ახალგაზრდობა თავისთავად უპირატესობაა", - ამბობს ბლოგერი მარიამ გიორგაძე.
ბლოგერი აღნიშნავს, რომ ახალგაზრდების სიჭარბე შეინიშნება ბევრ სფეროში, თუმცა ახალგაზრდები ნაკლებად იქცევიან "ახალგაზრდულად" და ხშირად მაინც იმას აკეთებენ "რაც მამას უნდა".
სამაგიეროდ, ახალი დროება, თავისი ტექნოლოგიური სიახლეებით თუ "პოსტ-საბჭოთა კაპიტალიზმი" მისი კანონებით და გამოწვევებით, ახალგაზრდების "მხარესაა" და ასაკობრივ შეზღუდვებს აწესებს. თუმცა, შეზღუდვები ამით არ სრულდება.
ეიჯიზმის მიმართ არსებულ სხვადასხვა მიდგომებს შორის არის ეიჯიზმის საკუთარი თავის მიმართ გამოვლინებაც, საკუთარი თავის დაბლოკვა ასაკის გამო, არსებობს შეუფერებელი ასაკის ცნება, ასაკის გამო აქტიური სივრციდან ჩამოშორება, უარის თქმა ცხოვრებაზე იმიტომ, რომ ადამიანი ამა თუ იმ ასაკს გადაცილდა.
"ხშირად გამიგონია შუა ასაკს გადაცილებული ადამიანებიდან: რაღა დროს ჩემი სწავლაა, რა დროს ჩემი შეცვლაა, რაღა დროს ჩემი ბინის ყიდვაა და ა.შ. მამაჩემი 62 წლის იყო, როდესაც მეორედ ჩააბარა ინსტიტუტში და მეფუტკრეობის პროფესიას დაეუფლა. ადამიანებმა სასურველია შეცვალონ მიდგომები და ხედვები ასაკთან დაკავშირებით. ასაკის მატებას თავისი ხიბლი აქვს: არის გამოცდილება, უამრავ ადამიანს იცნობ, რამდენჯერმე გიყვარდა ბოლოსდაბოლოს...", - აღნიშნავს ჟურნალისტი ია იაშვილი.
როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ ეიჯიზმს ასაკი არა აქვს. ცხოვრების ყოველ ეტაპზე ადამიანი ეჯახება ასაკთან დაკავშირებულ შეზღუდვებს. ასაკი დამაბრკოლებლად შეიძლება იქცეს გარედან წამოსული მიზეზებით თუ შინაგანი თვითცენზურით. ამიტომ, როგორც ია იაშვილი ამბობს, ადამიანზეა დამოკიდებული "ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ასაკში გადაწყვიტოს, რომ დაიწყოს ახალი ცხოვრება".

ეკა კუხალაშვილი

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის
სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა
სჭირდება.
11:32 / 11.10.2024
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.