საზოგადოება
ფლავი - მუსლიმი მესხების მთავარი საახალწლო კერძი და ტრადიციები (ფოტო/ვიდეო)
FaceBook
ახალი წლის აღნიშვნის პოეტური ტრადიცია სოფლის პროზაულ გარემოში იოლად ვერ შემოდის.
ამასთან ერთად, ზეიმი ოდნავ მოდუნებასაც ნიშნავს, ძირითადი საქმიდან მოწყვეტას. სოფელში ამის უფლებას თავს ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე საათით ადრე აძლევენ.


კამალოვების ოჯახში მელექს და იას ახალი  წელი განსაკუთრებით უხარიათ


კამალოვების მრავალშვილიან ოჯახში ნაძვის ხე ადრიანად მორთეს. ოჯახის უმცროსი წევრი,
მელექის ასაკში ეს მოლოდინი ნაკლებად ჰქონდა მელექის დედას - ლეიდას. მიუხედავად ამისა, სიურპრიზის გარეშე არც ის დარჩა.


მელექი საახალწლო სათამაშოებით ერთობა

ხუთი წლის იყო, როდესაც მისი ოჯახი ნალჩიკიდან საქართველოში დაბრუნდა. გადმოსვლის ყველაზე ნათელ მოგონებად პირველი ახალი წელი ახსოვს საქართველოში, დღე, როდესაც მეგრელმა ბებიამ ნაძვის ხე და საახალწლო სათამაშოები აჩუქა მათ ოჯახს.

"ეს იყო ყველაზე ნათელი და დიდი მოგონება, რაც ბავშვობიდან დამრჩა. მახსოვს ის გაოცება და სიხარული, რაც მაშინ ამ საჩუქარს ახლდა", - ყვება ლეიდა.


ნაძვის ხეს  ოჯახის დიასახლისი და ყველაზე პატარა წევრი რთავენ

მანამდე სხვა ცხოვრება ჰქონდა, სხვა ქვეყანაში. ნალჩიკში ასე არ აღნიშნავდნენ ახალ წელს. იქ ყოფა ნაცრისფერი იყო. ცხოვრება არც საქართველოში გადმოსვლის მერე გაფერადებულა, თუმცა დაბრუნებამ მოიტანა სტაბილურობის განცდა, რომ არსად წასვლა და მოგზაურობა ოჯახს აღარ დსაჭირდებოდა. უცნობმა სამშობლომ თავშესაფარი და ცხოვრების სხვა წესი დაახვედრა.

ლეიდას სახლში გაწყობილ ნაძვის ხეზე საახალწლო სათამაშორებიდან ბევრი ბავშვობის და ყმაწვილქალობის პერიოდისაა შემორჩენილი. წარსულის მოგონების ნიშნად, რომელიც ტკბილ-მწარე კადრებად ჩარჩა ლეიდას მახსოვრობაში.



ამ ამბის შემდეგ წლები გავიდა და დღეს მისთვის ახალი წელი შრომასთან უფრო ასოცირდება, ვიდრე ზეიმთან. მთელი მისი შეგნებული ცხოვრება ოთხ შვილსა და ნათსავებზე  ზრუნვა, პასუხისმგებლობა და ტვირთის ტარებაა. 16 წლის ასაკში მოეკიდა ოჯახს, ამის შემდეგ, თითქმის 25 წელი, არ გაჩერებულა. შეჩერების და ცხოვრების გადახედვის დრო არც ამ ახალ წელს ექნება.

პასუხისმგებლობები არ აკლია 16 წლის იასაც, ლეიდას შუათანა გოგონას. ისიც  საქმეს მეტს ივალებს და ნაკლებს ფიქრობს გართობაზე. მხოლოდ ახალ წელს აძლევს მცირე ხნით დასვენების უფლებას თავს. 

ლეიდას სურვილი დიდი აქვს, წელს, ახალი წლის დადგომა, სხვანირად აღნიშნოს - მისი ყველა ატრიბუტიკით. მან, ოჯახში თოვლის ბაბუას სტუმრობის და საჩუქრების ტრადიცია უნდა დაამკვიდროს. ლეიდა თავად აპირებს თოვლის ბაბუობას. მისმა ნაბოლარა მელექმა ბოლომდე რომ მიიღოს ის სიხარული, რაც ახალ წელს ახლავს.

მუსლიმი მესხების ახალი წელი არაფრით განსხვავდება მათი ქრისტიანი მეზობლების ახალი წლისგან. იქამდე მათაც ორი ახალი წელი აქვთ. ბაბუების თაობა მხოლოდ ძველით ახალ წელს სცნობს და მის ნამდვილობაზე დაობს.

"ოფიციალურად" ახალი წელი მუსლიმი მესხებისთვისაც გრეგორიანული კალენდრით დგება.

"სხვა“ ახალი წელი ჩვენთან არ აღინიშნება", -ამბობს სოფლის უხუცესი მალხაზ ბაგბანოვი.

მესხური სოფელი საქართველოსთან და დანარჩენ მსოფლიოსთან ერთობას კალენდრითაც ინარჩუნებს.


