საზოგადოება
ხალხის გადარჩენილი ხის ეკლესიები იმერეთში (ფოტო/ვიდეო)
FaceBook
სამტრედიაში, სოფელ ხუნჯულაურის ძველ, ხის ჩუქურთმებიან სახლში ცხოვრობს კაცი, რომელმაც საწერკალამი და ფურცელი მოიმარჯვა და მომავალი თაობისთვის სოფლის ისტორიის ჩაწერა დაიწყო. 65 წლის ლევან წულაია არც საკუთარ და არც თანასოფლელების მეხსიერებას აღარ ენდო, რადგან წინაპრების მოყოლილი ამბები გზადაგზა მაინც იკარგებოდა. სოფლის მემატიანემ ის, რაც თავად იცის და რაც მეზობლებისგან სმენია ფურცლებზე გადაიტანა, რომ ხუნჯულაურზე და მის სიმბოლოდ ქცეულ, მაცხოვრის სახელობის ხის ეკლესიაზე ინფორმაციამ შვილიშვილებამდე დღევანდელი სახით მაინც მიაღწიოს.


ხუნჯულაურის სამსაუკუნოვანი ხის ეკლესია

"შეიძლება ერთ დროს ის მონაცემებიც მოინახოს ეკლესიის ისტორიის, წიგნი, რომლიც დაიკარგა სავარაუდოდ, 1977 წელს. ვიფიქრე, რომ რაც მახსოვს ის შემეკრა, სულ რამდენიმე თაბახის ფურცელი გამოვიდა. ზოგადად ყველა ისტორია კარგია, როცა არსებობს იმ ადამიანის ჩანაწერი, თუნდაც ერთი წინანდება მაინც, რომელიც შეესწრო ფაქტს, პერიოდს თუ ასე შემდეგ. მახსოვს პირველი სახე ამ ეკლესიის. დიდად არაფერი არის შეცვლილი", - გვიყვება ლევან წულაია.


ლევან წულაია – ხუნჯულაურის მემატიანე 

ლევანი სოფლის ისტორიის გარდა, კომუნისტურ რეჟიმს გადარჩენილ დოკუმენტსაც ინახავს, 1904 წლის ნათლობის საბუთს. სხვა ყველა დოკუმეტი საბჭოთა ხელისუფლების დროს დაიკარგა, ჯვარი და ეკლესიის გუმბათიც იმ დროს ჩამოუგდიათ. სახარება და საეკლესიო წიგნი კი რუსული ცარიზმის პერიოდში გამქრალა.


ნათლობის დოკუმენტი, რომელიც 1904 წლით თარიღდება

"1710 წელს მარტვილის რაიონის სოფელ ბალდიდან გადმოსახლებულა ვინმე დოხადია წულაია. დოხადია წულაიას აქ წამოუბრძანებია ხატი. გზად მას შეუსვენია იმ ადგილას, სადაც ხუნჯულაურის ეკლესია მდებარეობს. როცა ისურვა წასვლა, ხატი ვერ დაუძრავს ადგილიდან, რაც უფლისგან იმის მინიშნება იყო, რომ იმ ადგილზე ეკლესია უნდა აშენებულიყო. იმ ადგილას, მართლაც, ხის პატარა სალოცავი აშენებულა", – ვკითხულობთ ლევან წულაიას ჩანაწერებში. იქვეა ამბავი, თუ როგორ ააგო მოგვიანებით სოფელმა მაცხოვრის სახელობის ხის ეკლესია, რომელსაც ორსაუკუნენახევარია უვლის.



თაბახის ფურცელზე კიდევ ბევრი ასაკოვანი ხუნჯულაურელის მონათხრობია გადატანილი. ავთანდილ გამყრელიძე ნათლად ახსოვს ის მომენტი, როცა საბჭოთა პერიოდში ეკლესია ღამით ჩუმად გადახურეს. მაშინ, 8–9 წლის ბიჭი იყო. ყვება, რომ ბავშვები და კაცები სახურავს ცვლიდნენ, ხოლო ქალები მიმდებარე ტერიტორიას დარაჯობდნენ.

"ვინმეს, რომ გაეგო ეს ამბავი არ მოგცემდნენ ამის უფლებას, ის კი არა, ვინც მაშინ მონაწილეობდა ამ საქმეში, ზოგიერთს პრობლემები შეექმნა", – გვიყვება ავთანდილი და იხსენებს, რომ ეკლესიას საგანმანათლებლო ფუნქციაც ჰქონდა. ბავშვობაში წიგნების წასაკითხად თავადაც იქ დადიოდა, მღვდელ-დიაკვნები მასწავლებელობას ითავსებდნენ, მერე ვითარება შეიცვალა და წიგნებიც დაიკარგა.

