ქუთაისის საკრებულოს უმრავლესობის გადაწვეტილებით, შპს "ანასტასიას", რომელსაც 2013 წელს ქალაქის ცენტრალურ უბანში არსებული "სამი ოთარის" ძეგლის მიმდებარე ტერიტორია სასტუმროს მშენებლობისთვის გადაეცა, მერიასთან ხელშეკრულება შეუწყდა.
"თქვენ ხართ გიჟი. თქვენი ადგილი ხონის ფსიქიატრიულშია," - ამ სიტყვებით მიმართა ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გუშინდელ სხდომაზე უმრავლესობის წევრს ნატო ქათამაძეს, რომელმაც ნიკა ლატარია ქუთაისში ე.წ "სამი ოთარის" ძეგლის მიმდებარე ტერიტორიის მფლობელი კომპანიის, შპს "ანასტასიას" ლობირებაში დაადანაშაულა.
"შპს "ანასტასიას" ერთ-ერთი დამფუძნებელი არის გოჩა თევდორაძის მეზობელი, ხოლო მეორე დამფუძნებელია დალი ლატარია. დარწმუნებული ვარ, რომ გოჩა თევდორაძის ინტერესებია ამ ფირმის უკან. ჩვენ ვაკეთებთ იმ დანაშაულს, რაც წინა საკრებულომ ჩაიდინა და "ვაპრავებთ" ამას. თუ ვებრძვით ამ კლანს, არ უნდა შევუქმნათ სასათბურე პირობები და არ მივცეთ უფლება ბიზნესი განახორციელონ სკვერებში. ერთხელ და სამუდამოდ ამ ქალაქში უნდა დამთავრდეს გოჩა თევდორაძე და გია შარაბიძე, რომლის შვილიც ამ საქმის უკან დგას," - განაცხადა ნატო ქათამაძემ.
ქუთაისის საკრებულოს გუშინდელ სხდომაზე, უმრავლესობის გადაწვეტილებით, შპს "ანასტასიას", რომელსაც 2013 წელს ქალაქის ცენტრალურ უბანში არსებული "სამი ოთარის" ძეგლის მიმდებარე ტერიტორია სასტუმროს მშენებლობისთვის გადაეცა, მერიასთან ხელშეკრულება შეუწყდა.
თვითმმარველობამ ეს გადაწყვეტილება "სამი ოთარის" ძეგლთან არსებული გასართობი ცენტრის დროულად ამოქმედების მოტივით ახსნა, რომელიც ყოფილი კინო "საქართველოს" შენობაში უნდა ამოქმედდეს.
"თუ გვინდა ქალაქის ინტერსიდან გამომდინარე, გასართობი ცენტრის გახსნა დროულად, უნდა მოხდეს კინო "საქართველოს" შენობის მფლობელისთვის პარკირების იმ ადგილების გადაცემა, რომელიც აუცილებელია ცენტრის ფუნქციონირებისთვის," - განაცხადა ქუთაისის ვიცე-მერმა, კოტე ქავთარაძემ.
"სამი ოთარის" ძეგლის მიმდებარე ტერიტორიის დათმობაზე გარიგება გასართობი ცენტრის ხელმძღვანელობასა და შპს "ანასტასიას" შორის იმ პერიოდში შედგა, როდესაც ქუთაისის საზოგადოებაში ამ ადგილის გადაცემას და მასზე სასტუმროს მშენებლობას პროტესტი მოჰყვა. გარიგების დეტალებზე თავის დროზე მედიასთან მერიის ქალაქდაგეგმარებისა და ურბანულ სამსახურშიც ადასტურებდნენ. სამსახურის მაშინდელი ხელმძღვანელი, ანდრო მარჯნიშვილი განმარტავდა, რომ შპს "ანასტასია" ალტერნატიული მიწის ნაკვეთის შეთავაზებას მიიღებდა.
ქუთაისში, წერეთლის ქუჩაზე 417 კვ.მ მიწის ნაკვეთი შპს "ანასტასიას" 2013 წლის ოქტომბერში აღნაგობის უფლებით, 35 წლის ვადით გადაეცა, რაშიც მას წლიური იჯარის თანხა, 4600 ლარი უნდა გადაეხადა.
2013 წელს შპს "ანასტასიასთვის" სამი ოთარის ძეგლის ტერიტორიის გადაცემის კანონიერების საკითხით პროკურატურა დაინტერესდა. თუმცა, უწყებაში დღემდე მოკვლევა არ დასრულებულა.
გუშინ გამართულ ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე კი უმრავლესობის გადაწყვეტილების შედეგად, ფირმას ალტერნატიული ფართი (სამეფო კომლექსსა და ყოფილი ლუდსახარში "მირზაანის" შენობას შორის) ტერიტორია გადაეცემა. ამჯერად, შპს "ანასტასიას" ამ ტერიტორიაზე 300 კვ.მ ფართი გამოეყო, რაშიც ფირმამ წლიური იჯარა, 6600 ლარი უნდა გადაიხადოს.
ქუთაისის მერიის ქონების მართვის სამსახურის უფროსის ინფორმაციით, ფირმა ამ ტერიტორიაზე ერთსართულიან, მსუბუქი კონსტრუქციის ღია კაფეს მოაწყობს, ხოლო საიჯარო თანხის გადახდა 2017 წლის 1 სექტემბრიდან დაეკისრება.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შპს "ანასტასია" ქუთაისის მერიასთან ხელშეკრულების დაადებამდე ორი დღით ადრე, 2013 წლის 9 ოქტომბერს დარეგისტრირდა. იმ დროისთვის ფირმის 40%–იანი წილის მფლობელი ხატია გაგუა გახლდათ, ხოლო 60%–ს ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, ნიკა ლატარიას დედა, დალი ლატარია ფლობდა.
საჯარო რეესტრის მონაცემებით შპს "ანასტასიას" წილობრივი მონაცემები 2014 წლის 5 მარტს შეიცვლა, რომლის მიხედვითაც 60 %-იანი წილის მფლობელი დალი ლატარიას ნაცვლად, ფრიდონ ბურჯალიანი გახდა.
ნიკა ლატარია ირწმუნება, რომ მომხდარი ცვლილება ქუთაისელთა მხრიდან "სამი ოთარის" ძეგლის მიმდებარედ სასტუმროს მშენებლობის გაპროტესტებას მოჰყვა.
"როდესაც შევხედე, რომ ამ თემას მოჰყვა აჟიოტაჟი, დალი ლატარიამ დათმო წილი კომპანიაში. თავის დროზე შემიყვანეს შეცდომაში, რაზეც გული მწყდება," - განაცხადა ნიკა ლატარიამ საკრებულოს სხდომაზე.
დეა მანაგაძე
მასალის გამოყენების პირობები