საზოგადოება
გამარჯობა, ეს მე ვარ!
FaceBook
არ სძინავს, არ ჭამს, არ იბანს. აღარც ტაბლეტები შველის.

სამყაროს საბნის ქვეშ ემალება. ზოგჯერ მთელი კვირით.

ასეთ დროს მხოლოდ სიტყვა არჩენს. ზრუნვით სავსე, იმედიანი სიტყვები.

შემდეგ ცხოვრებასაც უბრუნდება.

ბრუნდება საკუთარ თავთან. სხვებთანაც.

სალომეს ფსიქიკური პრობლემები ტრავმის შედეგად დაეწყო, - ღალატი ვერ გადაიტანა. ვერც აპატია.

წყლიანი, რბილი მზერა აქვს. ხონის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის შენობაში ფრთხილი ნაბიჯებით დადის. დერეფნის ბოლოს მისი ოთახია. ეს კედლები მეხუთე წელია სახლად ექცა. სჯერა, ერთ დღესაც ძმა მოაკითხავს და ნამდვილ სახლში წაიყვანს.

სალომესავით ძმას ელოდება დიანაც უკვე 12 წელია. (სახელები შეცვლილია).

წელსაც, საშობაოდ წერილი რომ დააწერინეს, ისევ ძმასთან შეხვედრა ისურვა.

ამბობს, რომ ბავშვთა სახლში ცხოვრების დროს მეტი ნატვრა ჰქონდა. ახლა ბევრი არაფერი სურს. მხოლოდ ქუჩაში თავისუფლად სეირნობა.

ჩაკეტილი სივრცე არც თენგოს ხიბლავს. სამაგიეროდ, სხვა უნარები აქვს. შეუძლია ფანტაზიით გასცდეს საავადმყოფოს შემოსაზღვრულ ეზოს. ლექსების წერით. ლექსებს წერს და სტრიქონებით მოგზაურობს.



თენგო ამბობს, რომ მარტოობაზე უარესი არაფერია და საკუთარი ბავშვობა ეჯავრება.

ფიქრობს, სხვა ცხოვრება ექნებოდა, 9 წლის ობოლი მარტო რომ არ დარჩენილიყო. არც იქურდებდა, საყვარელი ტკბილეული მისთვის მშობლებს რომ ეყიდათ.

კრიმინალური წარსული და ფიზიკური ტრავმების შედეგად განვითარებული ფსიქიკური აშლილობაა თენგოს ხონის ფსიქიატრიული დაწესებულების სპეციალურ განყოფილებაში მოთავსების მიზეზი.

ამ ბლოკს იძულებით მკურნალობის დეპარტამენტი ჰქვია, სადაც პაციენტები მხოლოდ ბრალდებულები და მსჯავრდებულები არიან.

სხვადასხვა დეპარტამენტის ბენეფიციარები ერთად მხოლოდ თერაპიულ მკურნალობას გადიან. ერთ ოთახში იკრიბებიან და შემოქმედებით საქმიანობას ეწევიან. სალომე ხატავს, დიანა მღერის, თენგო ლექსებს კითხულობს. სხვები ცეკვავენ, ქარგავენ - ვისაც რა მოსწონს და ეხერხება, იმას აკეთებს. მათი შემოქმედება შენობის საგამოფენო დარბაზში ინახება. ნახატები და ქანდაკებები სხვადასხვა ისტორიებს ყვებიან.



ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის პაციენტები განსაკუთრებით ელოდებიან სადილისა და ვახშმის დროს. ამბობენ, რომ მათთვის გემრიელ სადილებს ამზადებენ. ზოგს წვნიანი უყვარს, ზოგს სალათი, მშრალი საჭმელი, ტკბილეული. დღის განმავლობაში გათვლილია გართობის საათებიც, როცა პაციენტები სეირნობენ და თამაშობენ. მრავალფეროვანია მათი გემოვნება, ხოლო მსგავსი  - სევდა, მარტოსულობა. საერთოა პაციენტების ოცნება - იყვნენ სიყვარულის ობიექტები.









