საზოგადოება
,,უკვდავები" იმერული სოფლიდან (ვიდეო)
FaceBook

იმერეთის ერთი სოფლის თითქმის ყველა ოჯახში ერთი კაცის ფოტო ეკიდა.


ის ექიმი იყო. როკითში მისი საგმირო საქმეები ლეგენდებად აქციეს, მაგრამ ეს არ იკმარეს. დაახლოებით ნახევარი საუკუნის წინ,  ადგილობრივებს მისთვის ძეგლის დადგმის იდეა გაუჩნდათ.

მადლიერება ქვაში ამოკვეთეს და ადგილიც შემოღობეს. წლებთან ერთად, იქაურობა სოფლისთვის სათაყვანებელი ხალხის მემორიალური დაფებით გაივსო. როკითელებმა სოფლად ერთადერთი და განსხვავებული სახის „პანთეონი“ შექმნეს.

ექიმი, რომელსაც ძეგლი დაუდგეს, კოლია (ნიკოლოზ) კახიანია.

,,ეს ექიმი პაციენტებისთვის წამლებს თვითონ ყიდულობდა და უიმედობაში მყოფ ავადმყოფებზე სასწაულებს ახდენდა“, – ყვება როკითელი ნაზი გიორგაძე. მასზე ასეთივე აღფრთოვანებით საუბრობს ნინო წკეპლაძე:

,,ოპერცია საველე პირობებში, ურემზეც გაუკეთებია და მომაკვდავები გადაურჩენია. ზუსტად ეს სიყვარული და ამაგი არ დაუვიწყა მას სოფელმა“.

კოლია ექიმი საქართველოში კლინიკური ქირურგიის  ერთ-ერთი ფუძემდებელია. მეოცე საუკუნის დასაწყისში ის სამკურნალო ფაკულტეტის ქირურგიული პათოლოგიის კათედრასა და პროპედევტიკის კლინიკას ხელმძღვანელობდა. მინიმალური აღჭურვილობით მან პირველმა გააკეთა და საქართველოში დანერგა კუჭის, თირკმლის, თირკმლისზედა ჯირკვლის რეზექცია, თავის ქალის ტრეპანაცია, გულის ჭრილობების გაკერვის ურთულესი ოპერაციები.

ექიმის შთამომავლები როკითში არ ცხოვრობენ, თუმცა შვილმა და შვილიშვილმაც მისი ამბები გადმოცემით იციან.

„არც მამას ახსოვს ბაბუა, რადგან 6 წლის იყო, როცა კოლია გარდაიცვალა. მის შესახებ ბევრი რამ მსმენია. ვიცი, რომ ბევრ როკითელს ოჯახში მისი სურათიც ეკიდა განსაკუთრებული მადლიერების და სიყვარულის გამო. ძალიან ვამაყობთ, რომ ასეთი წინაპარი გვყავს“, - გვიყვება ნიკოლოზ კახიანის შვილიშვილი ჯანა კახიანი.

ბევრი მოსმენილი ისტორიიდან ჯანამ ერთი გაგვიზიარა:  მეზობელი სოფლიდან კოლიას მშობიარეს დასახმარებლად უხმეს. მას ცხენით ცოლიც გაჰყოლია. ნიკოლოზს რთულ მდგომარეობაში მყოფი ქალი ჩვილთან ერთად გადაურჩენია. ბავშვი - დიდი ქართველი კომპოზიტორი, რევაზ ლაღიძე გახლდათ.

ღვაწლი არა მხოლოდ თანასოფლელებმა დაუფასეს. ნიკოლოზ კახიანი მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში დაკრძალეს.

სოფლის პანთეონის ღობე და ეზოში დარგული ნარცისები ერთი ფერისაა. ჭიშკარი მხიარული ყვითლით გივი აბულაძემ სააღდგომოდ საკუთარი პენსიით შეღება. ის როკითელების ქვაში ამოკვეთილი ისტორიის მცველია.

,,ეს ის ადგილია, სადაც მოკვდავები უკვდავებად იქცნენ  და  თავიანთი ცხოვრებით მნიშვნელოვანი კვალი დატოვეს. მეც მათ კვალდაკვალ დავდივარ და სოფელს მათ სამაგალითო ამბებს ვუნახავ“, – გვიყვება 83 წლის გივი აბულაძე .

საშუალო ტანის, კოხტად ჩაცმული კეთილი მოხუცი დაბალი,  ტკბილი ბარიტონით გვიხსნის, რომ პანთეონი 1970 წლიდან არსებობს და იქ სოფელში დაბადებული გამოჩენილი ადამიანების პატივსაცემად, 10  მემორიალური დაფაა განთავსებული.

