საზოგადოება
ქვევრში შენახული ყველი და ისტორია (ფოტო/ვიდეო)
FaceBook
იმერელი ფედოსია ბებია ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ ერთი შეხედვით უბრალო ცოდნის გაზიარებით მრავალსაუკუნოვან ტრადიციას გადაარჩენდა.

რეცეფტიც არ დაუწერია და ჩვეული საქმიანობა რძალს ზეპირსიტყვიერად გაუზიარა.

მას შემდეგ ხათუნა ზუსტად ფედოსიასავით ამზადებს უნიკალურ ყველს და ფედოსიასავით ასწავლა ამოყვანა-შენახვა სხვებს, სოფელ ხანში.

საქართველოში ერთადერთ სოფელში ქვევრში ღვინოს კი არ აყენებენ, ყველს ინახავენ. სავარაუდოდ, ხუთი საუკუნის განმავლობაში ხელიდან-ხელში გადასულმა რეცეფტმა, 150 კაციანი თემი, ერთი საქმიანობის ირგვლივ გააერთიანა.

ხანი ბაღდათის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. ხათუნა მსხვილიძეც ხანელია. უხსოვარ დროს ეზოში ჩაფლულ 200 ლიტრიან ქვევრში ყველის შენახვა ისე დაიწყო, არც გაუცნობიერებია, რომ რაიმე განსაკუთრებულს აკეთებდა.

"ფედოსიას მამა–პაპაც ასე ინახავდა და მეც ასე ვასწავლე შვილებს. ჭურში ყველისთვის საუკეთესო ტემპერატურააა. კარგი რომ გამოვიდეს, ნახევარი თხის, ნახევარი ძროხის ცხიმიანი რძე ერევა. ასე ვამზადებ ყველსაც და სულგუნსაც", – გვიხსნის ხათუნა.

მხიარულ ხანელ დიასახლისს სამოცამდე ძროხა და ასი თხა ჰყავს. საქონლის  მოვლა დიდ შრომას მოითხოვს, თუმცა სხვაგვარად ცხოვრება ვერც  წარმოუდგენია.

„დილით მამალს თუ არ მოასწარი გაღვიძება, ისე ვერაფერს გააკეთებ სოფელში. გარიჟრაჟზე ჯერ ცეცხლს ვანთებ და მერე დღეს ცხოველების მოვლით ვიწყებ. ისინი რომ არ მვყავდეს, არც ყველი მექნებოდა და  არც შემოსავალი“.



ხანელი ქალები  ყველს ძირითადად ზამთრში ამზადებენ.  ზახულობით საქმეში მამაკაცები ეხიდებიან. გენდერულად გადანაწილებულ შრომას სოფელში ლოგიკური საბაბი  აქვს.

„გაზაფხულიდან დაზამთრებამდე საქონელი ალპურ ზონაშია, სადაც მათ  მამაკაცები უვლიან. საძოვრები სოფლიდან 30 კილომეტრითაა დაშორებული. იქ ბალახი განსაკუთრებით სუფთა და ნოყიერია, ამიტომ  რძეც ცხიმიანი და გემრიელია. საქონელს მამაკაცები ადგილზე წველიან და ყველიც იქვე ამოჰყავთ“, – გვიყვებიან ადგილობრივები.

გოჩა გელხვიიძე ერთ–ერთი იყო, ვინც საქონელს ალპურ ზონაში მიერეკებოდა და იქ ყველს ხანური მეთოდით ამზადებდა. ახლა მოხუცის საქმეს შვილები და შვილიშვილები აგრძელებენ. მისი ოჯახისთვის, ისევე, როგორც მთელი სოფლისთვის, ყველის წარმოება შემოსავლის მთავარი წყაროა.




ყველით სავსე ქვევრებს, ტრადიციულად, ყველიერის კვირაში ხსნიან.



ქვევრში ყველს მარილწყალში ინახავენ

ხანის მცხოვრებლები ყველს ძირითადად ახლომდებარე ქალაქებში, ქუთაისსა და ბაღდათში ყიდიან.

"გადამყიდველები იბარებენ ხან 5, ხანაც 6 ლარად. შრომა ბევრია, ფასი კი ცოტა", – ამბობენ გლეხები, რომლებსაც იმედი აქვთ, რომ განსაკუთრებული ხანური ყველი მალე განსაკუთრებულად დაფასდება.

"ახლა რაც ეს ტურისტობა დაიწყო, უფრო მოსწონთ ჩვენი ყველი. ისტორიითაც ვიწონებთ თავს. ფხვნილსგან კი არაა დამზადებული, ნატურია და მეტიც კი უნდა ღირდეს", – ამბობს ხათუნა მსხვილიძე, რომლის ოჯახი საქონლისთვის თივასაც კი არ ყიდულობს, მთაში თავად თიბავენ და აშრობენ, დარწმუნებულები რომ იყვნენ, საქონელი სუფთა პროდუქტით იკვებება.

ხანური ყველის წარმოება ბაღდათში ტურიზმის განვითარების კარგ საშუალებად მიაჩნიათ. ადგილობრივი მთავრობა სოფლის პოპულარიზაციისთის კონკრეტულ ღონისძიებებს გეგმავს.


"ადრე თუ ყველს რამდენიმე ოჯახი ინახვადა, ახლა სხვებმაც დაიწყეს. ჩვენი მხრიდან პირველ რიგში, ვაპირებთ, ქვევრის ყველის ადგილწარმოშობის დაპატენტებას. ასევე ადგილობრივების გადამზადებას, რადგან ვვარაუდობთ, რომ ტურისტების რაოდენობა გაიზრდება და მათ ადგილზე უკეთესი სერვისი უნდა დახვდეთ", – ამბობს ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტურიზმის განყოფილების უფროსი გოჩა ხორავა. მისივე ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში ხანური ყველისთვის არამატერიალური კულტურული მემკვიდეობის ძეგლის სტატუსის მოპოვებისთვის მუშაობენ.

***
ხანი ნამდვილი მთის სოფელია, ვიწრო გზებით, ხის სახლებით, წკნელის ჭიშკრებითა და ლეგენდად ქცეული ისტორიებით.

სწორედ ასეთი ისტორიის თანახმად, კლიმატურმა ცვლილებებმა, ერთ დროს, ვაზის ზოგიერთი ჯიში გადააშენა და ღვინის წარმოება არამომგებიანი გახდა.

დაცარიელებულ ქვევრებს გლეხმა ახალი ფუნქცია შესძინა. მარილწყლით აავსო და მასში ყველი შეინახა. ექსპერიმენტმა გაამართლა: პროდუქტს განსაკუთრებული გემო მიეცა. გახანგრძლივდა შენახვის დრო და გაადვილდა გამოზამთრება.

ქვევრში შენახულმა ტრადიციამ ხანში ისტორია შექმნა. ახლა ჯერი მის შენარჩუნებაზე და ტურიზმის განვითარებაზეა.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის
სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა
სჭირდება.
11:32 / 11.10.2024
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.