ხონის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი ყველაზე დიდი ფსიქიატრიული დაწესებულებაა საქართველოში. ასევე, ერთადერთია, სადაც პაციენტები იძულებით მკურნალობას გადიან. 

ცენტრში ორი დეპატრამენტია: სტაციონარული ნებაყოფლობითი დეპარტამენტი, რომელიც სამოქალაქო სექტორიდან ნებაყოფლობით მკურნალობაზე მიღებულ ბენეფიციარებს ემსახურება და არანებაყოფლობითი და იძულებით მკურნალობაზე მყოფი პირების დეპარტამენტი, რომელიც სასჯელაღსრულების სიტემიდან გადმოყვანილ მსჯავრდებულებსა და პაციენტებს ემსახურება, რომლებიც დანაშაულის ჩადენის მომენტში შეურაცხადნი იყვნენ.

ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრს ხონში 19 ჰექტარი უჭირავს. აქედან 25 900 მ² ფართობზე შენობა-ნაგებობებია განთავსებული.

დაწესებულება 1978 წლიდან ფუნქციონირებს, თუმცა გახსნიდან 41 წლის განმავლობაში, სრული რეკონსტრუქცია არცერთხელ ჩატარებია. ამ პერიოდში შენობა ძალიან დაზიანდა. სახალხო დამცველის ინფორმაციით, რომელმაც ცენტრი 2018 წლის ოქტომბერში დაათვალიერა, პაციენტები ღირსებისშემლახველ პირობებში იმყოფებიან. 600 პირზე გათვლილ დაწესებულებაში ჩამოყრილია ბათქაში, ჩამსხვრეულია მინები, მორყეულია კარ-ფანჯარა, მოუწესრიგებელი იყო სველი წერტილები. ეს ყველაფერი ომბუდსმენმა სპეციალურ ანგარიშში ასახა და მთავრობას მდგომარეობის გამოსწორებისკენ მოუწოდა.




ომბუდსმენის აპარატის ფოტოები: არქივი

ამჟამად კლინიკაში 600-მდე პაციენტია, 100 სტაციონალურ დეპარტამენტში, 100 თავშესაფარში, ხოლო 400-მდე პაციენტი იძულებით და არანებაყოფლობითი მკურნალობის დეპარტამენტში ან განყოფილებაში.

ნებაყოფლობით მკურნალობას პაციენტები უკვე სრულად გარემონტებულ ნაწილში გადიან. იქ ყველაფერი მოწესრიგდა, მათ შორის კვების ობიექტები და სველი წერტილები.

შენობის ამორტიზებული ნაწილის რეკონსტრუქცია, რომლის შესახებაც სახალხო დამცველის ანგარიშშია საუბარი, სარემონტო სამუშაოები დაწყებულია და 2020 წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. ამ კორპუსში პანსიონია, იგივე თავშესაფარი, სადაც 100-მდე პაციენტი კვლავ არასათანადო პირობებში იმყოფება. აღნიშნული ბლოკი ადმინისტრაციამ ქუთაისიპოსტს არ დაათვალიერებინა.

ხოლო იძულებით და არანებაყოფლობით მკურნალობას 400-მდე პაციენტი, გარემონტებულ და შესაბამისად აღჭურვილ შენობაში გადის. თუმცა "ქუთაისიპოსტისთვის" არც იქ შესვლის უფლება მოუციათ.

თუ კი სახალხო დამცველი პაციენტების ღირსებაშემახველ პირობებზე საუბრობდა, ხონის ფიქიკური ჯანმრთელობის ცენტრიდან გაქცეულმა პაციენტმა ექიმები არაადამიანურ მოპყრობაში დაადანაშაულა.

ამ ფაქტზე 2018 წელს ძიება დაიწყო. კლინიკაში კომენტარს არ აკეთებენ. ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ ბრალდება, რომელიც პაციენტმა მედ-პერსონალს წაუყენა გამოძიებამ არ დაადასტურა.