ბაგბანოვებთან ახალი წლის მთავარ ატრიბუტს  პატარები დედასთან ერთად აწყობენ

მალხაზ ბაგბანოვს და მის დიდ ოჯახს ყაზახეთში მოუწია ცხოვრება, შემდეგ რუსეთში, ბოლოს საქართველოში. საბჭოთა რეპრესიულმა მანქანამ ბევრი რამ წაართვა. სხვადასხვა მხარეებში ცხოვრება მიუსაჯა. იმ ადგილებში, რაც მათი არჩევანი არ იყო. ამ მოგზაურობებს რაღაც კარგი მაინც ახლდა, ოჯახმა ყველა ამ ქვყნიდან რაღაც ტრადიცია წამოიღო - თუნდაც იქაური სამზარეულოს წესები.
ეს წესი ვრცელდება ბაგბანოვების ყველა მეზობელზე, რადგან მათაც იგივე გზა განვლეს – გადასახლებაში, მოგზაურობაში და უკან.


ბაგბანოვების ოჯახი


ბავშვები ყოველ 10 წუთში ინტერესდებიან, რა ეტაპზეა საახალწლო სუფრის სამზადისი

მეცხრე უბნის მცხოვრებლების საახალწლო სუფრა ძალიან მრავალფეროვანია. მდიდარია როგორც ქართული, ასევე ევროპული და აზიური კერძებით.

მესხების მთავარი საახალწლო კერძი ხორციანი ფლავია. თუმცა, სუფრაზე საცივიც აქვთ. 



"უზბეკური ფლავი ჩვენი სადღესასწაულო კერძია. ასევე ტრადიციად იქცა ბატის კერძი საახალწლო სუფრაზე", - ამბობს მალხაზ ბაგბანოვი.
ფლავი საზეიმო სუფრის დამამშვენებელია იქნება ეს ყურბან–ბაირამი, ქორწილი, დაბადების დღე თუ სხვა მნიშვნელოვანი თარიღის აღნიშნვნა.

თუმცა, მესხურ საახალწლო მენიუში ძირითადი კერძები მაინც ქართულია. მათი ისტორიული სამშობლოს სამზარეულოსთან მესხი ქალები უცებ გაშინაურდნენ და მალევე ისწავლეს.


მესხების სახალწლო სუფრის მთავარი კერძი ფლავია

ქართულ ტრადიციებთან ადაპტირება არ გაჭირვებიათ, იმიტომ რომ არც დაუკარგავთ, მხოლოდ გარკვეული სახეცვლა განიცადა, ან სხვა სახელი მიეცა.
"ხინკალს ვამზადებთ ხშირად, ისიც საზეიმო კერძია", – ამბობენ მესხები.



მესხურ სოფელში ახალი წელი არ ჩაივლის ე.წ. ქუდის ტრადიციის გარეშე, სადაც მთავარი პერსონაჟები ბავშვები არიან.
ბავშვებს მამების ან ბაბუების ქუდი გააქვთ ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე საათით ადრე, ჩამოუვლიან მეზობლებს, ნათესავებს და ისინიც ქუდში უყრიან ტკბილეულს, ხილს.

"თქვენებური ალილოს მსგავსია", -ამბობს მალხაზი. '

ბავშვები მოგროვილ "ქონებას" ერთმანეთში ინაწილებენ. ან მას ურიგებენ ვისაც არა აქვს ტკბილეულის შეძენის შესაძლებლობა, თუმცა მესხურ სოფელში ასეთი თითქმის არავინაა. მათი მთავარი "რელიგია" შრომისმოყვარეობაა, რომელიც უქონელს არავის ტოვებს.



მესხურ სოფელში ქველმოქმედებას სხვანაირად უყურებენ. მას "კალენდარულად" არ განიხილავენ.



"თუკი ადამიანს აქვს საშუალება ყოველთვის უნდა დაეხმაროს მას, ვისაც არა აქვს შესაძლებლობა, ამისთვის ახალი წელი ან სხვა დღესასწაული რა საჭიროა?!", - უკვირს ლეიდას.

მესხები ზრუნავენ ერთამენთზე. გამორჩეული მზრუნველობა ვრცელდება შინაურ ცხოველებზეც. შინაური ცხოველი ოჯახის წევრია თავისი მნიშვნელობით.

"თუკი საქონელი მაძღარი და კმაყოფილია ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენც არ დავრჩებით შემოსავლის გარეშე, ამიტომ მნიშვნელოვანია მათი კარგად ყოფნა", - ამბობს მალხაზი.

მესხებში ახალი წლის შეხვედრის ტრადიციებს ნაკლებად განსაზღვრავს ცრუ მოლოდინი. ისინი ციდან არაფერს ელიან, მათ შორის არც ირმებიან თოვლის ბაბუას.  მათ სჯერათ საკუთარი თავის და კანონზომიერების  - სამყაროსთვის რასაც გაიმეტებ იგივე დაგიბრუნდება. 

ავტორები:   ეკა კუხალაშვილი
თეკლე მორგოშია


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის
სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა
სჭირდება.
11:32 / 11.10.2024
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.