,,აქედან 4 სოფელმა გააკეთა, 6 კი ჩემი ინიციატივით დაიდგა. ყველაფერს ჩემი სურვილით და ხარჯით ვაკეთებ. აბა, ამდენი აკადემიკოსი, პროფესორი და ღვაწლმოსილი ადამიანი დაბადებულა ამ სოფელში  და აქაურმა ახალგაზრდებმა ხომ უნდა იცოდ
ნენ,  ვინ იყო მათი წინაპარი?!“ – ამბობს გივი აბულაძე.

გივი ბაბუ 40 წელია, რაც როკითიდან ქუთაისში გადაბარგდა, მაგრამ პანთეონი არასდროს მიუტოვებია. მშობლიურ სოფელში ყოველ კვირას ბრუნდება და ვიდრე სახლის კარს გააღებს, პანთეონს ალაგებს.


მოხუცი სიამაყით ყვება როკითლების ისტორიას. მათ სიყვარულს გულით ატარებს, გულისჯიბით კი გაზეთიდან ამოჭრილ ბიოგრაფიებს. სათითაოდ მივყავართ მემორიალურ დაფებთან და გვაცნობს პირველ ქართველ სპარსოლოგს, იუსტინე აბულაძეს, რომელმაც ნიკო მართან ერთად  როკითის ტაძრის ძველქართული ნაწერები თარგმნა. აკადემიკოს ვახტანგ (ვათა) მოსიძეს, ვაშინგტონის კვლევითი სამედიცინო ცენტრის წევრს, სამხედრო ჰოსპიტალის უფროსს ნოდარ ქუთათელაძეს, შორეული ნაოსნობის კაპიტან შოთა ქორიძეს, რომელიც საბჭოთა კავშირში ერთ-ერთი გამოჩენილი და პატივსაცემი პროფესიონალი იყო, პროფესორებს ზაალ კახიანს,  ნიკა გორგოძეს და ცისანა აბულაძეს, მწერალ გრიშა ლაბაძეს და საფეხბურთო გუნდის დამაარსებელ სოსო ქორიძეს. განსაკუთრებული სითბოთი ყვება მასწავლებელისა და წერა–კითხვის გამავრცელებელის,  გიორგი ახვლედიანის ისტორიას.

იმისთვის, რომ სოფელს სკოლა ჰქონოდა, გიორგი ახვლედიანს საკუთარი სახლი დაუშლია, როკითის ცენტრში გადაუტანია და 1902 წელს ერთკლასიანი სასწავლებელი შეუქმნია. თავად დარჩენილი ცხოვრება სარდაფში გაუტარებია.

,,სამაგიეროდ წერა-კითხვა, განათლება გაავრცელა. ამიტომ როკითის სკოლა დღემდე გიორგი ახვლედიანის სახელს ატარებს და პანთეონი მის ხსოვნას თაობებს არ დაავიწყებს“, – ამბობს გივი აბულაძე.

როკითში ბოლო აღწერით 477 მოსახლეა. პანთეონი თითოეულს ეამაყება.  ადგილობრივები ამ ადგილს გივი ბაბუსთან ერთად  უვლიან.  უფროსებს არც ახალგაზრდები ჩამორჩებიან და სხვადსხვა დღესასწაულზე პანთეონს საგულდაგულოდ ალაგებენ. სტუმრებსაც სოფელს ამ ადგილიდან აცნობენ.

,,როცა დამეგობრებული სკოლებიდან ბავშვები ჩვენი სოფლის სანახავად მოდიან, ჯერ აქ მოგვყავს. ყველა აღფრთოვანებული რჩება და ჩვენც ბედნიერი ვართ ამით“, – ამბობს 17 წლის მარიამ ბრეგაძე.

როკითში სტუმრად ოდესღაც ლევ ტოლსტოიც ჩასულა.


მაშინ კლასიკოს  უთქვამს: „როკითი არის ედემის ნამსხვრევი დედამიწის ზურგზე, რომელიც დასახლებულია კეთილშობილი ადამიანებით“.


მაშინ სოფელში არც ძეგლი იდგა და არც პანთეონი არსებობდა, თუმცა როკითელების კეთილშობილებამ სოფელი მთელ საქართველოში სწორედ ღვაწლის დაფასებით გამოარჩია.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის
სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა
სჭირდება.
11:32 / 11.10.2024
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.