საზოგადოება
სიცოცხლისთვის საშიში გაზის მოწყობილობები (ვიდეო)
FaceBook

“სოკარ ჯორჯია გაზის” მონაცემებით, ქუთაისში, ბინების ნახევარზე მეტში გაზის მოწყობილობები წესების დარღვევით არის დამონტაჟებული.

საშემოდგომო გეგმიური მონიტორინგი ყოველდღიურად მიმდინარეობს. ქუთაისში რვა ჯგუფი დღეში ასეულობით ბინას ამოწმებს. კომპანიის წარმომადგენლებს შემოვლაზე გავყევით. “ქუთაისიპოსტს” შვიდი ბინიდან ოთხში გაზის მოწყობილობა დარღვევით დამონტაჟებული დახვდა.





“სოკარ ჯორჯია გაზს” ქუთაისში 68 000 აბონენტი ჰყავს. მიმდინარე წელს 37 000 მომხმარებელია შემოწმებული. გამოვლენილი დარღვევების გამო, ჩახსნილია 7 000 გაზის დანადგარი. დაფიქსირდა ბუნებრივი აირის გაჟონვის 20 ფაქტი. გაზის კომპანიაში საუბრობენ რისკზე, რომლის თავიდან აცილება ვერ ხერხდება.

“ახლა, მაგალითად, სულხან-საბას გამზირზე არსებულ ბინაში ჩავხსენით და დავლუქეთ გაზის გამათბობელი, მაგრამ ჩვენ წამოვედით იქედან და იმის გარანტია, რომ ერთ საათში ის მას არ გახსნის, არ არასებობს და ხშირია ასეთი შემთხვევებიც”, - ამბობს “სოკარ ჯორჯია გაზის” ტექნიკური სამსახურის უფროსი მერაბ კუბლაშვილი. 

ვინაიდან კომპანია ყველა აბონენტის გეგმიურ შემოვლას წლის განმავლობაში ვერც კი ასწრებს, ახსნილი ლუქის ფაქტს, მინიმუმ ერთი წელი ვერ გამოავლენს. მოქალაქეზე ზემოქმედების სხვა ბერკეტი "სოკარ ჯორჯია გაზს" ამ ეტაპზე არ აქვს. მომხმარებელი კი, ისევ დაზიანებული მოწყობილობით, ოჯახის წევრების სიცოცხლე რისკის ფასად სარგებლობს.    

მონიტორინგის შედეგად ირკვევა, რომ მთავარი პრობლემა არასწორად დამონტაჟებული წყლის გამაცხელებლებია. მერაბ კუბლაშვილის თქმით, ფინანსების დაზოგვის მიზნით, მოსახლეობა მოწყობილობას კუსტარულად აყენებს, ან მონტაჟს არაკვალიფიციურ პირებს ანდობს.

“იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელმა დააყენა ახალი ხელსაწყო, უფლება აქვს მივიდეს გაზის მეურნეობაში და ჰკითხოს, რამდენად გამართულად და უსაფრთხოდ არის ის დამონტაჟებული. ეს მომსახურება სრულიად უსასყიდლოა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებაც არის”.

“სოკარ ჯორჯია გაზში” არ არსებობს გაზის მოწყობილობების მონტაჟის ჯგუფი. შესაბამისად, არ არსებობს დანადგარის უსაფრთხოდ დაყენების გარანტიაც. მომხმარებელმა თავად უნდა გადაწყვიტოს, ამ საქმეში ვინ არის კვალიფიციური და ვინ არა, რისი შედეგიც, ხშირად, სავალალოა. გამოსავალი მხოლოდ კომპანიის წარმომადგენლების შესამოწმებლად გამოძახებაა.

ქუთაისში მოსახლეობის ნაწილი ჩივის, რომ გაზის კომპანია მათ ზარებზე სათანადოდ არ რეაგირებს. ერთ-ერთმა აბონენტმა, დანადგარის ჩართვამდე, ჯგუფი გამოიძახა, თუმცა ცხელ ხაზზე დარეკვას შედეგი არ მოჰყვა.

“ახალი გამაცხელებელი ვიყიდე და რომ დავრეკე სოკარში არც ჰო მითხრეს და არც არა. ორ დღეში მოვალთო, ველოდე და არ გამოჩნდნენ, ამიტომ გადავწყვიტე გათბობა ჩამერთო”, - ამბობს მარიკა კაპანაძე.

“სოკარ ჯორჯია გაზში” დღეში ათეულობით გამოძახება ფიქსირდება. ზარების ნაწილი ახალი დანადგარის შემოწმებას, ნაწილი კი შესაძლო დაზიანებას ეხება. კომპანიაში ამბობენ, რომ საავარიო ჯგუფი 24 საათიან რეჟიმში მუშაობს და ოპერატიულად რეაგირებს გამოძახებაზე.

“შეგიძლიათ ექსპერიმენტიც ჩაატაროთ, სახლში რომ მიხვალთ, დარეკეთ და მაქსიმუმ 15 წუთში საავარიო სამსახური ადგილზე იქნება”.

“ქუთაისიპოსტის” ოფისში, გაზის სისტემის სავარაუდო გაუმართაობასთან დაკავშირებით, ჯგუფი რამდენიმეჯერ გამოვიძახეთ. კომპანიის წარმომადგენლები ყოველ ჯერზე ოპერატიულად მოვიდნენ. როგორც ჩანს, სხვა ვითარებაა გაზის ახლადდაყენებული დანადგარის შემოწმებასთან დაკავშირებით. ჩვენი რესპონდენტის შემთხვევა ადასტურებს, რომ ნოემბრის ცივ ამინდებში, აბონენტები ჯგუფს გაურკვეველი ვადით ვერ დაელოდება.

ქუთაისში, სულხან-საბას გამზირზე მცხოვრებლები კიდევ ერთ პრობლემაზე ჩივიან. მათი თქმით, უბანში ძლიერი ქარის დროს, მილიდან გაზის ნამწვი ისევ ბინაში ხვდება, ან გამათბობელი ქრება. ასეთ დროს მოწამვლის დიდი რისკია.

სპეციალისტები ამბობენ, რომ სწორად დამონტაჟებული დანადგარიდან ნამწვი უკან არავითარ შემთხვევაში დაბრუნდება. მთავარია მოწყობილობა გამართულად მუშაობდეს და კვალიფიციური კადრის მიერ იყოს დაყენებული.

სახლში გაუმართავი დანადგარების არსებობას მოსახლეობა ფინანსური პრობლემებით ხსნის. თიკო მარგალიტაშვილმა თავადაც იცის, რომ წყლის გამაცხელებელი არასწორად აქვს დაყენებული, თუმცა ხუთსულიანი ოჯახში, პრობლემის მოსაგვარებელი სახსრები ვერ გამოძებნეს.

“სამი მცირეწლოვანი მყავს, ხან რა გამოჩნდება, ხან რა და ვერასდროს ვერ მოვიტოვე ფული მაგისთვის, თორემ მეც კი ვიცი, რომ გასაკეთელი მაქვს”.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ შეიმუშავა კანონპროქტი, რომლის მიხედვით გაზის მოწყობილობების გაუმართაობის შემთხვევაში, თუ პირი არ დაემორჩილება ინსპექტორებს და უარს იტყვის სიცოცხლისათვის საფრთხის შემცველი და გაუმართავი დანადგარის მოხსნაზე, ინსპექტორებს პოლიციის გამოძახების ვალდებულება ექნებათ. ამასთან, კანონპროექტი, რომელიც უწყებათაშორისი დამუშავების პროცესშია და საკანონმდებლო ორგანოში ჯერ არ შესულა, საჯარიმო სანქციებსაც ითვალისწინებს. ჯარიმების ნაწილი 2021 წლიდან ამოქმედდება და ბუნებრივი გაზის დარღვევით მოხმარების შემთხვევაში ფიზიკური და იურიდიული პირები დაჯარიმდებიან. მინიმალური ოდენობა 50, მაქსიმალური კი 1 500 ლარი იქნება.

რისკი:

ბუნებრივი აირის გაჟონვის შემთხვევაში აფეთქების, ნამწვის დაგროვების შემთხვევაში კი მოწამვლის რისკია, რაც მეტწილად ფატალურად სრულდება..

კომპანიის ტექნიკური სამსახურის ინფორმაციით, ზესტაფონში მოხმდარი ტრაგიკული შემთხვევა სწორედ გაზის ნამწვმა გამოიწვია. 16 სექტემბერს, ახალგაზრდა ქალი და მისი ორი მცირეწლოვანი შვილი ზესტაფონში, საცხოვრებელ კორპუსში გარდაცვლილები იპოვეს. ოჯახი ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა.


ვინაიდან ტრაგიკული შემთხვევები ხშირად გაქირავებულ და დაკეტილ ბინებში ხდება, იმერეთის რეგიონში ყველა ასეთი ბინის შემოწმება გადაწყდა. "სოკარ ჯორჯია გაზის" წარმომადგენლები საცხოვრებლებში მუნიციპალიტეტების მერიასთან შეთანხმებით შედიან. მათი თქმით, ეს მეთოდი ეფექტურად მუშაობს. 

რა უნდა გავითვალისწინოთ პრევენციისთვის?


“სოკარ ჯორჯია გაზი” მოსახლეობას თავის დაზღვევის მიზნით, დეტექტორის დამონტაჟებას ურჩევს.

“დეტექტორი უნივერსალურია, რომელიც ორივეზე რეაგირებს, როგორც CO-ზე ანუ ნამწვზე, ასევე, მეთანზე, ანუ გაზზე, CH4-ზე. როგორც კი მისი მოლეკულები მოხვდება ანუ კონცენტრაცია აიწევს, იმ წუთასვე სიგნალს მისცემს. არის ისეთებიც, რომლებიც ავტომატურად ჩაკეტავს, ანუ, ონკანზე მონტაჟდება, გაჟონვას დააფიქსირებს და ჩაკეტავს”, - ამბობს მერაბ კუბლაშვილი.

დამცავი დეტექტორი 70-80 ლარი ღირს, რასაც მონტაჟის თანხა ემატება. ჯერჯერობით, ეს ნებაყოფლობითი პროცედურაა, თუმცა კომპანიაში მიაჩნიათ, რომ მოწყობილობის დაყენება სავალდებულო უნდა გახდეს, რაც უსაფრთხოების გარანტია იქნება.

"სოკარ ჯორჯია გაზს" იმერეთში 150 000 აბონენტი ჰყავს.


“სოკარ ჯორჯია გაზის” ცხელი ხაზია ნომერია: 16 114
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის
სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა
სჭირდება.
11:32 / 11.10.2024
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.