"ეკლესია ჩვენი სიამაყეა. ყველაფრის დათმობა შეგვიძლია, ყველაფერს შეველევით, ოჯახებში ყველა ყველაფერს დავიკლებთ, ოღონდ ამ ეკლესიას არ დააკლდეს ჩვენი ხელი, ისმოდეს ზარის რეკვა და გალობა. ეს მარტო ჩემი განწყობა არ არის, ასეთია ყველა ამ სოფელში მცხოვრების დამოკიდებულება", – გვეუბნება ავთანდილ გამყრელიძე.
კიდევ ერთი ხუნჯულაურელი ეკლესიის დაწვის მცდელობას იხსენებს. ხანძრის კვალი ახლაც შესამჩნევია, თუმცა მხოლოდ პატარა ნაწილზე. კომუნისტების მიერ ცეცხლწაკიდებული ტაძარი ქალს დაუნახავს, ყვირილი დაუწყია და მთელი სოფელი ეკლესიის გადასარჩენად გამოფენილა.

ქალების სიმამაცის ისტორია და ეკლესიის ირგვლივ გაერთიანებული სოფელი სამტრედიაში კიდევ რამდენიმეა. ღანირში სოფლის მემატიანე არ ჰყავთ, თუმცა ორსული ქალების თავდადების ამბავს ყველა გიამბობთ.

"მონაყოლიდან მახსოვს, როცა გაუციათ დავალება (კომუნისტებს) ეკლესიის დასანგრევად, ორსული ქალები შეკრებილან და კიბეზე ასვლის უფლება არ მიუციათ, ასე უთქვამთ, ვიდრე ამას დაანგრევთ, მანამდე ჩვენი და ჩვენი არდაბადებული შვილების გათელვა მოგიწევთო", – გვიყვება წმინდა გიორგის სახელობის ხის ეკლესიის მესანთლე, ნინო გამყრელიძე.

ადგილობრივები ამბობენ, რომ მათი ეკლესია მართალია ხის არის და სხვა ტაძრებივით ლურსმნის გარეშე აგებული, მაგრამ მაინც განსხვავებულია, - ყველაზე ძველია სამტრედიის ხის ეკლესიებს შორის და მისი უცნაური ფორმა ნოეს კიდობნის ანალოგია. 1820 წლის საეგზარხოსო აღწერის მიხედვით, ტაძარი 1760 წლით თარიღდება.




"ყველაფერი ძველია, ამ ეკლესიაში ყველაფერი პირვანდელი სახით არის შემორჩენილი. წლების წინ პატრიარქი იყო ჩამობრძანებული და აღფრთოვანებული დარჩა. ეს ყველაფერი ჩვენი, სოფლის დამსახურებაა, გადმოცემა შეუძლებელია თუ რისი გადატანა მოუწიათ ჩვენს წინაპრებს", – გვიყვება 82 წლის დოდო კობახიძე.

ღანირში გული წყდებათ, რომ ის ზარი ვერ გადაარჩინეს, რომლის ხმაც სამ სოფელს წვდებოდა. სალოცავის დასანგრევად შემოსვლის ამბავსაც სოფელი ხეზე ჩამოკიდული ზარის რეკვით იგებდა და ირაზმებოდა.


კიდევ ერთი ზარის საინტერესო ამბავი უკვე სხვა სოფელში, ჭაგანში ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის წინამძღვარმა, დეკანოზმა აკაკი ჟვანიამ გვიამბო:

"აქ ეკლესიაში ზარი, იმერეთის მეფეს სოლომონ მეორეს შემოუწირავს. განსხვავებული მასალისგან იყო დამზადებული. საბჭოთა პერიოდში დაზიანებულა. ამ დრომდე ხის ძირში იდო. ვიფიქრეთ, რომ გადაგვედნო და აღგვედგინა. იმ დროს ვერ ვიფიქრეთ და ახლა ვნანობ, არ უნდა დაგვეკარგა იმ ზარის პირვანდელი სახე. ახლა რაც არის, იგივე მასალაა მაგრამ ვერ შენარჩუნდა ფორმები".


ჭაგანში კაკლის ხის მასალით აგებულ ეკლესიას საბჭოთა ტერორის დროს საწყობად იყენებდნენ. სოფლის ერთობით ვერც ამ ეკლესიის დანგრევა მოახერხეს, მხოლოდ ტაძარზე აღმართული ჯვრის ჩამოგდებით შემოიფარგლნენ.
2000-იანი წლების დასაწყისში ტაძარი მძიმე მდგომარეობაში იყო. დეკანოზმა და სოფლის მოსახლეობამ ფული შეკრიბა და ეკლესია საკუთარი ხელით შეაკეთა. ხელისუფლებისგან მხოლოდ სახურავის მასალა მიიღეს.