პაციენტის ოჯახის მხრიდან ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის მიმართ არაადამიანური მოპყრობაში დადანაშაულება პირველი შემთხვევა არ არის.

60 წლის ფსიქიკური პრობლემების მქონე ქალბატონი ფსიქიატრიული დაწესებულებიდან მძიმე ტრავმებით ქუთაისის საავადმყოფოში 27 მარტს გადაიყვანეს. მას სილურჯე თვალის, ყელის, ყურის, ხელისა და ფეხის მიდამოებში აღენიშნებოდა. ქალბატონი ქუთაისში, ავტოქარხნის საავადმყოფოში მიყვანიდან ორ დღეში გარდაიცვალა.

პაციენტის და ნინო ბიგვავა ამბობს, რომ გასარკვევია რა მოხდა ფსიქიატრიულში და ამიტომ საქმის დროულ გამოძიებას ითხოვს. ამასთანავე ვარაუდობს, რომ მისი და სასტიკადაა ნაცემი.

ამ ეჭვებს კატეგორიულად უარყოფენ ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაციაში. ექიმები აცხადებენ, რომ გარდაცვლილს ეპილეპტიკური შეტევა ჰქონდა და მრავლობითი თვიდდაზიანებები მიიყენა.

"მედპერსონალის, ასევე, პაციენტების მხრიდან რაიმე სახის ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია," - განმარტავენ ხონის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში.

ფაქტზე შსს-მ გამოძიება 126 მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

ვიდრე გამოძიება დაადგენს, როგორ ეპყრობიან პაციენტებს ექიმები და რამდენად ღირსეულ პირობებს უქმნიან მათ, ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაცია შენობის კეთილმოწყობაზე ზრუნავს.

დღეს ობიექტის 95 % კერძო საკუთრებაში (შპს ბ&ნ მედი), ხოლო 5% ისევ სახელმწიფოს სარგებლობაშია. ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის ადმინისტრაციის ცნობით, რეკონსრუქციისთვის, ჯამში 4 მილიონი ლარი უნდა დაიხარჯოს.



"ცენტრი თანამედროვე სტანდარტებით რეაბილიტირდება და ყველა ისარგებლებს კარგი პირობებით. პაციენტები გაცდებიან ჩაკეტილ სივრცეს, რადგან მოეწყობა სტადიონებიც", - ამბობს ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, გოჩა ბაკურაძე.

განხორციელებული, თუ დაგეგმილი ინფრასტურქტურული ცვლილებების მიუხედავად, არასაკმარისი ფინანსური რესურსი ცენტრის პრობლემად რჩება.

პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის თითოეული გამწვავება 690 ლარით ფინანსდება, ხოლო ერთ ქრონიკულ პაციენტზე დღეში - 23 ლარია გათვლილი.

"სამდურავად არ გვაქვს საქმე, მაგრამ სხვა ქვეყნებს ჩამოვრჩებით, სადაც ერთ პაციენტზე 80 ევროა გათვალისწინებული", - ამბობს გოჩა ბაკურაძე.

ადმინისტრაციის თანამშრომლები ამბობენ, რომ ცდილობენ ევროპულ გამოცდილებას მკურნალობის ახალი მეთოდების დამკვიდრებით მაინც დაეწიონ.

"დანერგილია თანამედროვე თერაპიული მკურნალობის მეთოდები: არტ თერაპია, ფსიქოგანათლების პროგრამები, ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია და სხვა. გამოცდილების მისაღებად თანამშრომლები გადამზადებასაც გადიან ევროპაში", - ამბობს ცენტრის ფსიქოლოგი, ბელა წულუკიძე.

სპეციალისტები არ მალავენ, რომ ფსიქიკური პრობლემების სრულფასოვანი მკურნალობისთვის სხვა მრავალი სერვისია დასანერგი.

