საზოგადოება
სინათლე სიბნელეში (ფოტო/ვიდეო)
FaceBook
წარმოიდგინეთ, ერთ დღეს თქვენი მხედევლობა ხმამ რომ ჩაანაცვლოს, სამყარომ ფერი დაკარგოს და სინათლე წყვდიადმა შთანთქას.

წარმოსადგენადაც კი რთულია... მაგრამ ასეთი რამ ბევრი ადამიანის ცხოვრებაში რეალურად მოხდა. ერთ დღეს მათ სრულიად სხვა სამყაროში გადაინაცვლეს და დაიწყო სიბნელეში სინათლის ძიების რთული და წინააღმდეგობებით სავსე გზა.

დათო კვესელავას ზუსტად ახსოვს ის დღე, როცა დამოუკიდებლად სახლიდან გასვლა ბოლოჯერ შეძლო. ეს შვიდი წლის წინ იყო. თითქმის ვერაფერს ხედავდა, მაგრამ მაინც მარტო წავიდა. ბოლო ბრძოლა იყო. მას შემდეგ ყოველდღიურად უფრო დამოკიდებული ხდებოდა სხვებზე.

დათოს მსგავსად, სხვა უსინათლოების მეხსიერებაშიც სამუდამოდ აღიბეჭდა სიბნელის შესვლის წუთი. ამის მიუხედავად, ისინი უიმედობას არ ემორჩილებიან, რადგან ნათელია მათი სამყარო. თუმცა რაც ძალიან აწუხებთ, ეს მათ მიმართ არსებული მცდარი წარმოდგენებია. 




დათო კვესელავა 37 წლის არის და უკვე ორი წელია სრულიად უსინათლოა. 16 წლის ასაკში მარცხენა თვალზე გლაუკომა დაემართა. 10 წლის შემდეგ პრობლემები მეორე თვალზე დაეწყო და ნელ-ნელა მხედველობიდან სინათლეც გაქრა. დაიწყო ჩრდილებთან, სილუეტებთან შეგუება. ახლა მხოლოდ დღეს და ღამეს არჩევს.

"ერთხელ თეატრში წავედი. კონცერტი იყო. ტაქსის მძღოლს ვთხოვე კიბეებზე ავეყვანე. უარი მითხრა, პატრული დამაჯარიმებს, აქ მანქანას ვერ გავაჩერებო. დიდხანს ვიდექი თეატრის წინ. ორიენტაცია დავკარგე. ძალიან მრცხვენოდა ვინმესთვის დახმარება მეთხოვა. მერე ადამიანების ხმას გავყევი და კიბის საფეხურს მივაგენი. საბოლოოდ მაინც შევედი და ამან გამაბედნიერა. რაც მხედველობა დავკარგე, სმენაც და ორინტაციის უნარიც უფრო გამიძლიერდა. როცა ნაცნობ ადგილებში ვგმზავრობ, ყველა შესახვევს ვხვდები რა ადგილზე ვარ", – ამბობს დათო კვესელავა.

ხუთი წელია მისი თვალები ვერ არჩევს შვილის სახეს. რვა წლის მარი მის მეხსიერებაში სამი წლის გოგონას სახით შემორჩა.

იმას, რაც არ უნახავს, წარმოიდგენს. როცა ადამიანს გაიცნობს, მისთვის ნაცნობი სახეებიდან ერთ–ერთს ამოარჩევს და მის გარეგნობას მოარგებს. ასე ინახავს ადამიანებს წარმოსახვაში.

რასაც ყველაზე მეტად განიცდის, მხოლოდ მეგობრებს ესაუბრება.

"ერთხელ მითხრა, ყველაზე მეტად მინდა ჩემი შვილი დავინახოო",–ამბობს მისი მეგობარი მამუკა ახვლედიანი.

მამუკა დათოს მსგავსად უსინათლოა და მისთვის მეგობრის განცდები უცხო არ არის. მასაც ჰყავს ოჯახი, შვილი, რომლის სახეც არასდროს უნახავს.

"თმის ფერი არ შემიძლია გავარჩიო, მაგრამ მის თეთრ კანს აღვიქვამ. ვხვდები როგორ აქვს თმა შეჭრილი".

სიბნელე არც მამუკას ცხოვრებაში მოსულა ერთბაშად. მეცხრე კლასის მოსწავლე იყო, როცა მეზობელს სახლის კარი ჩაეკეტა და ფანჯრიდან გადასვლა სთხოვეს. მეორე სართულის აივანზე ასულს, ბუნებრივი აირის მილზე ფეხი დაუცდა და გადავარდა. მიღებულმა ტრავმამ მხედველობა დაუზიანა. მამუკას ყველაზე რთულ ასაკში მოუწია უსინათლობასთან შეგუება.

