"ეს ზედოზირებით გარდაცვლილთა ხსოვნის პატივისცემისა და სოლიდარობის აქციაა".
ზედოზირებაზე ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ქუთაისში აქცია მოეწყო. ზედოზირებით გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ქუთაისის სპორტის სასახლესთან კიპარისისს ხეები დარგეს, რომელსაც "სიცოცხლის ხეები" უწოდეს.
მსგავსი აქცია შარშანაც გაიმართა ორგანიზაციების "რუბიკონისა" და "ახალი გზის" მიერ. მაშინ კიპარისის ხეები ბაგრატის ტაძრისა და ბალახვნის ტერიტორიებზე დარგეს. "ეს ზედოზირებით გარდაცვლილთა ხსოვნის პატივისცემისა და სოლიდარობის აქციაა", - აღნიშნეს აქციის მონაწილეებმა.
როგორც აქციის ორგანიზატორებმა აღნიშნეს, საქართველოში არ არსებობს ზედოზირებით გარდაცვლილთა სტატისტიკა. არასამთავრობოების ინფორმაციით, საქართველოში ზედოზირებით ორ-სამ თვეში ერთი ადამიანი იღუპება.
ჯანდაცვის მინისტრის ახალი ბრძანებით, ნარკოტიკული ზედოზირების მდგომარეობა აღარ ექვემდებარება სამედიცინო დაწესებულებებიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურებისათვის ოპერატიული ინფორმაციის მიწოდებას. თუმცა საქართველოს ზიანის შემცირების ქსელის მიერ ჩატარებული კვლევით: 30-35 წლის ასაკის მომხმარებელთა 26.7%-ს ჰქონია ზედოზირების შემთხვევა ბოლო 6 თვეში, ზედოზირების შემთხვევას გამოკითხულთა 42.1% შეესწრო. სასწრაფო კი, მხოლოდ 15.80%-მა გამოიძახა
ეკა კუხალაშვილი
მასალის გამოყენების პირობები