ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში მოთავსებული 10 წლის
გოგონასა და ხუთი წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ
სტაბილურად მძიმეა.
ბავშვთა დღის ცენტრიდან სახლისკენ მიმავალ და-ძმას წყალტუბო-ქუთაისის
მატარებელ დაეჯახა, იმ დროს, როდესაც ისინი ლიანდაგს კვეთდნენ.
გოგონას თავის ქალისა და სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა
აღენიშნება, ბიჭს კი ჰემატომა თავის ტვინში.
"მემანქანე, რაც ძალი და ღონე ჰქონდა ყვიროდა და სიგნალსაც აძლევდა,
მაგრამ ბავშვებმა ვერ მოიაზრეს და ადგილზე დარჩნენ," - ამბობს
თვითმხილველი.
დაშავებული და-ძმა საავადმყოფოში გადაიყვანეს. თუმცა, შემთხვევა არ
აღმოჩნდა დამაბრკოლებელი მათი თანატოლებისა და მოზარდებისთვის,
რომლებიც მოკლე გზის გასავლელად ლიანდაგს ხშირად კვეთენ.
რკინიგზის ლიანდაგთან ყველაზე ახლოს საქართველოს "კარიტასის" ქუთაისის
ბავშვთა დღის ცენტრი მდებარეობს. ცენტრის დირექტორის თქმით, ლიანდაგს
ბავშვების გარდა, უფროსებიც ხშირად კვეთენ.
დირექტორი გამოსავალს ლიანდაგის აღებაში ხედავს.
"მატარებლის ლიანდაგი აქ საერთოდ არ არის საჭირო. ფაქტობრივად,
ცარიელი მატარებლები მიდი-მოდიან. სხვა არ ვიცი რა უნდა გაკეთდეს.
ჩვენც, ჩვენი მხრიდან ყურადღებას ვიჩენთ ხოლმე, როცა ბავშვები გადიან
ცენტრიდან. ამ შემთხვევაში დედაც ახლდა ბავშვებს", - ამბობს დღის
ცენტრის დირექტორი, ლევან ბეგიშვილი.
რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის წარმომადგენლის, ილია ლეჟავას თქმით,
თუ მოსახლეობა ლიანდაგს გადასასვლელად ხშირად იყენებს, მაშინ
შლაგბაუმი აუცილებლად უნდა გაკეთდეს. თუმცა, ამბობს, რომ ეს
გადაწყვეტილება დარგის სპეციალისტებმა უნდა მიიღონ.
"მოქალაქეს არ აქვს უფლება ლიანდაგზე იაროს. რაც შეეხება მემანქანის
მდგომარეობას, გასარკვევია, ხომ არ იყო შრომითი უფლებები დარღვეული,
ზეგანაკვეთურად ნამუშევარი, ან ღამენათევი, ამ შემთხვევაში სხვა
პასუხისმგებლობაა. თუ ეს არ არის, დარღვეული მაშინ, ნებისმიერ
შემთხვევაში, ქვეითის ბრალეულობაა. ელმავალი ისეთი თემაა ვერ
გააჩერებ, ძალიან რთულია. ამიტომ, ვერც მემანქანეს ვერ დაბრალდება
ყველაფერი და ვერც თანაშემწეს", - ამბობს ილია ლეჟავა.
ვისი ბრალეულობა გამოიკვეთება 19 მარტს მომხდარ შემთხვევაში, ამას
სამართალდამცველები არკვევენ. ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის
სამართლის საქმე. გამოძიება 275 მუხლის 1 ნაწილით მიმდინარეობს. რაც
სარკინიგზო ტრანსპორტის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის
დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება
გამოიწვია.
საქართველოს რკინიგზა მომხდარზე კომენტარს არ აკეთებს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები