რაც თავი ახსოვთ, მიწას ეფერებიან. თიხაში ამოსვრილი ხელებით თავიანთ ყოველდღიურობას ძერწავენ, ზუსტად ისე, როგორც ბაბუები და ბაბუის ბაბუები. შროშაში ოთხასიდან ას ოჯახში მეთუნე ცხოვრობს.
"გესმის, ბიჭო, მღერის, თიხა მღერის” - ფილმის კადრებად ჩავლილი ეს ხმა ამ სოფელში ყველას ესმის.
როცა წითელ მიწას დოქის ფორმა მისცა, 14 წლის იყო. მას შემდეგ 59 წელია თიხას ამღერებს. თემურ შველიძე შროშაში სამი ადამიანიდან ერთ–ერთია, რომელიც ქვევრებს და დოქებს დღემდე მამაპაპისეული მეთოდით, ხელით ძერწავს. ოსტატისთვის ამ პროცესს ვერცერთი ტექნიკა ჩაანაცვლებს. ამ დროს მიწას ესაუბრება, საკუთარ ემოციას უზიარებს და მიწის ენერგიით იმუხტება.
მეთუნე თემურ შველიძე ხუთ
ათწლეულზე მეტია თიხაზე მუშაობს
ყველა ერთმანეთისგან განსახვავებულია.
ყველა თავისებურად მღერის.
"თიხის წკრიალს სიმღერას ვეძახით", – თემურ შველიძე გვიხსნის, რომ საქმე მხოლოდ "წკრიალა" ქვევრის, ლამაზი სუროს და დოქის მყარი ძირის გაკეთებაში არ არის. მთავარი სიყვარულია, რომელიც ხელობის ცოდნასთან ერთად, აუცილებლად უნდა გქონდეს.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ შროშაში არავის ახსოვს, პირველად
ვინ გამოიყენა წითელი მიწა. თუმცა, ერთ-ერთმა უხუცესმა ოსტატმა კარგად
იცის, რომ შველიძეები, სხვა გვარის წარმომადგენლებთან ერთად,
საუკუნეების განმავლობაში მისდევენ მეთუნის ხელობას და საქმის
საიდუმლოს თაობებს გადასცემენ.
თიხის დოქები გამოწვის
„მოლოდინში“
"ადრე ვინც ქოთნებს და ქვევრებს აკეთებდა და საერთოდ, ვინც თიხაზე
მუშაობდა, მექოთნეებს ეძახდნენ. ცოტას დაგვცინოდნენ კიდეც", –
გვიყვება თემური და დოქის ძერწვას აგრძელებს.
ბავშვობაში ვერც კი წარმოიდგენდა, რომ მის მიერ თიხისგან დამზადებული სხვადასხვა ჭურჭელი ოჯახსა და სოფელში მოწონებას დაიმსახურებდა. დღეს თემურის ქვევრები საფრანგეთში, ხორვატიაში, იტალიაში, რუსეთში და ბევრ სხვა ქვეყანაში გააქვთ.
„მთელი ბავშვობა ამ საქმეს ვუყურებდი. არ მაინტერებდა. მაგრამ ერთხელ რომ ვცადე, მივხვდი, მყვარებია. ახლა წლებია თიხას ვამუშავებ და ვამზადებ. ჩემი სახელოსნო ღიაა ყველასთვის, ვისაც თიხა უყვარს", – ამბობს კიდევ ერთი შროშელი მეთუნე გელა კოპაძე, რომლის სახელოსნოში სხვადასხვა ზომისა და ფორმის თიხის ჭურჭელს ნახავთ.
გელა კოპაძემ მიწის დამუშავების ტრადიციულ მეთოდს ოდნავ
გადაუხვია და თიხის ფორმები ელქტროჩარხით გამოჰყავს. მის
სახელოსნოში კიდევ ოთხი ადამიანი შრომობს. ერთ–ერთი, თბილისელი ალეკო
ლაგოშვილია, რომელიც შროშაში თიხის სიყვარულმა ჩაიყვანა.
მეთუნე გელა კოპაძის
სახელოსნო
"18 წლიდან ვმუშაობდი თბილისში, სილიკატის ქარხანაში. იქ წისქვილში
ფქვავდნენ თიხას და ამზადებნენ სხვადასხვა ჭურჭელს. იმ დროიდან
დავინტერესდი თიხით", – გვიყვება ალეკო, რომელიც უკვე ხუთი წელია
გელასთან ერთად მუშაობს.
"ყოფილა შემთხვევა, როცა ჩემთვის რაღაცეები მომიფიქრებია, გამიკეთებია, ბევრს მოწონებია და ამის მიხედვით შეკვეთებიც მიგვიღია", – ამბობს ახალგაზრდა მეთუნე.
თიხის ჭურჭლისა და ნივთების დასამზადებლად ზესტაფონის სოფელ შროშაში წითელ მიწას რამდენიმე ადგილას მოიპოვებენ. სოფლის სახელიც მიწას უკავშირდება - შროშა, იგივე თიხნარი მიწა, რომელიც მალე შრება.
მეთუნეების თქმით, თიხის მოპოვება დიდ შრომას და მათი დასახლებიდან 25 კილომეტრიანი გზის გავლას მოითხოვს.
სოფელში ამბობენ, რომ კარიერი ულევია. თიხნარი მიწის მოპოვებას ცოდნა და ოსტატობა სჭირდება, რომლისთვისაც საუკეთესო დრო ადრე გაზაფხული და შემოდგომაა.
