საზოგადოება
დამელოდე საქართველო! – პატარა ბიჭის წერილი პერევიდან (ვიდეო)
FaceBook

„გამარჯობა, მე ლუკა ტოროშელიძე ვარ, გენერალი!“ – საჩხერის საჯარო სკოლის მესამე კლასის დამრიგებელს ახლაც ცხადად ახსოვს როგორ გაეცნო ლურჯთვალება,გამხდარი, თავდაჯერებული ბიჭი. მას ლუკა ჰქვია, 9 წლის არის და საჩხერეში პერევის სკოლიდან გადავიდა.

"გავოგნდი, არ ვიცოდი რა უნდა  მეთქვა. ლუკა დღემდე ახერხებს ჩვენს გაოცებას თავისი  სიტყვა–პასუხით", – ამბობს  ამბობს ლუკას კლასის დამრიგებელი ნონა შალამბერიძე.

ბიჭი, რომელმაც ახალ სკოლაში თავი პირველივე დღეს დაამახსოვრა, იზრდება სოფელში, რომელიც სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებისა და რუსი სამხედროების მიერ კონტროლირებად ჯავის მუნიციპალიტეტს ესაზღვრება. 2008 წლის ომის დროს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელი პერევი რუსმა სამხედროებმა დაიკავეს და 2010 წლის ოქტომბრამდე აკონტროლებდნენ. ლუკა ომის შემდეგ დაიბადა. რუსი ჯარისკაცები თავის სოფელში არ ახსოვს, მაგრამ დეტალურად იცის რა ხდებოდა მაშინ და სად იყო მათი პოსტი.

"ეს ჩვენი ბიჭების საგუშაგოა", - ხელს იშვერს პირობით გამყოფ ხაზთან მდებარე ქართული სადარაჯოსკენ. "ეს კი ქარძმანია, მამიდების სოფელი, სადაც მისვლა ოცნებად მექცა. ჩემი მამიდაშვილები მიყვებიან, რომ ამ სოფელში კარგი ჩანჩქერია, ძალიან მინდა ამის ნახვა, მაგრამ  რუსები არ გვიშვებენ", - გვეუბნება ლუკა და გვაჩვენებს რუსების საგუშაგოს, თან გვაფრთხილებს, არ დაგვინახონ რუსებმაო.

პერევიდან საჩხერის სკოლისკენ მიმავალს, ოკუპანტების მიერ გავლებულ წითელ ხაზთან გავლა ყოველ დღე უწევს. აუცილებლად ჩერდება ღობესთან, რომელიც მამიდებისგან ჰყოფს.

"ალბათ, ამ ყველაფერმა იქონია გავლენა ჩემზე და ამიტომაც  მინდა გენერლობა", – დიდი ადამიანივით თავდაჯერებული გვეუბნება.

სად, როდის ან ვისგან გაოგონა პირველად სიტყვა გენერალი, არ ახსოვს, მაგრამ, ესმის მისი მნიშვნელობა. იცის ისტოროები გიორგი მაზნიაშვილზე,  მოსწონს, თუმცა უნდა,  მასზე უკეთესი გენერალი გახდეს და საქართველოს "გადიდება" შეძლოს.

"გადიდებული საქართველო უფრო ძლიერია, ხალხს მეტი შემოსავალი ექნება და უკეთესად იცხოვრებს", – მიაჩნია ლუკას.

საქართველოს „გადიდების“ გეგმა პირველად გაკვეთილზე, " მე და საზოგადოება" გაამჟღავნა. მასწავლებლმა მოსწავლეებს დასაწერად თავისუფალი თემა მისცა  - "ჩემი პროფესია". ბევრს პეადგოგობა სურდა, ბევრს ცეკვის მასწვლებლობა, ზოგმა რა დაწერა და  ზოგმა კიდევ რა. დავალება ყველამ მალე  დაასრულა, ყველაზე ბოლოს კი ლუკამ.