"მიფიქრია იმაზე, რატომ მომივიდა ასე, ცრემლიც წამომსვლია და მინანია, ნეტავ სულ არ ავსულიყავი იმ აივანზე. ძალიან მიჭირდა რეალობასთან შეგუება. ვითრგუნებოდი როცა სადმე მივდიოდი და ვინმესთვის უნდა მეთხოვა გაყოლა, თუნდაც, ოჯახის წევრი ყოფილიყო".

სტომატოლოგობა მამუკას ოცნება იყო. მხედველობის გაუარესების მიუხედავად, სამედიცინო კოლეჯში ჩააბარა, მაგრამ ერთი წლის შემდეგ მიხვდა, რომ მეცადინეობა აღარ შეეძლო და იძულებული გახდა აკადემიური აეღო, იმ იმედით, რომ რაღაც შეიცვლებოდა.

37 წლის ასაკში უკვე იცის, რომ სხვანაირად აღარაფერი იქნება, მაგრამ, ბავშვობის ოცნებას დასავიწყებლად მაინც ვერ იმეტებს.

"დღემდე გრძელდება ჩემი აკადემიური. კითხვა რომ შემეძლოს ახლაც გავაგრძელებდი სწავლას. ეს სურვილი არ გამნელებია", – ამბობს მამუკა. 

ასაკთან ერთად ცხოვრებასთან ბრძოლა ისწავლა და თავად შეიტანა სინათლე სიბნელეში.

დათოსთან მეგობრობამ მისი გართულებული ყოველდღიურობა იხსნა.




ერთმანეთი 15 წლის წინ ქუთაისის უსინათლოთა კავშირში გაიცნეს და დამეგობრდნენ. ბევრი რამ აერთიანებთ, განსაკუთრებით კი მუსიკა.

თავიდან ქორწილებსა და სადღესასწაულო შეკრებებზე უკრავდნენ. სიმღერა შემოსავლის წყაროდ აქციეს. შემდეგ საკუთარი რეპერტუარი შექმნეს და ანსამბლი "ქუთათურები" დაარსეს.

გასულ წელს "ქუთათურებმა" ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში საქველმოქმედო კონცერტი გამართეს. შემოსული თანხით ყველაზე შეჭირვებულ უსინათლოებს პროდუქტები შეუძინეს.

ცოტა ხნის წინ კი დათომ შშმ პირთა საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე პირველი ადგილი აიღო და ახლა უკრაინაში გასამგზავრებლად ემზადება.
ამბობენ, რომ ასეთ დროს მთავარია არ გაჩერდე და თავად შექმნა ის, რასაც გარემო ვერ გთავაზობს.

ასე გაიჩინეს ახალი ოცნებები, მიზნები. დაოჯახდნენ, ზრდიან შვილებს, ქმნიან მუსიკას და სინათლით ივსებენ სიბნელეს. დათომ და მამუკამ სრულიად არამეგობრულ გარემოსთან ადაპტირება მოახერხეს.

"სახელმწიფო უსინათლოებს ფაქტობრივად ვერაფერს სთავაზობს. ადრე უფრო გვეპატიჟებოდნენ კონცერტებზე. ახლა ბევრი თხოვნის მიუხედავად, არ გამოვყავართ. გვეძახიან მხოლოდ მაშინ, თუ შშმ პირთა კონცერტია. ჩვენ კიდევ ვახერხებთ რაღაცას, მაგრამ ძალიან ბევრი უსინათლოა, რომელიც გარეთაც ვერ გამოდის. ქუთაისში არ არის არც ერთი ხმოვანი შუქნიშანი, არ არის პანდუსები, რომელიც მხოლოდ ეტლით მოსარგებლეს არ სჭირდება, უსინათლოსთვისაც უფრო მოსახერხებელია პანდუსზე ასვლა, ვიდრე კიბეზე. თუმცა, არც ესაა ტოტალურად უსინათლოსთვის საკმარისი. ჩემნაირ ადამიანს იმ შუქნიშნამდე მისვლაც არ შეუძლია თუ არ ეყოლა გამყოლი, ან გაწვრთნილი ძაღლი. ევროპაში არის ასეთი პრაქტიკა, სახელმწიფო ქირაობს გამყოლებს და ისინი ეხმარებიან უსინათლოებს აუცილებელი საქმეების მოგვარებაში, იქნება ეს ბანკში გაყოლა, თუ ექიმთან ვიზიტი", – ამბობს დათო კვესელავა.

ყოველდღიური ბარიერები აღარ აშინებთ. ახლა უკვე სხვების დახმარებას ცდილობენ.

ქუთაისში ოფიციალურად 239 უსინათლოა რეგისტრირებული, თუმცა, ამბობენ, რომ სინამდვილეში მათი რიცხვი მეტია.