"ისეთი მიუვალი ადგილია, დიდი მანქანით მივდივართ. თანაც კარგი მზიანი ამინდი უნდა იყოს და მიწა მშრალი, რომ არ ჩავრჩეთ. თუკი ბლომად გვინდა თიხის წამოღება, მთელი ერთი დღე რამდენიმე ადამიანი ვმუშაობთ მიწის მოპოვებაზე", – გვიხსნის თიხის ოსტატი გელა კოპაძე.
მიწის მოპოვების შემდეგ ჯერი, როგორც მეთუნეები ეძახიან, თიხის აბაზანებზეა. ეს პროცესი ორნაირი მასის: თირის (ფხვიერი) და აყალო (გამაგრებული) მიწის ერთმანეთში შერევას გულისხმობს. მიღებულ მასას ერთი კვირის განმავლობაში აჩერებენ, რომლის შემდეგაც მას სპეციალურ მანქანაში ატარებენ, საიდანაც დამუშავებული თიხა გამოდის.
"იქიდან გამოსულ თიხას, საბოლოოდ, ხელით ვამუშავებთ, რომ ელასტიკური იყოს, ამის შემდეგ ამოგვყავს ჩვენთვის სასურველი ფორმა, რომელიც ცოტა ხანს უნდა გაშრეს, მოიხატოს, შეფერილობა მიეცეს და ბოლოს აუცილებლად გამოიწვას თონეში", – გვიხსნის თიხის ოსტატი.
ღუმელი, სადაც თიხის ჭურჭელი
უნდა გამოიწვას
საბოლოო სახის მისაღებად თიხას ერთ თვე სჭირდება.
მეთუნეები გვიხსნიან, რომ თიხის მოხატვას ხასიათის შერჩევა უნდა, რაც კარგად იციან შროშელმა ქალებმა, ისევე, როგორც თითქმის ყველა აქაურმა ბავშვმა - კეცის დამზადება.
"მაშინ უნდა მოიხატოს, როდესაც თიხის “ხასიათი რბილია“, ანუ ბოლომდე გამაგრებული არ არის. ქალები კარგად იცნობენ თიხის მასას, ამიტომაცაა, რომ ჩვენზე არანაკლებ გამოსდით თიხის მოხატვა“, – გვიხსნიან მეთუნეები, რომელთა შორის ქალები არ არიან.
საუკუნეების განმავლობაში, ოჯახურ ტრადიციად ქცეული საქმე ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ახლა მთელ შროშას აერთიანებს.
წითელი მიწის ოსტატების ნახელავმა თიხა შროშის სავიზიტო ბარათად აქცია. წლებთან ერთად მეთუნეების პროდუქციაც მრავაფეროვანი გახდა.
"ადრე მხოლოდ საღვინე ჭურჭელს ამზადებდნენ. დღეს ტურისტები უფრო
სუვერინებს ყიდულობენ, შესაბამისად, ჩვენც მათ გემოვნებას მოვარგეთ
ოსტატობა", – ამბობს მეთუნე გელა.
მრავალფეროვანმა პროდუქციამ და მასზე დიდმა ინტერესმა ტერიტორიული არეალიც გაზრდა. წლების წინ თუ მზა ნაწარმი მხოლოდ ერთ ადგილას იყრიდა თავს, ახლა ზესტაფონი–შროშის მთელ გზატკეცილზე თიხის ჭურჭლის ფართო არჩევანია. მრავლადაა მაღაზიებიც, სადაც სხვადასხვა ფერისა და ზომის თიხის ნაწარმს ნახავთ.
შროშელებისთვის თიხა ერთადერთი მარჩენალია. ერთი ნივთის ფასი ორი ლარიდან იწყება. ღირებულება ნაწარმის მოცულობაზეა დამოკიდებული. გზაზე სარეალიზაციოდ გამოტანილ თიხის ჭურჭელს მეთუნეები არ ყიდიან. ისინი შეკვეთებს სახლში იღებენ.
შროშელები ამბობენ, რომ გაუმართლათ, რადგან იშვიათია, სოფელი თავს ირჩენდეს საქმით, რომელიც ასე ძალიან უყვართ და რაც ტრადიციის ნაწილია.
***
შროშის ერთ-ერთი უხუცესი ოსტატი თემურ შველიძე მიიჩნევს, რომ მამაპაპისეული საქმისთვის უკვე დაბერდა. წუხს იმის გამო, რომ სოფელში თიხისადმი ინტერესი თანდათან მცირდება.
"ერთ დღეს მოვლენ სახელოსნოში, ნახავენ, აღფრთოვანდებიან, გაგიჟდებიან, მეორე დღეს აღარ აინტერესებთ. მაგრამ მესმის მათი, რადგან ამ საქმეს დაბადებინად უყურებენ და განსაკუთრებულად არ აღიქვამენ. ეს მათი ცხოვრების ერთგვარი წესია, ტრადიციაა. სამაგიეროდ, რომ დასჭირდეთ, ყველა გააკეთებს", – ამბობს მეთუნე ალეკო ლაგოშვილი.
შროშაში ოსტატებს შერგიდები არ ჰყავთ. "ეს ისეთი საქმეა, ვერავის
დააძალებ, თიხა თუ არ უყვარს ვერაფერს იზამს“, - ამბობს გელა
კოპაძე.
სოფელი
შროშა
შროშელებს მიაჩნიათ, რომ სოფელში მეთუნეობის მოყვარული ხალხი არასოდეს
გამოილევა. ყოველთვის გამოჩნდება ის ერთი - წითელი მიწის
ოსტატი, რომელიც თიხას მუდამ აამღერებს.
ავტორები: თეკლე მორგოშია ეკა კუხალაშვილი
მასალის გამოყენების პირობები