წითელამ, რომელიც ბავშვთა მწვავე ჰაერწვეთოვან ინფექციად ითვლება,
სადღეისოდ საქართველოში მოზრდილებში მოიმატა.
ამის შესახებ კლინიკა "მედიქალ სითის" ინფექციურ დაავადებათა
დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ნუგზარ მაღლაკელიძე საუბრობს. მისი
თქმით, ეს მოზრდილები 90–იანი წლების პერიოდის ასაკობრივი ჯგუფია,
რომელთა ბავშვობის დროსაც აცრები ჩაიშალა და არ კეთდებოდა.
"ამიტომ ვიმკით ახლა ჩვენ ინფიცირებულთა გახშირებულ რაოდენობას.
ეპიდემიის ზღვარზე არ ვართ, მაგრამ შემთხვევები ძალიან გახშირებულია",
- ამბობს ნუგზარ მაღლაკელიძე.
წითელას პერიოდი ზამთარი და გაზაფხულია. ნუგზარ მაღლაკელიძის
ინფორმაციით, მათ კლინიკაში წითელას დიაგნოზით მომართვიანობა წინა
წელთან შედარებით გაზრდილია. პირველი იანვრიდან დღემდე "მედიქალ
სითიში" მკურნალობა 59 პაციენტს ჩაუტარდა, ამჟამად სტაციონარში 10
პაციენტი იმყოფება.
"წითელასგან თავის დაცვა ძალიან ძნელია. თუ პაციენტი წითელას
საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილი არ არის, გვერდზეც რომ ჩაუაროს
წითელათი დაავადებულ ადამიანს, შეიძლება გადაედოს. რისკი ძალიან
მაღალია, 80% ამ შემთხვევაში", - ამბობს ნუგზარ მაღლაკელიძე.
მისივე თქმით, მშობლები ხშირად ცოდავენ და ვაქცინაციაზე უარს ამბობენ.
ექიმის განმარტებით, ვაქცინაციის უკუჩვენების ერთეული შემთხვევები
არის. თუმცა ეს ხდება მაშინ, როცა პაციენტს სხვადასხვა ქრონიკული
დაავადება აწუხებს, რაც აცრის დროს საშიშროებას წარმოადგენს.
ქუთაისში მცხოვრები თათა კაჭკაჭიშვილი ერთ-ერთია იმ მშობელთაგან,
რომელსაც, არც მანამდე და ახლა, ბავშვებისთვის აცრა არ გაუკეთებია.
თათა განმარტავს, რომ ამის მიზეზი წინა წლებში თვითონ სამედიცინო
სფეროში გავრცელებული აზრი გახლდათ, რომ ქვეყანაში არსებული ვაქცინები
სათანადო ხარისხის არ იყო.
"10 და 14 წლის ბიჭები მყავს. აცრა არც ერთს აქვს გაკეთებული. მაშინ
ინფორმაცია არ მქონდა ვაქცინებზე, რამდენად ჰქონდა მათ ჯანდაცვის
საერთაშორისო ორგანიზაციის სერტიფიკატი, რამდენად ხარისხიანი
იყო და ა.შ. ექიმებსაც არ ჰქონდათ მაგ დროს ეს ინფორმაცია", -
ამბობს თათა კაჭკაჭიშვილი.
სპეციალისტები საუბრობენ წითელას გართულებულ შემთხვევებზე, რომელიც
გამოიხატება ყურის ანტებით, პნევმონიით, დიარეით.
ექიმები ხაზგასმით მიუთითებენ აცრების აუცილებლობაზე. ვაქცინაცია
უფასოა.
ორსულებს, ასევე, ურჩევენ საზოგადოების თავშეყრის ადგილებს
მოერიდონ.
მასალის გამოყენების პირობები