ქუთაისის უსინათლოთა კავშირი დიდი ხანია ბენეფიციარებს მნიშვნელოვანს ვეღარაფერს სთავაზობს. გაერთიანების საუკუნოვანი ისტორიიდან, ახლა მხოლოდ ამორტიზებული შენობები და გაქირავებული ფართები შემორჩა. ავანგარდის დასახლებაში არსებული წარმოება, რომელიც წლების წინ 300 უსინათლოს ცხოვრების ფერხულში აბამდა, აღარ არსებობს.


უსინათლოთა კავშირის განადგურებული ინფრასტრუქტურა

საწარმოში 300 უსინათლო, ამდენივე მხედველობის მქონე ადამიანთან ერთად, ამზადებდა სავარძლებს ავტონაწილების ქარხნისთვის, მუყაოს ყუთებს ფეხსაცმელებისთვის, ქილის თავსახურის რეზინებს, საღებავების ქილებს, პოლიეთილენის პარკებს და სხვა უამრავ საყოფაცხოვრებო ნივთს.
გარდა წარმოებისა, უსინათლოები აქტიურად იყვნენ ჩართულები სპორტულ და კულტურულ ცხოვრებაში. ჰყავდათ მომღერალთა ანსამბლი, შეჯიბრებები იმართებოდა ნარდისა და ჭადრაკის თამაშში.


აქ ახლაც ამზადებენ სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთს, მაგრამ პროცესში უსინათლოები აღარ არიან ჩართული



90–იანი წლებში საწარმოები გაიძარცვა, კავშირის ხელმძღვანელობამ კი დანადგარები ჩამოწერა და შენობები გააქირავა. წარმოების ნგრევამ ასობით უსინათლო სახლში გამოკეტა.

ქუთაისის უსინათლოთა კავშირის თავმჯდომარე ამბობს, რომ წლიდან წლამდე ამ ადამიანებისთვის საასპარეზო არეალი მცირდება.

"შშმ პირთა შორის, ყველაზე მძიმედ არის უსინათლო. წყალი რომ უნდოდეს და იქვე იდგეს, შეიძლება ვერ დალიოს, რადგან არ იცის, რომ იქ დგას. ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მათი აქტიურ ცხოვრებაში მონაწილეობა. ბრაილის შრიფტით კითხვაც არ იცის ბევრმა. მასწავლებლებიც აღარ არიან, რომ დავიქირაოთ. წიგნები კი გვაქვს, მაგრამ რომ წაიღონ რა აზრი აქვს, ვერ კითხულობენ. სახლში სხედან ძირითადად", – ამბობს მანონი გოლეთიანი.

უსინათლოთა კავშირი ქუთაისელი ბენეფიციარებისთვის დამოუკიდებლად პროგრამების განხორციელებას ვერ ახერხებს, რადგან საკუთარი ბიუჯეტი არ აქვს. შენობების იჯარის თანხა თბილისში, ცენტრალურ ოფისში ირიცხება, რაც ახალ წელსა და აღდგომის დღესასწაულებზე განსაკუთრებით შეჭირვებულ უსინათლოებზე ნაწილდება. წელს ერთ პირზე 18.50 ლარს მხოლოდ 40–მდე ბენეფიციარი მიიღებს.

შეზღუდულია იმ პირთა რაოდენობაც, რომლებიც 2019 წელს "გამყოლის" პროგრამით ისარგებლებს. ქუთაისის მერიამ ტოტალუარდ უსინათლოებისთვის გამყოლის დასაქირავებლად 5 500 ლარი გამოყო, თუმცა, ბენეფიციარები ამბობენ, რომ ეს თანხა მხოლოდ 50 ადამიანზეა გათვლილი, რაც საკმარისი ვერ იქნება.

აქტიურ ცხოვრებაში ჩართვის გზები უსინათლოებისთვის ვერც  სახელმწიფომ  იპოვა.  ერთადერთი პროგრამა, რომელსაც განთლების სამინისტრო  მათთვის ახორციელებს, უსინათლოთა სკოლებია, თუმცა, მხოლოდ სასკოლო ასაკის თაობისთვის. 

დათოს და მამუკას კი, ისევე, როგორც ასეულობით მათი ასაკის ადამიანს, სახელმწიფოს იმედი არ აქვთ. 

ამიტომ თავად ცდილობენ ერთმანეთის პოვნას და რწმენის გაჩენას, რომ სინათლე სიბნელეშიც არსებობს და რომ მხედველობის გარეშე ცხოვრება რთულია, მაგრამ შესაძლებელი.


მარიამ პატარაია, ანა ჯანაშია
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის
სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა
სჭირდება.
11:32 / 11.10.2024
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.