"პაციენტების დასაქმების შესაძლებლობა უნდა არსებოდეს. საჭიროა ცნობიერების ამაღლებაც, რადგან პაციენტების ახლობლები ხშირად არ არიან მზად დაეხმარონ ფსიქიკური პრობლემის მქონე ოჯახის წევრებს", - ამბობს ფსიქიატრი, ნანა ზავრადაშვილი.

ხონის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის პაციენტების სურვილი სახლში დაბრუნებაა, თუმცა 50 %-ის ოჯახის წევრები მათ შინ მიღებაზე უარს ამბობენ.

გამოჯანმრთელების ზღვარზე მყოფი, თუ გამოჯანმრთელებული პაციენტების ახლობლების მიერ უარყოფის მიზეზი, ძირითადად, სირცხვილი, განათლების სიმცირე და შიშია.

"არსებობს მცდარი წარმოდგენები. მაგალითად, ის, რომ ფსიქიკური პრობლემა გენეტიკურია ან გამოჯანმრთელება შეუძლებელი. ეს განათლების დეფიციტია, რადგან ადამიანს ეშინია იმის, რაც არ ესმის. ასეთი აზროვნების შეცვლა ნამდვილი გამოწვევაა. მით უფრო, როცა პაციენტების ჯანმრთელობისთვის ახლობლების მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშნელოვნია", - ამბობს ფსიქიატრი, ნანა ზავრადაშვილი.

სპეციალისტების თქმით, ფსიქიკური პრობლემების ფონზე, ადამიანი გარშემომყოფებს ჩვეულებრივზე მეტი მგრძნობელობით აკვირდება და მათგან თანაგანცდას ელის. მათ მხარდაჭერა და ახლობლებთან კომუნიკაცია წამალზე მეტად სჭირდებათ, რადგან სხვაგვარად განწირულები იქნებიან, დაკარგული ადამიანები, რომლებიც აღარ მივიღეთ, გადავმალეთ და თვალები დავხუჭეთ მაშინ, როცა გადარჩენა შეგვეძლო.

"ფსიქიკური ჯანმრთელობის სტიგმის დაძლევის იარაღი პროტესტი, განათლება და კომუნიკაციაა", - ამბობენ ფსიქოლოგები, რომლებიც ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე პაციენტების ოჯახის წევრებს მეტი პასუხისმგებლობისა და თანადგომისკენ მოუწოდებენ.

***
ბევრი უძილო, მშიერი და ცარიელი დღის შემდეგ თანადგომამ იხსნა. გამოჯანმრთელდა.

წასვლამდე განცდილი ტილოზე გადაიტანა. ნახატი არ წაუღია. სხვა პაციენტებს დაუტოვა.

ავტოპორტრეტს, სადაც ის საკუთარ თავს თავიდან ხვდება, წარწერა აქვს - "გამარჯობა, ეს მე ვარ."

ის სიტყვამ გადაარჩინა და ცხოვრებას დაუბრუნდა.

საოცარია, რომ მხოლოდ გულრწფელი სიყვარული ახერხებს საბნის ქვეშ დამალულების, სამყაროსთან ზურგშექცეულების გამოყვანას.

ისინი ამ დროს ბრუნდებიან. უბრუნდებიან საკუთარ თავს და ბრუნდებინ ჩვენთან. 


ავტორები: ანა ჯანაშია, ლანა კოკაია

არ სძინავს, არ ჭამს, არ იბანს. აღარც ტაბლეტები შველის.
სამყაროს საბნის ქვეშ ემალება. ზოგჯერ მთელი კვირით.
ასეთ დროს მხოლოდ სიტყვა არჩენს. ზრუნვით სავსე, იმედიანი სიტყვები.
შემდეგ ცხოვრებასაც უბრუნდება.
ბრუნდება საკუთარ თავთან. სხვებთანაც.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის
სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა
სჭირდება.
11:32 / 11.10.2024
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.