დეკანოზი აკაკი ამბობს, რომ წინაპრების გადმოცემით, ეკლესიას მრავალირცხოვანი მრევლი ჰყავდა, განსაკუთრებით ტაძრის დღესასწაულზე მიდიოდნენ.
"21 სექტემბერს ღვთისმშობლობაა და ამ სოფლის მკვიდრები გარდა, დასავლეთ საქართველოდანაც ჩამოდიოდნენ თურმე. გაღმა გზიდან იწყებოდა რიგები, ზოგი მანქანით იყო, ზოგი ცხენით და ზოგი ავტობუსით. ახლა თავისთავად მრველიც შემცირდა და სოფლებში მცხოვრებლების რაოდენობაც".

ჭაგანში, წინათ, რამდენიმე გვარს თავისი ეკლესია ჰქონდა. ბევრი განადგურდა, მაგრამ მთავარანგელოზის სახელობის ხის ტაძარი გადარჩა. მისი წინამძღვარიც დეკანოზი აკაკია და გვარის განურჩევლად, მთელი სოფელი უვლის. ამ სალოცავსაც ქალის გმირობის ამბავი უკავშირდება, რომელსაც ადგილობრივები სიამაყით ყვებიან.


ჭაგანის მთავარანგელოზის სახელობის  ხის ეკლესია

"კომუნისტების დროს მოსულან დღისით დასანგრევად, აქ ცხოვრობდა თურმე მაია ფოცხვერია, რომელიც გამოსულა ნაჯახით და არ მიუცია დანგრევის უფლება. ასე უთქვამს, თუკი შეეხებით, ყველას ამ ნაჯახით დაგჩეხავთო. ამ ქალის სიმამაცე რომ ნახეს, სოფელში ყველა ფეხზე დადგა და ასე მოვიყვანეთ აქამდე. მერე მოუვლელობის გამო ნადგურდებოდა. მე ვითავე ფულის აკრება, ხელოსნები მოვიყვანეთ და რაც შევძელით გავაკეთეთ, მაგრამ ბოლომდე ვერ მივიყვანეთ. ამიტომაც, მთავრობა დაგვეხმარა გადახურვაში და უკვე, 2003 წელს გაიხსა ოფიციალურად", – გვიყვება სოფელ ჭაგანის მკვიდრი ნანი ქუთათელძე.

სამტრედიის მუნიციპალიტეტში ხის ეკლესიების არქიტექტურა მეტ-ნაკლებად მსგავსია. მისი ორნამენტები და ჩუქურთმა სოფლის სახლებსა და ჭიშკრებზეც მეორდება. ზოგიერთზე ხის რიკულები დღემდე შემორჩა. ერთი შეხედვითაც ნათელია, რომ ხეზე მაშინ ბევრ სოფელში მუშაობდნენ, დღეს კი ხითხუროს ვერსად იპოვით. ჭაგანში ფიქრობენ, რომ იქ არსებულ ორ ეკლესიას ერთი ხუროთმოძღვარი ჰყავდა, სავარაუდოდ, ბერძენი, რომლის ვინაობა უცნობია.
"ღვთისმშობლის ეკლესიის შესასვლელში არის დაკრძალული. ქვაზე უცნობი წარწერებია. ასევე, ქვაზე გამოსახულია ჯვარი, რომელიც გვაფიქრებინებს, რომ ის ბერძენი იყო", - გვიამბობს დეკანოზი აკაკი.


ტაძრის ბერძენი არქიტექტორის სავარაუდო საფლავი

სამტრედიის მუნიციპალიტეტში შემორჩენილი ხის უძველესი ეკლესიები ხონი–სამტრედიის ეპაქრიაში შედის. სოფელებში გვითხრეს, რომ საპატრიარქოდან ეკლესიების შესაკეთებლად დაფინანსება არასოდეს მიუღიათ, თუმცა ადგილობრივები საუკუნეებია დამოუკიდებლად უმკლავდებიან მის მოვლა-პატრონობას და მთავარია, რომ ტაძრები მოქმედია.

"სოფლის ერთიანობას, სიმტკიცეს და რწმენას წინ ვერაფერი დაუდგება", – ამბობს სოფელ ღანირის მკვიდრი ანა მიქელაძე, რომელიც თანასოფლელების მსგავსად, დარწმუნებულია, რომ არა ადგილობრივების თავგანწირვა და ძალისხმევა, უნიკალური ხის ტაძრები აღარ იარსებებდა. სოფლებში უნდათ, რომ მომავალი თაობებიც ამ სულისკვეთებით გაიზარდონ, ამიტომაც უყვებიან შვილებს და შვილიშვილებს ლეგენდებად ქცეულ გმირობის ამბებს.

ავტორები: თეკლე მორგოშია
ეკა კუხალაშვილი
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის
სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა
სჭირდება.
11:32 / 11.10.2024
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.