"გამომიწოდა გაფართოებული თვალებით რვეული და მთხოვა, ახლავე წაიკითხეო. წავიკითხე და ემოცია ვერ შევკავე.  ცრემლები წამომიცვივდა.  დიდი ხნის პედაგოგი ვარ. მაგრამ ასეთი ემოცია არ მახსოვს", -  გვიყვება ლუკას პედაგოგი.



თემას ისეთივე ემოციით კითხულობს, როგორც დაწერა. "გენერალი არასოდეს უღალტებს თავის სამშობლოს", – აქცენტით ჰყოფს ავტორი.  ლუკამ ზუსტად იცის ვინ არის მისი მტერი და რა უნდა გააკეთოს, ქვეყნა რომ მისგან გაათავისუფლოს.

ქვეყნის წარსულსა და მომავალზე ლუკას კითხვები ძირითადად  დედასთან აქვს. მამა თბილისში მუშაობს და თვეში ერთხელ ნახულობს. მცირე დროში საინტერესო ამბების გაგებას მისგანაც ახერხებს.

"ეკითხება  ჯარისკაცებზე, მათ ცხოვრებაზე. მაგრამ ძირითადად კითხვებს მე  მისვამს ხოლმე. ერთხელ ვუსაყვედურე, არ შეიძლება ასეთი კითხვები ამისთვის შენ ძალიან პატარა ხარ-მეთქი. მაგრამ ვიდრე არ დაკმაყოფილდება არ მოგეშვება. მეც ვფრთხილობ ხოლმე.  მკითხა, რუსები როგორები  არიანო, არ მინდა სიძულვილი ჩავუნერგო", – გვეუნება ლუკას დედა სოფო.

ლუკას და მისი ძმის პერევიდან საჩხერის სკოლაში ტარება დედის იდეა იყო. მშობლებს უნდოდათ შვილებისთვის სხვადასხვა წრეში ჩართვის საშუალება მიეცათ, მათთვის განსხვავებული გარემო შეექმნათ, თუმცა პირობითი გამყოფი ხაზი პატარებს აჩრდილივით გაჰყვა. სოფო ამბობს, რომ უფროსი ძმის ემოცია 8 წლის პავლესაც გადაედო და მასაც გენერლობა სურს. თუმცა, ლუკა გვიყვება, რომ ამ თემაზე  ძმები არ საუბრობენ. ფიქრობს, პროფესიულ გეგმებზე დეტალურად არავისთან უნდა ისაუბრო, მათ შორის, არც ძმასთან.

"თუკი გახდება გენერალი და ერთად ვიმოქმდებთ, მაშინ კი, მანდე არ შეიძლება ჯარისკაცმა და გენერელმა თავისი გეგმა გათქვას".

ერთად მაშინ მოქმედებენ, როცა ერთმანეთს ზურგს უმაგრებენ და ეზოში მტერს იგერიებენ. პერევში მტერი მართლაც „ეზოში“ დგას.

უნდა იცოდეს, რა ხდება მთის იქით, არ იცნობდეს, მაგრამ სრულ ინფორმაციას ფლობდეს რუსების შესახებ, გაიცნოს გენერლები და ისწავლოს  რაც შეიძლება  მეტი, რომ გეგმა განუხორციელებელი არ დარჩეს.

„მე და საზოგადოების გაკვეთილზე, ახლა ტყუილ პროფესიას ხომ არ ვიტყოდი? და რასაც განვიცდიდი და რაც იყო ჩემი ოცნება, გადმოვიტანე ფურცელზე“, - გვიამბობს ლუკა, რომლის უპირველესი ოცნებაა რუსი ჯარისკაცების თავისი სოფლიდან და საქართველოდან  განდევნა.

„დამელოდე საქართგველო!“, - ითხოვს გენერალი ტოროშელიძე.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის
სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა
სჭირდება.
11:32 / 11.10.2024
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.